რიონისპირელებს მხოლოდ დაუმარცხებელი თბილისის "დინამო" უსწრებს, რომელიც წლეულს "ქუთაისის" უპირველესი კონკურენტია.
მიმდინარე ჩემპიონატსა და მოქმედი ჩემპიონის გეგმებზე "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში გვესაუბრა.
- გასული სეზონი "ქუთაისისთვის" წარმატებული გამოდგა, გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა და ქორქია-საკანდელიძის სახელობის თასს დაეუფლა. როგორ შეადარებთ შარშანდელ და ახლანდელ გუნდებს და შეუძლია
- ვფიქრობ, შემადგენლობის მხრივ ახლა უფრო კარგად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს, თუნდაც ახალი კალათბურთელებიდანაც გამომდინარე. გიორგი ცინცაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ დავიმატეთ, ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა. სწორედ მისნაირი ძლიერი და გამოცდილი გამთამაშებელი გვჭირდებოდა და მიხარია, რომ "ბუ" ჩვენს გუნდში ჩაირიცხა. გამთამაშებლის პოზიციაზე საქართველოში ამ დონის კალათბურთელის პოვნა ძალიან რთულია. ცინცაძე საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშეა და "ქუთაისსაც" დიდ სარგებელს მოუტანს.
სეზონის დასაწყისში დამატებული სერბი ლეგიონერი დრაგან ტუპაკი ტრავმის გამო ჯერჯერობით გუნდს სათანადოდ ვერ დაეხმარა, მაგრამ მისი ძალიან მეიმედება. ტუპაკის დაბრუნების შემდეგ ფარქვეშ კიდევ უფრო გავძლიერდებით.
ვფიქრობ, კარგად დაკომპლექტებული და ძლიერი გუნდი ვართ, მაგრამ შარშან, ამ პერიოდისთვის უკეთეს ფორმაში ვიყავით. ახლა გარკვეული პრობლემები გვაქვს, რის აღმოფხვრაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ. მჯერა, "ქუთაისი" მალე უკეთ ათამაშდება. ქორქია-საკანდელიძის მემორიალისთვის, რომელიც მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ქუთაისში გაიმართება, გაცილებით უკეთესად ვიქნებით შეთამაშებულნი და თასის მოგებასაც შევეცდებით.
- "ქუთაისის" სათადარიგოთა სკამზე რას იტყვით, თითქოს სათადარიგოებს წლეულს უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლევათ...
- ხარისხი გაიზარდა, თორემ შარშანაც თანაბრად იყო განაწილებული სათამაშო დრო. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ის რეზერვი, რომელიც გუნდს გააჩნია. არიან კალათბურთელები, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ გახსნილან და გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. გიორგი ცინცაძე პირველივე დღიდან "ქუთაისის" ლიდერად იქცა, მაგრამ ის გუნდში ახალი მოსულია და ყველა მოთამაშესთან ჯერ კიდევ არ გამოუძებნია საერთო ენა. გუნდის შეთამაშებას გარკვეული დრო სჭირდება და მჯერა, რომ "ქუთაისი" ფორმის პიკს მალე მიაღწევს.
- ქუთაისმა წლევანდელი სეზონი, ცოტა არ იყოს, "მძიმედ" დაიწყო...
- სუპერლიგას, შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - თბილისის "დინამო". სწორედ მასთან დავმარცხდით სუპერთასზე და დუდუ დადიანის მემორიალზე. ამას სუპერლიგის პირველ ტურში "კაკტუსთან" მარცხი მოჰყვა. შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ და ახლა მეორე ადგილზე ვიმყოფებით.
- "დინამო" წლეულს ძალიან გაძლიერდა და როგორ ფიქრობთ, რას დაუპირისპირებთ ამ გუნდს და შეძლებთ თუ არა ისევ ჩემპიონობისთვის ბრძოლას?
- როგორც აღვნიშნე, "დინამო" ჩემპიონატის უდავო ფავორიტია. ჩვენი მიზანი სუპერლიგის მოგებაა და ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი მეტოქე სწორედ ირაკლი ხოშტარიას გუნდი იქნება.
დინამოელებთან უკვე ჩავატარეთ ორთამაშ-ნახევარი... ორ შეხვედრაში მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა, მესამე დაპირისპირებაზე კომენტარის გაკეთება კი ძალიან რთულია. მართალია, ვაგებდით, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, რაც კალათბურთში თამაშის შემოსაბრუნებლად საკმარისზე მეტი დროა, მით უმეტეს, როცა საკუთარ კედლებში თამაშობ... საბოლოოდ რაც მოხდა, ყველამ ვიცით, მსაჯებმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და წაგება ჩაგვეთვალა.
მიუხედავად იმისა, რომ წლეულს "დინამოს" ვერ მოვუგეთ, ჩემს გუნდს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დინამოელებს მიმდინარე გათამაშებაში კონკურენცია გავუწიოთ.
- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "დინამოსთან" შეწყვეტილი მატჩის მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს?
- სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, საქართველოს არაერთ გუნდში ვითამაშე. ჩვენი კალათბურთის და ქართული სპორტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო გულშემატკივრის ნაკლებობა. დღეს ქუთაისში დარბაზი სისტემატურად ივსება. იმედი მაქვს, რომ მალე სხვაგანაც ასეთი გულშემატკივრობა იქნება.
ნამდვილად არ იყო კორექტული, რაც "დინამოსთან" თამაშის მიმდინარეობისას მოხდა, როცა დარბაზში ბოთლი ისროლეს, მაგრამ, ამავდროულად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ არსებობს არცერთი მიზეზი, რის გამოც ამ ფაქტის გამართლება შეიძლება, მაგრამ აღნიშნული მატჩის თითოეულმა მონაწილემ უნდა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა... მარტო ქომაგისკენ ხელის გაშვერა არასწორი იქნება.
- დისციპლინარებმა "ქუთაისს" მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარების ვერდიქტი გამოუტანეს, თუმცა გულშემატკივრების გარეშე მაინც არ დარჩენილხართ, ფანები თავსხმა წვიმაში სპორტის სასახლის გარედან გამხნევებდნენ...
- "ქუთაისის" გულშემატკივრების ერთგულება მისაბაძია. მეორე სეზონია ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, მანამდე აქ მეტოქის რანგში ჩამოვდიოდი და ყოველთვის მხიბლავდა ის ემოციური გარემო, რასაც აქ ვუყურებდი. ქომაგისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობთ. "კაკტუსთან" გარედან გვგულშემატკივრობდნენ და ბიჭებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ მათი გარჯა დაეფასებინათ. სხვათა შორის, ქუთაისელებმა "ბათუმის" გულშემატკივრებიც აიყოლიეს, რომლებიც ორგანიზებულად ქომაგობენ თავიანთ კლუბს. იმედი მაქვს, რომ იგივე იქნება რუსთავსა და თბილისის კლუბებშიც.
- "დინამოზე" ზემოთ ვისაუბრეთ. სხვა გუნდებზე რას იტყვით, კიდევ ვინ მიგაჩნიათ მიმდინარე სეზონში თქვენს კონკურენტად?
- "დინამო" დამაჯერებლად ლიდერობს სუპერლიგას. მეორეზე ჩვენ ვართ, შემდეგ კი "ბათუმი" და "რუსთავი" მოდიან, რომლებსაც შეუძლიათ მომატება და ჩვენთვის დიდი წინაააღმდეგობის გაწევა. დანარჩენ გუნდებს დრო სჭირდებათ და თავიანთ თამაშს რომ იპოვიან, მათგანაც საკმარისზე მეტ ხიფათს ველით.
- გაძლიერებას თუ აპირებთ?
- ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი და ახლაც იმ აზრზე ვრჩები, რომ ჩემპიონის ტიტულის დასაცავად მაქსიმალურად მზად ვართ. შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, თითოეულ პოზიციაზე კარგი კალათბურთელები გვყავს. ვფიქრობ, შეგვწევს ძალა, რომ ნებისმიერ მეტოქეს გავუწიოთ წინააღმდეგობა და კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ ჩემპიონობა.
- მომდევნო ტურში (9 დეკემბერს) "რუსთავს" ხვდებით. როგორ შეაფასებთ თქვენს მომავალ მეტოქეს?
- "რუსთავი" ძალიან კარგი გუნდია, ბევრი ახალი კალათბურთელი ჰყავს. საკუთარ დარბაზში უფრო სახიფათონი არიან, მაგრამ ქუთაისშიც ძალიან დაძაბული ბრძოლის მოლოდინში ვართ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"