გავიხსენოთ ევრო 2011 ზაზა ფაჩულიასთან ერთად

AutoSharing Option
4 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მეორედ ჩაებმება ევროპის ჩემპიონატის ბატალიებში.

სლოვენიაში გასამართ ევრობასკეტზე ჩვენი გუნდი ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე ითამაშებს.

2000 წლის შემდეგ ზაზას სანაკრებო ციკლი არ გამოუტოვებია, ამჯერად კი მხოლოდ გულშემატკივრობით მოუწევს შემოფარგვლა.

მკითხველს კარგად ემახსოვრება, რომ 2011 წელს ქართველები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ და საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდნენ.

ვიდრე ევრო-2013 დაწყებულა და ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშლილა, ზაზა ფაჩულიასთან ერთად რუბრიკა "ფოტოინტერვიუში" გავიხსენოთ ემოციებითა და დრამატიზმით აღსავსე ევრობასკეტი 2011.

Sportall.Ge

საქართველო-რუსეთი 58:65, ფაჩულია კიდევ ერთი NBA-ელის
წინააღმდეგ. სხვათა შორის, ანდრეი კირილენკო ახალი სეზონიდან თორნიკე შენგელიას გვერდით "ბრუკლინ ნეთსში" იასპარეზებს.

- ანდრეი კირილენკოსთან მეგობრობა მაკავშირებს. როცა გასვლაზე მის გუნდს ვხვდებით, ყოველი მატჩის შემდეგ მეპატიჟება.

როცა ის ჩამოდიოდა "ატლანტაში", მასპინძელი მე ვიყავი. კირილენკო დადებითი პიროვნებაა და ევროპის ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ თამაშიც საინტერესო იყო. დასანანია, რომ რუსეთის დამარცხება ვერ შევძელით, ცოტა დაგვაკლდა.

Sportall.Ge

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელად დიდი სხვაობით აჯობა უკრაინის ნაკრებს - 69:53.

- მახსოვს, ამ შეხვედრაში ქულა-მოხსნა უხვად არ მქონია, მაგრამ ბევრი ვიშრომეთ და სწორედ უკრაინასთან დამაჯერებელი გამარჯვებით გავედით მეორე ეტაპზე.

Sportall.Ge

სკოლის შენობა არ გეგონოთ, საქართველოს ნაკრების გასახდელია.

- ახალგაზრდებს ყველა გუნდში სხვადასხვა ხერხით ცდიან. მათემატიკა ძალიან მიყვარდა და ერთ-ერთი ვარჯიშის წინ გადავწყვიტე, ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის გამოცდა მომეწყო. წესების მიხედვით, როცა მოქმედებაში გამრავლებაცაა და მიმატებაც, ჯერ გამრავლება სრულდება. სწორედ ამას შეიძლებოდა დაებნია, თუმცა, როგორც მახსოვს, გიორგი შარაბიძემ ყველაფერი კარგად შეასრულა.

Sportall.Ge

ისევე, როგორც 2013-ში, ორი წლის წინათაც საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ლიტვაში ჩაატარა. ფოტოზე ზაზასა და რობერტას იავტოკასის შელაპარაკებაა აღბეჭდილი.

- ეს ის მომენტია, იავტოკასმა თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ რომ იუხეშა. თოკო უხერხულად დაეცა და წამოდგომა გაუჭირდა. იავტოკასს საკადრისი პასუხი გავეცი, რაც ფოტოგრაფებს არ გამოჰპარვიათ.

Sportall.Ge

საქართველო-ბულგარეთი 69:79. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე 6 ქულის სხვაობით ვიგებდით, მაგრამ ბულგარელებმა თამაში შემოატრიალეს...

- მატჩის მსვლელობისას ვიგრძენი, რომ კუნთი გამიწყდა, მოედანი დავტოვე. მახსოვს, თორნიკე რომ მომეხმარა. ექიმებმა მიწამლეს და რადგან მნიშვნელოვანი ბრძოლა გვქონდა, მაინც დავბრუნდი, მაგრამ თამაშის სრულფასოვნად გაგრძელება ვერ მოვახერხე. სამწუხაროდ, ამ ტრავმის გამო ნაკრებს მეორე ეტაპზე ვეღარ დავეხმარე.

Sportall.Ge

უკრაინა-ბელგიის მატჩს კლაიპედას დარბაზის ლოჟიდან საქართველოს ნაკრები გულისყურით ადევნებდა თვალს. რატომ? ზაზას მოვუსმინოთ:

- თუ უკრაინელები გაიმარჯვებდნენ, მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდოდით, ხოლო ბელგიელების წარმატების შემთხვევაში გზას ბულგარეთი განაგრძობდა. უკრაინელებმა ივაჟკაცეს და მატჩის ბედი მეოთხე პერიოდამდე გადაწყვიტეს. ლოჟაში, ჩვენს ქვემოთ ბულგარეთის ნაკრების კალათბურთელები ისხდნენ და ბელგიას გულშემატკივრობდნენ... მათ მეოთხე პერიოდის დასაწყისშივე დატოვეს ლოჟა.

Sportall.Ge

2010 წელს, შესარჩევ მატჩში, თბილისში ბელგიასთან 23 ქულის სხვაობით დავმარცხდით. 2011-ში კი, ევრობასკეტის გახსნის შეხვედრა ქართველებს სწორედ ბელგიასთან ჰქონდათ და რევანშიც შედგა - 81:59.

- ამ ფოტოზე დიდიე მბენგას ვეთამაშები. იგი წლების განმავლობაში NBA-ში გამოდიოდა.

არაერთხელ მითქვამს, რომ ევროპაში იმ კალათბურთელების წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებსაც NBA-ს გამოცდილება აქვთ, ჩემთვის სასიამოვნოცაა და დამატებითი სტიმულიც. კარგად დაემთხვა: ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ბელგიასთან ვითამაშეთ და სწორედ ეს გამარჯვება აღმოჩნდა გადამწყვეტი მომდევნო ეტაპზე გასვლის საქმეში.

Sportall.Ge

2011 წლის ევრობასკეტის ბოლო მატჩის (საქართველო-საბერძნეთი 60:73) საპრესკონფერენციო დარბაზის კართან.

- მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენციაზე გიორგი შერმადინი იახლა. მისი ინგლისურის შესახებ ლეგენდები დადიოდა, მაინტერესებდა, ჟურნალისტებთან როგორ ილაპარაკებდა და შანსი ხელიდან არ გავუშვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტალი ხარ სიამსკი
0
მგონი სწორი არაა ყოველწუთს იმის ხაზგასმა რომ დიდი დანაკლისით ვითამაშებთ ევრობასკეტზე, მითუმეტეს თამაშის წინადღეს. ჩვენმა გუნდმა თუ მოინდომა, ასეთი შემადგენლობითაც შეგვიძლია ღირსეული თამაში. წარმატებები!
სიამსკი
14:53 03-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული