საქართველო-ბოსნია 63:68 - რიკი ჰიკმანის ორი ათიანი

AutoSharing Option
მირზა ტელეტოვიჩი ქართველ გულშემატკივარს 2012 წელს თბილისში შორი მანძილიდან ჩაგდებული სამქულიანით ემახსოვრება.

მაშინ 107:103 დავთმეთ. სამაგიეროდ, ბოსნიაში მოვიგეთ - 96:95. ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ნაკრებმა 13 აგვისტოს ბოსნიის წინააღმდეგ ამხანაგურად ითამაშა და თითქმის ისეთი შეხვედრა გამოდგა, როგორიც 2012 წელს: ამჯერადაც თავი გამოიდო ტელეტოვიჩმა, რომელმაც ბოლო წუთზე 9 მეტრიდან ჩაგდებული სამქულიანით ბოსნია 68:63 დააწინაურა და გამარჯვებასაც გამორჩა.

მატჩი სლოვენიის ქალაქ ცელიეში ჩატარდა, სადაც სექტემბერში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

ეს ბოსნიისა და ქართველთა ნაკრებების მეხუთე დაპირისპირება იყო. აქამდე ანგარიში
2:2 გახლდათ და 13 აგვისტოს გამარჯვებით ბოსნიელებმა ერთით გაგვასწრეს, თუმცა განმეორებითი შეხვედრა 14 აგვისტოს ისევ სლოვენიაში ჩატარდება და ჩვენს გუნდს რევანშის შესაძლებლობა მიეცემა.

საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ნატურალიზებულ რიკი ჰიკმანს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ დასრულებულ იტალიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მატჩებს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა.

ჰიკმანმა პირველივე ცდაზე ბოსნიასთან 10 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, რიკიმ სწორედ 10-ნომრიანი მაისურა აირჩია და ევრობასკეტზეც "ათიანი" იქნება.

მატჩის ბომბარდირი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გახდა - 17 ქულას მოუყარა თავი. ბოსნიელთაგან ყველაზე მეტი ტელეტოვიჩმა ჩააგდო - 15.

მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშოვის ასისტენტი დავით უსტიაშვილი:

"მატჩის ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა. შეხვედრა მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა და ორივე გუნდმა ის სწორედ ამ კუთხით გამოვიყენეთ. ბოლო მომენტში, რაკი ანგარიში თანაბარი იყო, გამარჯვება ორივეს გვსურდა.

მატჩის ბოლო წუთი რომ დაიწყო, 1 ქულით ვაგებდით. ბურთი ბოსნიელების იყო, რომლებმაც შეტევა ააცილეს და სამწუხაროდ, მათი აცილებული ვერ მოვხსენით.

ბურთი ისევ ბოსნიელებს დარჩათ, რომლებმაც ის პერიმეტრზე აიტანეს. თამაშის დასრულებამდე 40 წამი რჩებოდა, ბოსნიელებს შეტევისთვის მთელი 20 წამი ჰქონდათ, მაგრამ მირზა ტელეტოვიჩმა, სამქულიანი ნიშნულიდან საკმაოდ შორს მყოფმა, დაახლოებით 9 მეტრიდან სამქულიანი ესროლა და ჩააგდო.

არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს, ყველანაირად გაუმართლებელი სროლა იყო, თუმცა ჩააგდო და ვერავინ გაამტყუნებს.

ამის შემდეგ 4 ქულით ჩამოვრჩით, შეტევა გავაცუდეთ და მატჩის ბედიც გადაწყდა".

უსტიაშვილმა ჰიკმანის დებიუტზეც თქვა:

"ჰიკმანმა დაახლოებით 20 წუთი ითამაშა და 10 ქულა მოაგროვა. ის გუნდთან კარგად არის შეწყობილი და მომავალში მისგან ბევრს ველით.

პირველ მეოთხედში მანუჩარ მარკოიშვილმა ფეხი იტკინა. მეორე ტაიმის საწყისი წუთები ითამაშა და ფეხმა რომ არ გაუარა, მოედნიდან გავიყვანეთ.

ვერ გავრისკავდით მარკოიშვილის მოედანზე დატოვებას და ამიტომაც დავასვენეთ. დღეს ექიმები კარგად შეამოწმებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ბოსნიასთან მეორე მატჩში.

ცინცაძემ 17 ქულა დააგროვა. ის გამორჩეული იყო. დუდა სანაძესა და გიორგი შარაბიძეს არ უთამაშიათ. ისინი განაცხადში 14 აგვისტოს იქნებიან".

13 აგვისტო. ცელიე. სლოვენია
საქართველო-ბოსნია 63:68
15:19, 15:19, 19:10, 14:20
საქართველო: ა. ბოისა, ცინცაძე (17ქ), შერმადინი (7ქ), ჰიკმანი (10ქ), მარკოიშვილი (9ქ), ფაცაცია (5ქ), სანიკიძე (8ქ), მეტრეველი, ცქიტიშვილი (5ქ), ბურჯანაძე (2ქ), ლეჟავა, ფხაკაძე.
ბოსნია: პასალიჩი (3ქ), მასიჩი, სტიპანოვიჩი (10ქ), სუტალო (7ქ), რაითი (9ქ), ბავჩიჩი (6ქ), გორდიჩი (4ქ), კიკანოვიჩი (5ქ), ტელეტოვიჩი (15ქ), პერსიჩი, დედოვიჩი (9ქ), ალილოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული