რთული ჯგუფია, მაგრამ... ილიას ზუროსი მსოფლიოს თასის წილისყრაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება. კვირას, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულმა წილისყრამ მეტოქეები გაარკვია: ოთხგუნდიან ჯგუფში ჩვენთან ერთად ითამაშებენ სერბები, გერმანელები და ერთი გუნდი საკვალიფიკაციოდან.

რადგან მსოფლიოს შესარჩევამდე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი უწევს, დღეს სამუნდიალო ჯგუფში შეკრებილი გუნდების ძალთა თანაფარდობაზე მხოლოდ ზოგადი მსჯელობა შეგვიძლია.

საქართველო

ფიბა-ს რეიტინგი 47
ფიბა-ს წევრი 1992-დან
მწვრთნელი ილიას ზუროსი
ევრობასკეტი
ითამაშა 3-ჯერ (პირველად 2011)

მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს კონტრაქტი ორწლიანი აქვს - შესარჩევი, პლუს ევრობასკეტი. დარჩება თუ არა ჩვენთან მსოფლიოს თასისთვის?

დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ - უნდა
დარჩეს, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ხომ შესარჩევი ეტაპი ეფექტურად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავიდა.

მსოფლიოს თასის შესარჩევის ახალი სისტემის გამო თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნაკრებებს ვერ დაეხმარებიან NBA-ს კალათბურთელები. ნოემბერსა და თებერვალში მათ ამერიკული კლუბები ნამდვილად არ გამოუშვებენ.

ზაზა ფაჩულია კვლავ NBA-ში რომ ითამაშებს, ყველამ კარგად ვიცით. ვინ შეუერთდება მას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში? თორნიკე შენგელია? იქნებ გიორგი შერმადინიც?

დღეს შემადგენლობაზე საუბარი ძალიან ადრეა. უმჯობესია, მოვისმინოთ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის მოსაზრება:

- მართალია, ჯერ არ ვიცით მეოთხე გუნდის ვინაობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. სერბეთი და გერმანია სერიოზული გუნდებია. თუმცა საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ნაკრებებზე მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ახალი სისტემა.

მატჩები ნოემბერში, თებერვალსა და ივნისში გაიმართება. შუა სეზონში გამოუშვებენ კალათბურთელებს NBA-ს გუნდები? ამის გამო ევრობასკეტის შემდეგ ნაკრებები შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. მაგალითისთვის სერბეთი ავიღოთ: ლაპარაკია ტეოდოშიჩისა და ბოგდანოვიჩის NBA-ში გადასვლაზე. თუ ასე მოხდა, ვინ შეცვლის მათ?


გაინტერესებთ, კიდევ რა გვითხრა ილიას ზუროსმა? - ინტერვიუ 10 მაისის "ლელოში" იხილეთ.

სერბეთი
ფიბა-ს რეიტინგი 3
ფიბას წევრი 1992-დან
მწვრთნელი საშა ჯორჯევიჩი
ოლიმპიადა
ითამაშა 4-ჯერ
მედლები ვერცხლი: 1996, 2016
მსოფლიოს თასი
ითამაშა 5-ჯერ
მედლები ოქრო: 1998, 2002
ვერცხლი: 2014
ევრობასკეტი
ითამაშა 12-ჯერ
მედლები ოქრო: 1995, 1997, 2001
ვერცხლი: 2009
ბრინჯაო: 1999

წილისყრისას პირველი კალათიდან საქართველოს ნაკრებს ესპანეთი, საფრანგეთი, ლიტვა ან სერბეთი უნდა შეხვედროდა. ესპანელებს 2013 წლის ევრობასკეტზე დავუპირისპირდით, ლიტველები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში გვყავს, სერბეთის ჯერი იყო.

ეს ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ნაკრებია. ამიტომ რთულია იმის თქმა, როგორი გუნდი იქნება შესარჩევზე. მხოლოდ ის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის ფავორიტია.

მთავარი მწვრთნელი საშა ჯორჯევიჩი მეტოქეებზე მეტად შეჯიბრების სტრუქტურაზე ლაპარაკობს:

- ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იქნება. თუმცა საამისოდ უამრავი ნიუანსის გათვალისწინება გვმართებს. შესარჩევის ახალ სისტემასთან დაკავშირებით შესაძლოა გუნდებს წამყვანი კალათბურთელები დააკლდნენ, რამაც საბოლოო შედეგზე იქონიოს გავლენა. ჩვენ ჩვენს "თეფშში" უნდა ჩავიხედოთ, ვეცადოთ, ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბოთ, რაც მსოფლიოს თასზე მოხვედრას გაგვიადვილებს.

ამხანაგური მატჩი
2013 წელი, საფრანგეთი.
საქართველო-სერბეთი 75:71
14:17, 13:25, 26:10, 22:19
საქართველო: ცინცაძე (34 წთ, 17ქ, 3მ, 5პ, 4ჩ), მარკოიშვილი (32 წთ, 11ქ, 4მ, 2პ, 3ჩ), ფაცაცია (25 წთ, 6ქ, 3პ), სანიკიძე (19ქ, 6მ, 2დ), შერმადინი (28 წთ, 7ქ, 12მ); სანაძე (15 წთ, 3ქ, 3მ), ცქიტიშვილი (14 წთ, 2ქ, 3მ), ბურჯანაძე (8 წთ, 3ქ), ლეჟავა (10 წთ, 4ქ), ფხაკაძე (4 წთ, 3ქ).
სერბეთი: ბოგდანოვიჩი (12ქ), ბიელიცა (8ქ), მარკოვიჩი (3ქ, 7მ), კალინიჩი (2ქ), ნენად კრსტიჩი (14ქ, 2მ); ნემანია კრსტიჩი, დანგუბიჩი, მიტროვიჩი (4ქ), ანჩუსიჩი (34ქ), შტიმაცი (10ქ), მიჩიჩი (5ქ).

გერმანია
ფიბა-ს რეიტინგი 29
ფიბა-ს წევრი 1934-დან
მწვრთნელი კრის ფლემინგი
ოლიმპიადა
ითამაშა 5-ჯერ
მსოფლიოს თასი
ითამაშა 5-ჯერ
მედალი ბრინჯაო: 2002
ევრობასკეტი
ითამაშა 24
მედლები ოქრო: 1993
ვერცხლი: 2005

გერმანიის ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზეც ჩვენი მეტოქეა. "ატლანტას" გამთამაშებელმა დენის შრიოდერმა თქვა - ევრობასკეტზე აუცილებლად ვითამაშებო. სერიოზული ბრძოლა გველის, თუმცა შრიოდერი მსოფლიოს შესარჩევზე აღარ იქნება. მთავარ მწვრთნელს გუნდის გადაწყობა მოუწევს, მაგრამ არჩევანში შეზღუდული ნამდვილად არ იქნება - გერმანიაში ბევრი კარგი კალათბურთელია და ამ ქვეყნის გუნდებიც რეგულარულად თამაშობენ ევროლიგაზე.

გერმანელებთან ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს ჩატარებული. ორივეში დავმარცხდით. რევანშისა და გადასწრების შანსი 2017-18 წლებში გვექნება: ჯერ ევრობასკეტზე ვეთამაშებით ერთხელ, შემდეგ - მსოფლიოს თასის შესარჩევზე ორჯერ.

საკვალიფიკაციო
ჩვენი გუნდის მეოთხე მეტოქე საკვალიფიკაციომოვლილი ნაკრები იქნება. ეს შეჯიბრება აგვისტოში გაიმართება და მასში ნამდვილად არ არიან ხელწამოსაკრავი გუნდები: ბოსნია, ბულგარეთი, მაკედონია, ბელორუსი...

საკვალიფიკაციოზე გუნდები ოთხ სამგუნდიან ჯგუფად არიან გაყოფილნი. მომდევნო ეტაპზე პირველ-მეორეები გავლენ. საქართველოს ნაკრების ჯგუფში ოთხიდან ერთ-ერთი მეორეადგილოსანი მოხვდება.

კალენდარი, საქართველო
24 ნოემბერი
გერმანია-საქართველო

27 ნოემბერი
საქართველო-სერბეთი

22 თებერვალი
კვალიფიკაცია-საქართველო

25 თებერვალი
გერმანია-საქართველო

29 ივნისი
სერბეთი-საქართველო

2 ივლისი
საქართველო-კვალიფიკაცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული