Time Line: რას ფიქრობს სლოვენია ჩვენზე და პირიქით

AutoSharing Option
მომდევნო კვირას სლოვენიაში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი დაიწყება. საქართველოს ნაკრები მეორედ მიიღებს მონაწილეობას ევრობასკეტზე.

პირველად გამართულ ევრო-2011-ზე იასპარეზა ლიტვაში, სადაც ქართველებისადმი თბილი დამოკიდებულება საქვეყნოდაა ცნობილი. ერთმა ადგილობრივმა ისიც გვითხრა, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომისას ლიტველებს გულზე ქართული დროშები გვეკეთაო.

როგორ გვიცნობს ევრობასკეტის ამჟამინდელი მასპინძელი სლოვენია? ცხადია, ლიტველებზე უკეთესად ევროპის შუაგულში მცხოვრები სლოვენიელები არ გვიცნობენ.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველო და ლიტვა თანამოძმეები იყვნენ. თუმცა არის ერთი სფერო, რამაც საქართველო სლოვენიელებს დადებითი კუთხით გააცნო...

ხედი სლოვენიიდან
- ჰეი,
"ჯორჯია"! სტეფანია, ბოისა, მარკოიშვილი... Good Luck, - ლიტვის ქალაქ კლაიპედაში საქართველო-სლოვენიის მატჩზე მიმავალს ზურგიდან მომაძახეს ლუდმომარჯვებულმა სლოვენიელმა გულშემატკივრებმა.

დიახ, ევროპის მომავალ მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს უმთავრესად კალათბურთით იცნობენ. სწორედ სლოვენიის გავლით მიაღწიეს მაღალ შედეგებს ვლადიმერ სტეფანიამ, ნიკა ცქიტიშვილმა, ვლადიმერ ბოისამ, მანუჩარ მარკოიშვილმა, გიორგი შერმადინმა...

სლოვენიაში 90-იანი წლების ბოლოს ორი კარგი გუნდი იყო - "სლოვანი" და "ოლიმპია". პირველი სხვადასხვა დროს არაერთი ქართველის ნავსაყუდლად იქცა: დავით უგრეხელიძის, კოტე ტუღუშის, ვლადიმერ სტეფანიას, ნიკა ცქიტიშვილის, ვლადიმერ ბოისასი და ირაკლი კეიდიასი.

გაცილებით მაღალ დონეზე, ევროლიგაში თამაშისთვის მზად ვინც იყო, "ოლიმპიაში" გადადიოდა. სხვათა შორის, ამ გუნდის საევროლიგე წარმატებებში ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. 1997 წელს "ოლიმპიამ" ისტორიული სეზონი ჩაატარა - ევროლიგის ნახევარფინალამდე გააღწია. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ახალგაზრდა ვლადიმერ სტეფანია იყო.

2004 წელს ვლადიმერ ბოისას კაპიტნობით "ოლიმპიამ" ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, რაც "ციბონასთან" ბოისას 30-ქულიანმა გარჯამ განაპირობა. მას მერე გუნდი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და ევროლიგის მეორე ეტაპზე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 2011 წელს გავიდა. მაშინ, როცა გუნდში ვლადიმერ ბოისა დაბრუნდა და კლუბის ხელმძღვანელობამ "პანათინაიკოსიდან" გიორგი შერმადინი იჯარით აიყვანა.

წლეულს კი ევროლიგის შეფებმა "ოლიმპიას" კონტრაქტი გაუწყვიტეს და გუნდი დააქვეითეს - ევროთასზე იასპარეზებს.

სლოვენიელებს მანუჩარ მარკოიშვილიც კარგად ახსოვთ, რომელმაც საევროლიგო გამოცდილება სწორედ "ოლიმპიაში" მიიღო.

თუნდაც შედეგებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველოზე პატარა ქვეყანაში (ორი მილიონი მცხოვრებით), სლოვენიაში ჩვენს თანამემამულეებს უპირველესად კალათბურთით რომ ცნობენ.

ხედი საქართველოდან
ათიოდე წლის წინათ საქართველოს ნაკრები შეკრებებით განებივრებული ნამდვილად არ იყო. 2001 წელს, ერთ-ერთი იშვიათი შეკრებათაგანი ჩვენმა ნაკრებმა სწორედ სლოვენიაში გაიარა.

მოვუსმინოთ ზვიად ბაბიაშვილს: "სლოვანის" დარბაზში ვემზადებოდით, რომელსაც "პივოვარნასთან" საპლეიოფო დაპირისპირებები სამამდე გაეწელა. მესამე შეხვედრის დილას დარბაზში ვერ შევედით.

ამიტომ, საუზმის შემდეგ მწვრთნელმა, ზურაბ ტომარაძემ გვითხრა: ეზოს მოედანზე გავიდეთ, კომბინაციები მაინც გავიმეოროთო.

რადგან ბურთი არ გვქონდა, სასადილოდან ვაშლი წამოვიღეთ. ერთ-ერთი კომბინაციის ბოლოს რამაზ გოგობერიშვილმა ვაშლი სამქულიანის ხაზთან მიიღო და დაუფიქრებლად ისროლა... ხილი კალათში ჩაეშვა და მიწაზე დაცემისას გაიფაშვა...

რამაზ გოგობერიშვილმა განაგრძო: "მწვრთნელმა მკითხა: ეგ რა გააკეთეო? ვუპასუხე: თანაგუნდელებმა ორმაგი ბლოკი კარგად დააყენეს, თავისუფალ პოზიციაზე დამტოვეს და არ მესროლა-მეთქი?!"

ვლადიმერ სტეფანია 1995 წლის ამბავს მოგვითხრობს: "საქართველოდან სლოვენიაში ჩემს წასაყვანად "სლოვანის" გენერალური მენეჯერი ზორან მარტიჩი ჩამოვიდა. იგი შემდეგში ღიმილით იხსენებდა თავს გადამხდარ ამბებს - ჯერ მაშინ შევშინდი, აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალს ტანკი გვერდში რომ ამომიდგა, შემდეგ სასტუმრო "აჭარაში" თეთრად გავათენე, მთელი ღამე ავტომატის სროლა ისმოდაო.

სლოვენიას კი ბალკანური ომი არ შეხებია და მშვიდობიანად განაგრძო განვითარება."

ვოვა იქვე იხსენებს: "თავიდან ვარჯიშებზე არაერთხელ დამაგვიანდა, თუმცა მალე აღმოვაჩინე, რომ გაჩერებებზე ავტობუსის მოსვლის დრო აბრაზე ეწერა და მას მერე ყოველთვის დროულად მივდიოდი."

შედარებისთვის: საქართველოში გაჩერებებზე ავტობუსების განრიგის ელექტროშუქფარი ორიოდე წლის წინ დამონტაჟდა... სლოვენიის დარ მოწესრიგებულ ქვეყანაში თამაში სასიამოვნო იყო, თავის მხრივ კი სლოვენიელებმა მიაგნეს ნიჭიერი კალათბურთელების საბადოს და საქართველოდან გამორჩეულ ახალგაზრდებს ევროპის კარს უღებდნენ. ყველაზე დიდხანს 1998-დან 2005-მდე სლოვენიაში ვლადიმერ ბოისამ ითამაშა.

იგი დედაქალაქ ლიუბლიანაში დასახლდა კიდეც. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას მაკედონიელმა ვლადო ილიევსკიმ მითხრა - მეც ლიუბლიანაში ვცხოვრობ, ვოვა ბოისას კარის მეზობელი ვარო.

"სლოვენიას ძალიან შევეჩვიე, ადრე თუ გვიან ლიუბლიანის "ოლიმპიას" ისევ დავუბრუნდები. ამ გუნდს მეც ბევრი მივეცი და პირიქით, "ოლიმპიამაც" ბევრი შემძინა," - მითხრა ბოისამ 2009 წელს, როცა ორი გუნდი, ხორვატიის "ზადარი" და ლიუბლიანის "ოლიმპია" ეპატიჟებოდა.

მაშინ მან ხორვატიაში წასვლა არჩია. როგორც გითხარით, იგი მაინც დაბრუნდა ოლიმპიელთა რიგებში (2011 წელს).

მანუჩარ მარკოიშვილი "ოლიმპიაში" 2004-07 წლებში გამოდიოდა.

"ლიუბლიანაში პატარა სახლში ვცხოვრობ, რომლის ეზოში ვაზის ლამაზი ტალავერი მაქვს. იგი ლიუბლიანის ხედში მშვენივრად ჯდება. სლოვენიის დედაქალაქი მთლიანად მწვანეშია", - ეს მანუმ 2006 წელს თქვა.

ასე რომ, ალოგიკური სულაც არ არის, სლოვენიის ნაკრებებს (სპორტის სხვადასხვა სახეობაში) მწვანე ფერის მაისური რომ აცვიათ. მეტსაც გეტყვით: ლიუბლიანის სიმბოლო მწვანე დრაკონია.

გადმოცემის მიხედვით, კოლხეთიდან ელადისკენ მიმავალმა იაზონმა სლოვენიაში გაიარა, მდინარე ლიუბლიანის ნაპირას მწვანე დრაკონი მოკლა და ადგილობრივმა მოსახლეობამ იმ ადგილას ქალაქი ააშენა.

ვნახოთ, 2013 წლის სექტემბრის შემდეგ ქართველებს როგორ დაგვამახსოვრდება სლოვენია და სლოვენიას - ქართველები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რას თხოვთ დღევანდელ ვითომ ჟურნალისტებს. ასეთი რამეები კი არა წმინდა სპორტულ კომენტარებსაც ვერ გადმოსცემენ წესიერად. სპორტალზე მომუშავე ყველა ჟურნალისტს რა თქმა უნდა ეს არ ეხება. მე ნამდვილად არ ვიცოდი არგონავტების დაარსებული თუ იყო ეს ქალაქი, მაგრამ ლიუბლიანა და თბილისი თუ დაძმობილებული ქალაქებია ეს მოულოდნელი სიახლე იყო ჩემთვის. მადლობ ეეეჰ და ვააავა ჟურნალისტი.
zuka
23:18 01-09-2013
0
კარგი შენიშვნა იყო ეეჰის მიერ. არგონავტებს, ლიტველებს და 8 აგვისტოს თუ იხსენებ, თბილისის და ლიუბლიანის დაძმობილების ამბავიც მეტად ღირშესანიშნავი მოვლენაა. ყოველშემთხვევაში უარესი ნამდვილად არა ბლოგში მოყვანილ ფაქტებთან შედარებით.
ოთარი
22:53 01-09-2013
0

სიახლეები პოპულარული