ევრობასკეტი. მოსაზრება უკანახაზელებზე: ვისზე ნაკლებები ვართ? (ნაწილი II)

AutoSharing Option
ამ სტატიის პირველ ნაწილში (იხილეთ ვრცლად)  გავაანალიზეთ ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქეების უკანა ხაზი.

დავინახეთ, რომ თუნდაც ამ კომპონენტის მიხედვით ჯგუფიდან გამსვლელ სამ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა შეგვიძლია.

ახლა საკითხავია, რომელ კალათბურთელს რა ფუნქცია დაეკისრება. ერთი პატარა მაგალითი შორს მიმავალი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს:

2012 წლის 5 სექტემბერს, შესარჩევ ეტაპზე ბოსნიას ვუმასპინძლეთ. საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე მანუჩარ მარკოიშვილმა სამქულიანით 103:102 დაგვაწინაურა.

ორიოდე წამში მირზა ტელეტოვიჩმა ურთულესი პოზიციიდან სამქულიანი ჩააგდო და ბოსნიამ ორი ქულით გაგვასწრო.

მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე საქართველოს ნაკრების
უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა სამქულიანით სცადა თამაშის მოგება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

ნამატჩევს მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა აღნიშნა: პულენი ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყოო. შემდეგ გაირკვა, კომბინაცია ისე იყო ჩაფიქრებული, რომ ბურთი უნდა მიეღო ზაზა ფაჩულიას, რომელიც მარცხენა ფლანგზე გადავიდა და ნახევარი ბოსნია მას გადაჰყვა.

შესაბამისად, მარჯვნივ მარკოიშვილი თავისუფალ პოზიციაში დარჩა და პულენს პასი მისთვის რომ გადაეწოდებინა, მანუს სამქულიანის ტყორცნაც შეეძლო და ფარქვეშ შესვლისთვისაც დარჩებოდა დრო.

არ გეგონოთ, თითქოს წაგების ტვირთს ნატურალიზებულ ამერიკელს ვკიდებდეთ. მის ადგილას შესაძლოა, ქართველსაც სამქულიანი ესროლა, მაგრამ გამოცდილი კალათბურთელი (თუნდაც ამერიკელი ყოფილიყო) მარკოიშვილის მისამართით პასს თუ არ გაიმეტებდა, მეურვეს მოატყუებდა და ფარქვეშიდან "მშვიდ" ორქულიანს ჩააგდებდა (აკი გითხარით, ნახევარი გუნდი ფაჩულიას გადაჰყვა-თქო).

სწორედ ასე მოიქცა მაკედონიელი ბო მაკალები ევრო-2011-ზე, საქართველოს ნაკრებთან მატჩის ბოლო წამებზე - 65:63 გვაჯობა.

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა რიკი ჰიკმანი "მაქაბი"-"მონტეპასკის" შეხვედრის მსვლელობისას - სიენელთა ფარქვეშ შეძვრა და თელავიველებს სირენასთან ერთად გამარჯვების ორქულიანი მოუტანა.

მიხვდებოდით, რისი თქმაც გვსურს - ჰიკმანს საკმარისი გამოცდილება აქვს და იცის, უმაღლესი რანგის მატჩებში რა სიტუაციაში როგორ მოიქცეს.

რატომღაც, ჩვენს ნაკრებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ბოლო წამებზე თამაშს საკუთარ თავზე უცხოელი იღებს.

გავიხსენოთ ტაირონ ელისი და შვედეთთან მატჩი, ტორინ გრინი და ბულგარეთთან შეხვედრა... მაგრამ გვავიწყდება, რომ მარკოიშვილი "კანტუში" კრიტიკულ მომენტში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა.

ასე დაამარცხა მადრიდის "რეალი", ცოტა დააკლდა "ფენერბაჰჩესთან". სხვათა შორის, მანუ გამთამაშებლადაც ისეთივე სასარგებლოა, როგორც მსროლელად (ამის მაგალითი "კანტუსა" და "კიევის" თამაშებია), მაგრამ ჩვენი ნაკრების თავკაცს მსგავსი "ექსპერიმენტი" არ ჩაუტარებია.

...და გიორგი ცინცაძე? მან შორეულ 2008 წელს, ევროჩელენჯზე, ესტონური "ტარტუ როკის" მაისურით რუსულ "ურალ გრეიტს" მეოთხე პერიოდში 15 ქულა ჩაუგდო და გათამაშებიდან გამოაგდო.

შესძლებია? ეს მან წლეულსაც დაამტკიცა, "ბუდიველნიკის" შემადგენლობაში რიგ მატჩებში ლიდერობას კისრულობდა და უკრაინის ჩემპიონიც გახდა.

არის ერთი ოღონდ: საქართველოს ნაკრების მაისურით რომელიმე კალათბურთელი მოედანზე 35 წუთს რომ გაატარებს, ბოლო წამებზე ლიდერობის ტვირთის ასაღებად ძალა როგორ შერჩება?

მწვრთნელმა ეს წინასწარ უნდა განსაზღვროს და იცოდეს, ცინცაძეს რამდენი წუთი ჰყოფნის დასასვენებლად, მარკოიშვილს - რამდენი და ა.შ. უკრაინის ჩემპიონატში "ბუდიველნიკის" მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა ერთ-ერთ სერიოზულ მეტოქესთან შეხვედრის პირველ ტაიმში გიორგი ცინცაძე მხოლოდ 5 წუთი ათამაშა.

გაგიკვირდებოდათ, რადგან "ბუდიველნიკში" გიორგიმ მოკლე დროში კარგად გაისარჯა. თურმე ბაგაცკისს სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა: პირველ ტაიმში ქართველი პლეიმეიქერი დაასვენა, რომ მეორეში სრულად დაეტვირთა - ასეც მოხდა, მესამე პერიოდის შუაში მოედანზე რომ შეიყვანა, მას მერე აღარ გამოუცვლია და კიეველებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს.

* * *

2012 წელს, შესარჩევზე საქართველოს ნაკრები იოლად გასაშიფრი გუნდი იყო: ყველა მეტოქემ იცოდა, რომ ძირითადად 6 კალათბურთელით თამაშობდა და მეოთხე პერიოდში ისეთივე ტემპში ვერ დარბოდა, როგორც დასაწყისში.

ამიტომ წავაგეთ ბოლო პერიოდები ლატვიასთან, ბოსნიასთან, ჰოლანდიასთან... ისიც ყველამ იცოდა, რომ ბურთი ცინცაძეს უნდა გაეთამაშებინა და როცა ისვენებდა, პლეიმეიქერობას ჯეიკობ პულენი კისრულობდა...

მეტოქეთათვის ცნობილი იყო, რომ პერიმეტრზე პულენი და მარკოიშვილი უნდა გადაეკეტათ.

ცინცაძე, სანიკიძე და სხვა კალათბურთელები შორი დისტანციიდან კი სტყორცნიდნენ, მაგრამ იშვიათად...

ზაზა ფაჩულიას გამოკლებით არა მხოლოდ წინახაზელთა ტაქტიკა-სტრატეგია შეიცვლება, პერიმეტრის მოთამაშეებისაც.

შედარებით მსუბუქი წინახაზელის, ნიკა ცქიტიშვილის მოედანზე გასვლის შემთხვევაში, თამაში სწრაფ ტემპში შეგვიძლია წარვმართოთ. ამ საქმეში დიდი წვლილი ტანდაბლებმა უნდა შეიტანონ.

თუ ევრობასკეტზე წარმატების მიღწევა გვსურს (ეს რეალურია), ჩვენმა მეტოქეებმა არ უნდა იცოდნენ პერიმეტრიდან რომლისგან უფრო მეტ ხიფათს ელოდნენ - ჰიკმანისგან, მარკოიშვილისგან თუ ცინცაძისგან.

სამივე კარგად ისვრის სამქულიანებს... მეტოქეებისთვის დამაბნეველი იქნება სხვადასხვა მომენტში გამთამაშებლად სამი კალათბურთელის ხილვა... შენგელია - მსროლელად... და რაც მთავარია, ზედმეტად ერთი კალათბურთელიც არ უნდა დაიტვირთოს.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო წამებისთვის "დამრტყმელი ძალა" ენერგიით იყოს სავსე, იმიტომაც, რომ მომდევნო დღეს არანაკლებ რთული ბრძოლა იქნება.

საქართველოს ნაკრებს ხომ 6 დღეში 5 თამაშის ჩატარება მოუწევს. ასე რომ, იგორ კოკოშკოვს სათადარიგოთა პოტენციალის ბოლომდე ამოქმედება მართებს.

ისევე როგორც 2011 წლის ევრობასკეტზე ვიცოდით, საქართველო შემადგენლობით უკრაინაზე, ბულგარეთსა და ბელგიაზე უკეთესი იყო, წლევანდელ ევრობასკეტზეც შესწევს ჯგუფიდან გასვლის ძალა. დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული