- საწყის ეტაპზე ყურადღებას ფიზმომზადებაზე ვამახვილებთ. დღეგამოშვებით ტრენაჟორების დარბაზში ვვარჯიშობთ. იქიდან გამოსვლის შემდეგ ბურთით ვემზადებით. მეორე დღეს კი სირბილზე ვამახვილებთ ყურადღებას, - გვითხრა მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა და დასძინა:
- ფიზმომზადების საწვრთნელ პროცესს ავთანდილ ბერიძე და სერბი სპეციალისტი ალექსანდრ ჩვოროვიჩი ხელმძღვანელობენ.
ბატონ ავთოს ყველა კარგად იცნობს, რაც შეეხება მოწვეულ მწვრთნელს, იგი მაღალი კვალიფიკაციისაა და, რაც მთავარია, ბოლომდე ენდობა იგორ კოკოშკოვი.
ალექსანდრ ჩვოროვიჩმა მესამედაც სცადა, მაგრამ ბურთი კალათმა არ მიიღო... თუნდაც ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ნაკრებში ხალისიანი განწყობაა.
არადა, კალათბურთელები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და სერიოზული დატვირთვების ატანა უწევთ.
როდესაც კოტე ტუღუშს მზადების გეგმაზე ვკითხეთ, გვიპასუხა: დატვირთვები მომდევნო კვირიდან იქნებაო. ცხადია, ეს ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი, რადგან გუნდი ისედაც საკმარისად იტვირთება.
დავუბრუნდეთ ნიკა ცქიტიშვილს, რომელსაც კუნთი ჰქონდა გაჭიმული და ვარჯიში ვერ ჩაამთავრა. დრო მოვიხელთეთ და საკლუბო ამბებზე ვკითხეთ.
- ლიბანში ჩემპიონატი არ დასრულებულა, ისე შეწყდა. მეოთხედფინალში ჩვენთან სათამაშოდ "ამჩიტი" სამჯერ არ გამოცხადდა და კალათბურთის ფედერაციამ წაგება ჩაუთვალა.
ჩემი გუნდი, "ჩამპვილი" ნახევარფინალს თამაშობდა, როცა "ამჩიტის" ხელმძღვანელობამ ფედერაციაში საჩივარი შეიტანა - "ჩამპვილს" ჩვენთვის არ მოუგიაო.
ამ გარჩევას ჩემპიონატის ჩაშლა მოჰყვა. ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი ლამაზ ადგილას, ზღვისპირეთშია გაშენებული და დასვენება მეტ-ნაკლებად კარგად მოვასწარი.
სანაკრებო შეკრებას ახალი ენერგიით შევხვდი და იმედი მაქვს, საჭირო დროს სასურველ ფორმაში ვიქნები.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე კი ვარჯიშობდა, მაგრამ ხელის ნეკი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული.
კუნთი აქვს გაჭიმული გიორგი ცინცაძეს და ნაკრების ექიმების მეთვალყურეობით მკურნალობს.
ასევე მცირე ტრავმა აქვს მანუჩარ მარკოიშვილს, რომელიც უკრაინაშია და საქართველოში 20 ივლისამდე ჩამოვა.
სადღეისოდ საწვრთნელ პროცესში ჩართულნი არიან: ბექა ჩიკვილაძე, გიორგი შარაბიძე, ბესო ლეჟავა, ნიკა მეტრეველი, რიჩარდ მათიაშვილი, დუდა სანაძე, ლევან ფაცაცია, ანატოლი ბოისა, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი შერმადინი, ვიქტორ სანიკიძე, მერაბ ბოქოლიშვილი და ბექა ბურჯანაძე.
მათ მალე ცინცაძე და მარკოიშვილი დაემატებიან, ხოლო 25 ივლისს სტამბოლის აეროპორტში გუნდს თორნიკე შენგელია შეუერთდება, რომელიც ამჟამად "ბრუკლინ ნეთსის" მაისურით ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე ასპარეზობს.
- ნაკრები საბოლოო სახეს 26 ივლისისთვის მიიღებს - სლოვენიაში შემოგვიერთდება ორი ამერიკელი, რიკი ჰიკმანი და ლუკ ზელერი, - დასძინა კოტე ტუღუშმა.
ეროვნულ გუნდს სლოვენიაშივე დახვდება მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და 6 აგვისტომდე ქალაქ პოდჩეტრტეკში დარჩება. მოსამზადებელი გეგმის მომდევნო ნაწილს ქვემოთ გაეცნობით.
მზადების გეგმა
8-24 ივლისი
ვარჯიშები ფიზიკურ მომზადებაში. თბილისი
25 ივლისი - 6 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში, სლოვენია
7-9 აგვისტო
ტურნირი ქ. ტრენტოში, იტალია.
მონაწილეობენ: საქართველო, იტალია, პოლონეთი, ისრაელი
10-13 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში, სლოვენია
13 აგვისტო
ამხანაგური მატჩი: საქართველო-ბოსნია, ქ. ცელიეში, სლოვენია
14 აგვისტო
ამხანაგური მატჩი: საქართველო-ბოსნია, ქ. იესენიცეში, სლოვენია
16-17 აგვისტო
საერთაშორისო ტურნირი ქ. ანტიბში, საფრანგეთი.
მონაწილეობენ: საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი
18-24 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება თბილისში
25-28 აგვისტო
საერთაშორისო ტურნირი ქ. თელ-ავივში, ისრაელი.
მონაწილეობენ: საქართველო, ისრაელი, ლატვია,
მეოთხე გუნდი ჯერ უცნობია
1 სექტემბერი
ამხანაგური მატჩი: ლიტვა-საქართველო, ქ. კაუნასში, ლიტვა
2 სექტემბერი
გამგზავრება სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"