გიორგი ცინცაძე: კოკოშკოვზე ბევრისგან განსხვავებულს ვიტყვი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გუშინ საკალათბურთო აკადემიას სტუმრობდა. იგი პატარა სპორტსმენებს შეხვდა, საკუთარი ცოდნა გაუზიარა, ავტოგრაფები დაურიგა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

მოზარდი კალათბურთელები ნაკრების მოთამაშის სტუმრობამ მეტად გაახარა. თავის მხრივ, გიორგიც დადებითად დაიმუხტა.

- ჩემს პატარაობაში ასეთი შეხვედრები არ გვქონია, არადა ნებისმიერი პატარისთვის საინტერესოა ნაკრების წევრთან შეხვედრა და მასთან ერთად ვარჯიში. არ მეგონა ამდენი ბავშვი თუ დამხვდებოდა, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა. იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრა პატარებისთვის დამატებითი სტიმული იქნება.

მათ ჩემს შესახებ მოვუთხრე: ვუთხარი, რომ მეც "აკადემიაში"
ვვარჯიშობდი და სწორედ აქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალ კალათბურთელად. სათანადო შრომის შედეგად ბევრის მიღწევა შეიძლება - მეთქი.

მსგავსი შეხვედრები მხოლოდ საკალათბურთო აკადემიებში როდი უნდა ტარდებოდეს. კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა და მისი პოპულარიზაცია აუცილებელია. მის შესახებ მეტი უნდა გაიგოს ხალხმა.

- მაკედონიასთან მატჩში ტრავმირებულ მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- ოპერაცია კაუნასში გავიკეთე. აღდგენითი პროცესით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, შემდეგშიც ყველაფერი კარგად წარიმართება. იანვრის ბოლოს ისევ ლიტვაში ჩავალ, გამოკვლევას ჩავიტარებ და მაშინ მეტყვიან, ზუსტად როდის შემეძლება ვარჯიშის დაწყება.

- ლიტვაში ჩვენი ნაკრების გამოსვლას როგორ აფასებდნენ?
- ინტერესი დიდი იყო. მაგალითად, ლიტვაში ოპერაციის შემდეგ ადგილობრივი ჟურნალისტები მოვიდნენ, საქართველოს ნაკრებსა და ჯანმრთელობაზე მკითხეს. ესტონეთიდანაც დამირეკეს. საქართველოდან კი ერთი ჟურნალისტი არ შემხმიანებია.

- გასულ კვირას იგორ კოკოშკოვს კონტრაქტი გაუგრძელეს. როგორ აფასებ ამ მოვლენას?
- ბევრისგან განსხვავებულს ვიტყვი - იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში უნდა დარჩენილიყო. ამას დიდი მსჯელობა და ლაპარაკი არ სჭირდებოდა. შესაძლოა, იგი მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ნაყოფიერად იმუშავა, ყველა მიზანი შეასრულა.

არ არსებობდა ლოგიკა, რომლის მიხედვითაც იგორ კოკოშკოვს ჩვენს ნაკრებში მუშაობა არ უნდა გაეგრძელებინა. რაც მთავარია, მისი ჩვენს გუნდში დარჩენა ნაკრების წევრებისთვისაც უკეთესია.

- ნატურალიზებულ კალათბურთელზე რა აზრისა ხარ?
- ეს კითხვა გადაცემა "არენაშიც" დამისვეს. ჩემი პასუხი ასეთია: კლუბსა თუ ნაკრებში როცა უცხოელი მიდის, ადგილობრივებზე უკეთესი უნდა იყოს. უნდა იცოდე, რომ ახალწვეული მაღალი კლასისაა და ეს ნაკრებში მოსვლამდე, საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ჰქონდეს დამტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოელის ჩამოყვანას აზრი არა აქვს.

- კარიერის გაგრძელებას სად აპირებ?
- ჯერ ტრავმა სრულად არ მომიშუშებია და ზუსტად ვერ ვიტყვი. სადღეისოდ ერთი შეთავაზება მაქვს იტალიიდან, მაგრამ ტრავმის გამო ვერ წავალ. როცა ფეხს საბოლოოდ მოვიშუშებ, არა მგონია, ასეთი წინადადება მაშინაც მქონდეს, რადგან აპრილიდან ევროპის ქვეყნებში პლეი ოფები იწყება და ახლად მორჩენილ კალათბურთელს საპელიოფოდ არავინ წაიყვანს. ამიტომ საქართველოში ვაპირებ თამაშს.

ამჟამად "ოლიმპთან" ერთად მსუბუქად ვვარჯიშობ, გუნდთან კონტრაქტი არ გამიფორმებია, თუმცა ტრავმის მოშუშების შემდეგ, სავარაუდოდ "ოლიმპში" ვითამაშებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული