მბენგა მოდის!

AutoSharing Option
შარშან ზაფხულში თბილისში ჩამოსულმა ბელგიის ნაკრების თავკაცმა ედი კასტელსმა გვითხრა, დიდიე მბენგა მოდისო, ალბათ ეგონა ქართველებს შეაშინებდა.

რეალურად ეს კალათბურთელი საქართველოში არ ჩამოუყვანია. მბენგა NBA-ს მოთამაშეა, 2009-10 წლების სეზონში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავდა, ხოლო შარშან "ნიუ ორლეანში" თამაშობდა. მართალია, 30 წლის ცენტრმა შარშან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშა, მაგრამ წლეულს ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად დაგვიპირისპირდება.

საქმე ისაა, რომ დიდიე მბენგა კონგოშია დაბადებული და 2004 წელს ბელგიაში ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა. მაშინ იგი კალათბურთს არ თამაშობდა და სწორედ ამიტომ, ამა წლის გაზაფხულზე
ბელგიის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ფიბას თხოვნით მიმართა - მბენგა ნატურალიზებულ კალათბურთელად არ ჩაგვითვალოთ და ნაკრებში თამაშის ნება დართეთო.

ფიბამ ეს საკითხი განიხილა და ბელგიელებისთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მბენგა "ლომებში" როგორც ბელგიელი ისე ითამაშებს. შედეგად, ნაკრების მწვრთნელ ედი კასტელსს ნატურალიზებული მარკუს ფეისონის გამოყენების საშუალებაც მიეცემა.

სხვათა შორის, შარშან მარკუსმა დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში. მან გასული სეზონი ბელგიურ "ოოსტენდეში" გაატარა, თუმცა მომავალ წელს გუნდში დარჩენას აღარ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული