ვაჟა სიმონიშვილი სლოვენიიდან: საკალათბურთო მოგზაურობა

AutoSharing Option
"შეუერთდი ვარსკვლავებს სლოვენიაში! შეიძინეთ ევრობასკეტების ბილეთები", - დაახლოებით ასეთ ლოზუნგს შეხვდებით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების თითქმის ყველა კუთხეში. იქიდან ცელიემდე, სადაც ხორვატიის ნაკრები თამაშობს, ორი საათის სავალია.

ხორვატიასთან ერთად, C ჯგუფში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა და სწორედ სიახლოვის გამო მომიწია ზაგრების გავლით სლოვენიაში მოხვედრა.

5 სექტემბრის საქართველო-ხორვატიის მატჩის წინ მეტოქე რამდენად კარგად დავზვერე, მკითხველმა ზაგრებული ჩანახატის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტოს.

პირველი პარალელი
ციდანვე გამოჩნდა, რატომ არ ელევათ ხორვატებს მაღალი დონის კალათბურთელები: მწვანეში ჩაფლულ ქვეყანაში ბევრი ისეთი ადგილია, არც ქალაქი ეთქმის, არც სოფელი. 6-7-კომლიანი
დასახლებაა. ასეთ მინი-სოფლებში არ დაუზარებიათ და ღია ცის ქვეშ სპეციალური საკალათბურთო საფარიანი მოედნები მოუწყვიათ.

ახლა წარმოიდგინეთ, ქალაქებში რა სიტუაცია იქნება... თუ ლიტვაში საკალათბურთო მოედნები საფეხბურთოებს ბევრად ჭარბობს, ხორვატიაში კომბინირებულიც შეგვხვდა და კომპლექსურიც - ფეხბურთი-კალათბურთი...

აქვე პირველი ქართულ-ხორვატული პარალელი გამოიკვეთა: საქართველოშიცაა კომბინირებული მოედნები (სამმაგადაც კი - ფეხბურთი-კალათბურთი-ჩოგბურთი), მაგრამ ჩოგბურთის ბადე არსად მინახავს; ბევრგან ჯერ კალათები ჩამოტყდა, შემდეგ კარი წაიქცა - არ შეგხვედრიათ ნასვამი კაცივით კედელზე მიყუდებული საფეხბურთო კარი?

ევროპის ჭიშკართან
ზაგრების აეროპორტიდან რკინიგზის სადგურისკენ მიმავალმა კიდევ ერთი მსგავსება შევნიშნე - ხორვატიის დროშის გვერდით მუდამ ჰკიდია ევროკავშირის ლურჯი სიმბოლო.

ჩვენგან განსხვავებით, ხორვატია ევროპის შუაგულშია, მაგრამ ევროკავშირის წევრი ჯერაც ვერ გახდა... მხოლოდ გეოგრაფიულადაა "ევროპის შუაგულში".

თავად განსაჯეთ: ზუსტად ოთხწუთიან მონაკვეთში ჯერ კოსტიუმში გამოწყობილი სანდომიანი პირი მივიდა ნაგვის ურნასთან, შემდეგ გაზეთმომარჯვებულმა კაცმა ჩაიხედა, მაგრამ ბოთლები რომ ვერ დაინახეს, სხვა ურნებისკენ გასწიეს. მხოლოდ მესამემ დაუწყო ჯოხით ქექვა, მაგრამ სახეირო ვერაფერი ნახა.

ქართველებისგან განსხვავებით, ხორვატი მძღოლები ზებრაზე მიმავალს გზას უთმობენ, თუმცა ქვეითიც ბევრი გამოჩნდა, წითელზე თავგამოდებით რომ გადადის.

გამოგიტყდებით, ერთმა ქალბატონმა წითელზე გავლა რომ გარისკა, მეც მივყევი - უშუქნიშნო ეპოქაში გავიზარდე და ერთბაშად მიჩვევა რთულია. თუმცა მას მერე ზაგრებში წესრიგი არ დამირღვევია.

Sportall.Ge
ზაგრებული ტოტალიზატორი

არა ვაშლს

ზაგრების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა საკათედრო ტაძარია. იქვე დასვენების მიზნით სკამზე ჩამოვჯექი. მოპირდაპირე მხარეს დედა, მამა და ბავშვი რუსულად ლაპარაკობდნენ.

შინაური გოლდენი ვაშლით პირი გავისველე და პატარასაც გავუწოდე. არ უნდაო, მიპასუხა დედამ. გაკვირვება რომ შემნიშნა, ამიხსნა: ბევრი ვჭამეთ და სავსე კუჭზე ვაშლის დაყოლება არ შეიძლება, ყველაფერს აურევსო.

მაინც რომ ვერ მივხვდი, კაცმა "გასაგებად" ამიხსნა - ჩემი მეუღლე ექიმია და ყველაფერი იცისო.

საიო
ხორვატები ქართველებს იერით ჰგვანან. ახლა ჩამოთვლას აზრი არა აქვს, მაგრამ ზაგრებში უამრავი ქართველი ნაცნობის პროტოტიპს შევხვდი. ამიტომ უცხოელად ვერ ჩამთვლიდა და ვაშლი რომ დამინახა, ალბათ, იმიტომ მოვიდა ჩემთან მალდინისებური ვარცხნილობის, მომღიმარი კაცი.

მომესალმა, მომიჯდა, ვაშლი გაკბიჩა, ცერი აღმართა და თავისი ამბავი ინგლისურად მომითხრო: სახლი არა მაქვს, ხან სად მძინავს, ხან სად, ფულს ვაგროვებ... ოღონდ სახლისთვის კი არა, გამოსაკვებადო.

საიო ერქვა. ხორვატულ კუნებს მიჩვეული ევროს ცენტმა ძალიან გაახარა და ჩემი ამბითაც დაინტერესდა. სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესახებ რომ გაიგო, პირდაპირ მითხრა - დიდი იმედი არა მაქვს, ხორვატიის ნაკრები წინა წლებში უფრო ძლიერი გუნდი იყო და ვერაფერს აღწევდა, წლეულს არა მგონია, რამე გამოუვიდესო.

საიომ ისიც მითხრა, ევრობასკეტს მეგობართან უნდა ვუყურო და ხორვატიასთან ერთად საქართველოს ნაკრებს ვუქომაგებო. "სრეტნო" (წარმატება) მისურვა, დამშვიდობებისას მირჩია, აღმართს ავყოლოდი და ძველი ზაგრებიც მენახა.

Sportall.Ge
საიო

არც ზაზა, არც საქართველო

დავუჯერე. გზად ჯიხურს წავაწყდი და სწორედ იქ აღმოჩნდა სპორტული გაზეთები (მანამდე სადაც ვიკითხე, ყველგან დამთავრებული იყო): "სპორტის ამბები" და "მაქსი". ერთში ხორვატიის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იასმინ რეპეშას ინტერვიუ ეწერა, მეორეში ორგვერდიანი სტატია ევრობასკეტზე ვერჩამოსულ NBA-ს კალათბურთელებს ეძღვნებოდა.

იმდენი წავიკითხე, კინაღამ ხორვატულად ავლაპარაკდი, მაგრამ რეპეშას ინტერვიუში საქართველო ვერსად აღმოვაჩინე, ხოლო NBA-ელებში ჩამოთვლილი იყვნენ პაუ გასოლი, დირკ ნოვიცკი, ანდრეი კირილენკო... ავტორს ზაზა ფაჩულიას გვარი არც გახსენებია.

ზაზას ვერა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს 5 აგვისტოს მიეცემა ხორვატებისთვის თავის შეხსენების შანსი.

გეორგიანო
ზაგრების სიმბოლოთაგან ერთ-ერთია წმინდა ანდრიას ტაძარი, რომლის სახურავზეც ხორვატიის დროშაა გამოსახული. აღმართი ბოლომდე ავიარე და დანიშნულების ადგილას ბევრი ძებნის შემდეგ იაპონელ ტურისტებთან ერთად მივედი.

გამობრუნებას რომ ვაპირებდი, შემომესმა: ოო, გეორგიანო!

ისევ საიო იყო, რომელმაც ამიხსნა, რომ იტალიური კარგად იცის და სწორედ ამ ქვეყანაში ეძახიან ქართველებს "გეორგიანოებს". კალაძეც და კობიაშვილიც ხომ შენიანები არიანო? - მკითხა და ზეპირად ჩამოთვალა იმ დროის "მილანის" შემადგენლობა, როცა კახი კალაძე იტალიურ გრანდში ჩაირიცხა.

თურმე საიო თავადაც თამაშობდა ფეხბურთს - ზაგრების "დინამოს" ჭაბუკებში 10-ნომრიანი მაისური მეცვაო.

იტალიელი ათიანი რობერტო ბაჯო ვუხსენე. არ მოეწონა, ეგ ბუდისტი გახდაო. სწორედ ამ დროს მოგვიწია ძველი ზაგრების კარიბჭის ქვეშ გავლა, სადაც საიომ ნიშზე მიმითითა და ჩურჩულით მითხრა - ეს წმინდა მარიამია, ზაგრების მფარველი. აქ ყველა ჩერდება და ლოცულობსო.

კარიბჭიდან რომ გავედით და გავივაკეთ, ხორვატი თანამგზავრი ჩემთვის ერთი საინტერესო ადგილის ჩვენებას დამპირდა. მიმიყვანა ერთ კართან, რომლის თავზე ხუთი ასო ეწერა - Boban.

- ჩვენი ნაკრების ყოფილი 10 ნომრის, ზვონიმირ ბობანის რესტორანია, აქ ხორვატიის ელიტა იკრიბებაო.

Sportall.Ge
ბობანის რესტორანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხორვატია 1 ივლისიდან ევროკავსჰირის სრულფასოვანი წევრია !
Duder
21:42 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული