ბესიკ ლიპარტელიანი: საქართველოს ნაკრებს, ალბათ, ახალი მესაჭე სჭირდება

AutoSharing Option
ქართული კალათბურთისთვის სექტემბერი უფრო ცხელი აღმოჩნდა, ვიდრე ზაფხულის რომელიმე თვე. ჯერ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და სპეციალისტები აალაპარაკა, შემდეგ გაღვივდა დაპირისპირება კალათბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შორის.

"ლელო" წლების განმავლობაში იცავდა სამართლიანობის პრინციპს და ნებისმიერი დაპირისპირებისას საკუთარ ფურცლებს უთმობდა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს.

ამჯერადაც ასეა, რედაქციაში მოვიწვიეთ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ბესიკ ლიპარტელიანი და მისი ვიზავი, "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელი მიხეილ ახვლედიანი.

გაზეთი ტელევიზიისგან იმით განსხვავდება, რომ "საეთერო" დრო შეზღუდული არა აქვს და ამა თუ იმ მოსაზრების ვრცელი არგუმენტებით გამყარება
შესაძლებელია.

ფედერაციის პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა, დეტალურად აეხსნა, რა გაკეთდა მისი მოღვაწეობის პერიოდში და "კალათბურთელთა" კავშირის ხელმძღვანელს (რომელიც ახლო მომავალში გვესტუმრება) ასევე ვრცლად შეეძლება ჩამოთვალოს, რა ხარვეზებს ხედავს დღევანდელი ფედერაციის მუშაობაში.

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 9 სექტემბერს დაასრულა. საინტერესოა, როგორ აფასებს ბესიკ ლიპარტელიანი სლოვენიაში ქართველთა თამაშს.

ნაკრები
- ნაკრებმა პირველი მატჩი პოლონეთთან ჩაატარა. გუნდი ფიზიკურადაც კარგად აღმოჩნდა მომზადებული, ფსიქოლოგიურადაც. ამასთან, კალათბურთელებს ესმოდათ, რომ წაგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლა თითქმის შეუძლებელი იყო; იდეალურად ითამაშა და სასურველი შედეგიც მიიღო.

მეორე შეხვედრა ხორვატიასთან გვქონდა. მანამდეც ვთქვი, რომ ხორვატია მზარდი გუნდია და ევრობასკეტზე თამაშს თანდათან გააუმჯობესებდა. ასეც მოხდა, გუნდმა ყველაზე ადრე გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური. ხორვატებთან ღირსეულად ვიბრძოლეთ და გამარჯვების დიდი შანსიც გვქონდა, თუმცა ტომიჩის ტყორცნამ ჩვენს კალათბურთელებს შრომა წყალში ჩაუყარა.

- 9 წამში ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა რთული იყო. ხომ არ ჯობდა, იგორ კოკოშკოვს წუთშესვენებათა ლიმიტი მანამდე არ ამოეწურა?
- მატჩის დასრულებამდე 38 წამი იყო დარჩენილი, როცა იგორ კოკოშკოვმა ბოლო წუთშესვენება აიღო და ის შეტევა შედეგიანად დავასრულეთ. სირენამდე 14 წამით ადრე ხორვატთა მწვრთნელმა ასევე ბოლო ტაიმ-აუტი აიღო და მეტოქემაც ზუსტად ისროლა.

ბოლოსთვის ერთსაც არ დარჩა წუთშესვენების უფლება. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ მეოთხე პერიოდი მეტად დაძაბული იყო. ტაიმ-აუტი რომ ჰქონოდა, შესაძლოა, იგორ კოკოშკოვს 9-წამიანი შეტევა სხვანაირად დაეგეგმა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ისევ გიორგი ცინცაძისთვის მიენდო შეტევის დასრულება, რადგან მან შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ხორვატებს ცინცაძის შეჩერება გაუჭირდათ.

- შემდეგი თამაში მასპინძელ სლოვენიასთან გვქონდა.
- ხორვატიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ ერთი დღე დასვენებისა იყო. ჩვენმა კალათბურთელებმა ენერგიის აღდგენა მოახერხეს და შემიძლია ვთქვა, რომ სლოვენიასთან თამაში მოვიგეთ. საქართველოს ნაკრების წევრებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, მსაჯებმა არ დაგვანებეს მოგება.

ჩეხეთის ნაკრებთან ჩავარდნა გვქონდა, რაც გადაღლილობამ განაპირობა. იქ გამოჩნდა, რომ ხუთი და ექვსი მოთამაშით სასურველ მიზანს ვერ მიაღწევ. მოხდა, რაც მოსახდენი იყო - მოიგო ნაკრებმა, რომელიც იმ დღეს უკეთესად გამოიყურებოდა. ჩეხეთთან შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსი დავკარგეთ.

ესპანეთის ნაკრებთან ჩვენმა მწვრთნელმა თამაშის საშუალება ახალგაზრდებსაც მისცა და მათ დიდი გამოცდილება მიიღეს.

- გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ბრძანდებით?
- წინა წლებთან შედარებით, აშკარად გამოჩნდა, რომ გუნდს ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ხორვატიასა და სლოვენიას თანაბრად "ვეჭიდავეთ", რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მათ დონეზე ვართ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევრობასკეტზე ორი ლიდერის, ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე ვითამაშეთ. მათი არყოფნა არათუ საქართველოს, ნებისმიერ ევროპულ გუნდს დაეტყობოდა.

საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ გუნდის მონდომებით და შემართებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მათ მაქსიმუმი გაიღეს.

- იგორ კოკოშკოვს კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მისი დარჩენა-არდარჩენის ამბავი ბევრს აინტერესებს.
- ჯერ უნდა ჩატარდეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და ვინც ფედერაციაში მოვა, ის გადაწყვეტს ამ საკითხს.

- დამშვიდობების წინ იგორ კოკოშკოვმა რა გითხრათ, ეტყობოდა, რომ კიდევ სურს ჩვენს გუნდთან მუშაობა?
- ვთვლი, რომ მისთვის საკმარისი იყო ის ექვსი წელიწადი, რაც საქართველოს ნაკრებში გაატარა. ახლა, ალბათ, საჭიროა ახალი მესაჭე.

არჩევნები
როგორც ბესიკ ლიპარტელიანმა აღნიშნა, გადაწყვეტილი არა აქვს, მიიღებს თუ არა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მას სხვა კანდიდატებზე ვკითხეთ.

- მხოლოდ ორი პრეტენდენტი ვიცი, რომლებმაც ღიად გამოაცხადეს სურვილი - მიხეილ ახვლედიანი და ვლადიმერ ბოისა.

რაც მეტი გამოჩნდება, კარგია, მაგრამ მთავარია, ღირსეული ადამიანი იყოს, რომელიც სწორად განაგრძობს დაწყებულ საქმეს. ამიტომაც გავაჟღერე, რომ მინისტრი არ უნდა ჩაერიოს საკალათბურთო ოჯახის საქმეებში, არავის უნდა დაუჭიროს მხარი-მეთქი. ფაქტია, რომ მინისტრს მიხეილ ახვლედიანის გაპრეზიდენტება სურს.

- კონკრეტულად რაში გამოიხატება მინისტრის ერთი კანდიდატისადმი მხარდაჭერა?
- სამი თვის წინათ მიხეილ ახვლედიანი საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს ეუბნებოდა: ლევან ყიფიანი მხარში რომ მიდგას, ამას დაგანახებთ და პირველი, რასაც გავაკეთებ, ნაკრების მწვრთნელებს კლუბებიდან მოვხსნიო.

ასეც მოხდა, "ოლიმპიდან" გია კაზანჯიანი გაუშვეს, "რუსთავიდან" - მიშა ბერუაშვილი, "ქუთაისიდან" - დავით უსტიაშვილი. კოტე ტუღუშიც თითქმის მოხსნილი იყო, მაგრამ "არმიას" ხელმძღვანელობა საქმეში კარგად გაერკვა და კოტე პოსტზე დარჩა. ეს ყველაფერი კი წინასაარჩევნოდ გაკეთდა.

- კიდევ ერთ კანდიდატ ბოისაზე რას იტყვით?
- კარგია, რომ გამოჩნდა ბოისა, რომელსაც ევროპის უამრავი კლუბი აქვს მოვლილი, დიდი გამოცდილება დაუგროვდა. შეიძლება, როგორც ფუნქციონერს, სათანადო გამოცდილება არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც ბევრს სჯობს.

მიხეილ ახვლედიანს კალათბურთის დარბაზში არ შემოუხედია, რასაც თავადაც აღიარებს. ხელისუფლება შეიცვალა და ამის შემდეგ მოინდომა შემოსვლა?

მეორეც, ლაპარაკობენ, რომ კალათბურთი კვდება, არაფერი გაკეთებულა და ა.შ. მოდით, გავიხსენოთ, რა ჩავიბარე ფედერაციაში მოსვლისას და ახლა რა მდგომარეობაა.

- გავიხსენოთ, ამის საშუალებას საგაზეთო ფორმატი ნამდვილად გვაძლევს.
- ჩავიბარე გაპარტახებული ფედერაცია. ელემენტარული პირობები არ იყო დარბაზებში, სადაც ბავშვები ან უფროსები თამაშობდნენ. 2001 წელს ვერის ბაღის არენა განადგურებული იყო, არც წყალი ჰქონდა, არც გათბობა, არც განათება. ფედერაციის პრეზიდენტად 2001 წლის ნოემბერში ამირჩიეს და 2002 წლის იანვარში, უმაღლესი ლიგის მეორე ტური უკვე ვერის ბაღის დარბაზში ჩავატარეთ - დარბაზი მოვაწესრიგეთ.

ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა კალათბურთი იყო. შეჯიბრებები ტურების სახით ტარდებოდა და ყველაფერი ერთ თვეში მთავრდებოდა.

კალათბურთის ფედერაციას ესმოდა: თუ ნაკრებს შედეგი არ ექნებოდა, სახელმწიფოსგან მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდა. სადღეისოდ ზოგიერთი სპორტის სახეობა მეტად რთულ მდგომარეობაშია. შესაძლოა, ჩვენც ასეთივე სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით.

ფედერაციაში რომ მოვედი, ნაკრები არ არსებობდა, გუნდმა ერთი ციკლი მთლიანად გამოტოვა. ჩამოვიყვანეთ უცხოელი მწვრთნელი, დავიმატეთ ლეგიონერი და მიუხედავად იმისა, რომ დღემდე რამდენიმე ნატურალიზებული კალათბურთელი და მწვრთნელი შეიცვალა, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა გუნდის წინსვლაში. მეორე დივიზიონიდან პირველში გადავედით, შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ და დღეისთვის ჩვენს აქტივში უკვე ორი ევროპის ჩემპიონატია.

- ბავშვთა კალათბურთში რა გაკეთდა?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ნაკრების წარმატებამ გაზარდა კალათბურთისადმი ინტერესი და მეცადინეობის მსურველი ბავშვების რაოდენობამაც საგრძნობლად მოიმატა. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, გაგვეზარდა ასაკობრივი ჩემპიონატების ფორმატი, შეჯიბრებები ერთ თვეში კი არ დაგვემთავრებინა, არამედ ათ თვეზე გაგვენაწილებინა, ისე, როგორც უცხოეთშია.

ვატარებთ ჩემპიონატებს არა სამ, არამედ ხუთ ასაკში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი უკვე გამართულად მუშაობს. თამაშობენ კარგ დარბაზში, ფიქსირდება სტატისტიკური მონაცემები, ყოველ შეჯიბრებას თავისი ინტერნეტ-გვერდი აქვს...

ეს მეტად შრომატევადი საქმე იყო, ჩემთან ერთად ამაზე მთელი გუნდი მუშაობდა და ვფიქრობ, ძალიან რთული გზა გავიარეთ, რომელსაც კიდევ სჭირდება განახლება. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მოვა ფედერაციაში, დაწყებულ საქმეს კარგად გაგრძელება სჭირდება.

- დიდი პრობლემაა ბავშვების სწორი მიმართულებით აღზრდა. მასობრივად ვხვდებით ახალგაზრდებს, რომელთაგან ზოგი მარცხენა ხელით ვერ ისვრის, ზოგი ბურთს ვერ ატარებს და ა.შ. ამ მიმართულებით თუ შეეძლო ფედერაციას, მწვრთნელებთან ემუშავა?
- არც ერთი კლუბის თუ სკოლის საქმიანობაში ჩარევის უფლება არა გვაქვს. ერთადერთი, რაც ფედერაციას შეუძლია, ეს არის რეკომენდაცია. ამ მხრივ ვმუშაობდით. უცხოეთიდან ჩამოგვყავდა სპეციალისტები, რომლებიც ატარებდნენ სემინარებს.

მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მწვრთნელის მენტალიტეტი ისეა მოწყობილი, რომ სემინარი, ვთქვათ 90 მწვრთნელით იწყებოდა, მეორე დღეს მათი რიცხვი ჩამოდიოდა 50-ზე, მესამე დღეს 15-მდე მცირდებოდა. ამბობდნენ, უცხოელმა ჩვენ რა უნდა გვასწავლოსო.

არადა, კალათბურთი მუდმივად ვითარდება და ფეხის აწყობაა საჭირო. პარალელი შეიძლება მსაჯობასთან გავავლოთ. ხუთი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გვყავს. ისინი მუდმივად დადიან სემინარებზე და ყოველწლიურად ახალ-ახალი ცვლილებები ჩამოაქვთ. ანალოგიური სიტუაცია მწვრთნელებზე გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა.

საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები სხვადასხვა დროს ჩამოვაყალიბეთ. ჯერ 20 და 16-წლამდელები გავიდნენ ევროპის შესარჩევზე, შემდეგ 18-წლამდელები. თავიდან ყოველ ნაკრებში ერთი-ორი მწვრთნელი გვყავდა, ახლა სამი-ოთხია. სადღეისოდ 16-დან, ეროვნული ნაკრების ჩათვლით, თორმეტი მწვრთნელი გვყავს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ღირებულ გამოცდილებას იღებენ.

- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელები იშვიათად იცვლებოდა...
- შეიძლება ამ საკითხში დაეთანხმო ან არ დაეთანხმო. სამწუხაროდ, არა გვაქვს ფუფუნება, ყოველწლიურად ავარჩიოთ და ახალ-ახალი მწვრთნელები მოვიყვანოთ. ამა თუ იმ ასაკობრივ ნაკრებში ხელმძღვანელები ერთი წლით ადრე ინიშნებიან, რომ მთელი სეზონის განმავლობაში იმუშაონ, აირჩიონ და ავარჯიშონ ის კონტინგენტი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე უნდა დაეყრდნონ.

მწვრთნელთა როტაცია იყო, მაგრამ, ალბათ, შეიძლებოდა, სხვებიც დანიშნულიყვნენ. მაგრამ კატასტროფაც არ მომხდარა, იყო შედეგიც: კადეტები ერთხელ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ახალგაზრდები - ორჯერ.

დასანანი ის არის, რომ ვერ ხედავენ, რა გაკეთდა. შეიძლება იმაზე უკეთესად უნდა გამოსულიყო, ვიდრე შესრულდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გაკეთებულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?
ლევან ყიფიანი: ბესიკ ლიპარტელიანი ცდილობს, შეცდომები სხვას გადააბრალოს
ბესიკ ლიპარტელიანი: ლევან ყიფიანს პრეზიდენტად თავისი მეგობრის მოყვანა სურს
ვლადიმერ ბოისა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს
მკითხველის კომენტარები / 5 /
roma მთავარი რაც არის რაგბის ფედერაციაში დადებითი იციან რა უნდათ და საით უნდა იარონ 6 ერის და დანარჩენ ევროპულ რაგბს შორის დიდი ხნის განმავლობაში იყო უფსკრული და ეხლა ცდილობს დანარჩენი ევროპა რომ შეამციროს ეს ნაპრალი როგორმე კალათბურთან შედარება როგორ შეილება რაგბის კალათბურთს ლუქსემბურგიც თამაშობს და აზერბაიჯანიც რაგბს ნახევარი ევროპა არ თამაშობდა.მთავარია აქცენტები რამდენად სწორად ისმება ამათუიმ ფედერაციაში რაგბი მიდის წინ და შედეგი მომავალში აუცილებლად იქნება სწორედაც რომ 6 ერი.თუარა აგერ ბატონო წავა კალათბურთში ზაზას თაობა და რა დაგვრჩება კი ნახავ.
qutaiseli
09:58 23-09-2013
0
კარგი კაცი, მორცმუნე ადამიანი.მისი დამსახურებაა ის რაც გვაკვს და გვეამაკება..აბა რაა???
manana
04:37 23-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული