იგი მოვალეობის შესრულებასაც შეუდგა და ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
გენ-მდივნად გიორგი ქართველიშვილი იმუშავებს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად - კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა.
საინტერესოა, რა მიმართულებით იმუშავებენ ვიცე-პრეზიდენტები.
- გუნდური პრინციპით ვიმოქმედებთ, ყველა ერთმანეთს ჩავანაცვლებთ, თუმცა ფუნქციები დანაწილებული იქნება. კახა შენგელია შიდა ჩემპიონატებს მიხედავს, როგორც უმაღლეს ლიგას, ასევე უმცროსი ასაკის ყველა პირველობასა და ბავშვთა კალათბურთს.
ვლადიმერ ბოისა უცხოელებთან ურთიერთობას უზრუნველყოფს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მას ქართველი მწვრთნელებისთვის ჩასატარებელ სემინარებზე
რეგიონების შემდეგ ინვენტარიზაციას თბილისში ჩავატარებთ, თუმცა დედაქალაქში მეტ-ნაკლებად ვიცით, რა მდგომარეობაშია ბაზები.
- სავარჯიშო პირობების გარდა, კიდევ რა მიაჩნიათ ბავშვთა კალათბურთის მნიშვნელოვან პრობლემად?
- სხვადასხვა საკითხს შორის ერთ-ერთი პირველი, რასაც სერიოზულად უნდა მივხედოთ, მწვრთნელთა კვალიფიკაციაა. თუ პატარის ნიჭის სრული რეალიზაცია გვინდა, მას უნდა ჰყავდეს მცოდნე მწვრთნელი.
ვაპირებთ ტრენინგების, კონფერენციების ჩატარებას, ევროპიდან მოვიწვევთ სპეციალისტებს, რომლებიც ჩვენს მწვრთნელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
საქართველოში ბევრგანაა გახსნილი საკალათბურთო სკოლა თუ წრე. სამწუხაროდ, არის ისეთი სკოლები, რომლებიც შეჯიბრებებზე არ გადიან.
ჩვენი მიზანია, ასეთი სკოლები და მწვრთნელები გამოვავლინოთ და თუ სურვილი ექნებათ, მოვაქციოთ ერთიან სისტემაში, ჩავრთოთ ტრენინგებში, რათა ბავშვი სწორად გაიზარდოს.
საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა და ერთი ტალანტის დაკარგვის უფლებაც არა გვაქვს.
- ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო განათლების სამინისტროსთან.
- რა თქმა უნდა. ბავშვთა კალათბურთის განვითარების პარალელურად, განათლების სამინისტროსთან უნდა ვიმუშაოთ, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სტუდენტური კალათბურთის ფედერაციას და შეიქმნას სტაბილური სტუდენტური ლიგა, რომელშიც ითამაშებენ ახალგაზრდა სტუდენტები, მოემზადებიან, კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რომ შემდეგ სუპერლიგაში ითამაშონ.
- ბოლო დროს აქტიურად ლაპარაკობენ მეორე ლიგის შექმნაზე. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამ პროექტის მომავალ სეზონში ამოქმედება?
- მეორე ლიგაზე მეც ვფიქრობ. არის ზოგიერთი გუნდი, რომელსაც არა აქვს ისეთი შესაძლებლობა, უმაღლეს ლიგაში რომ იასპარეზოს. მათთვის ქვედა ლიგა აუცილებელია. თუმცა სიტუაციას შესწავლა სჭირდება.
უნდა გავთვალოთ, რისი შესაძლებლობა გვაქვს. მხოლოდ 1-2 დარბაზი უმაღლესი ლიგის, სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატისა და მეორე ლიგის თამაშებს ერთდროულად ვერ გასწვდება. საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
- თბილისში არაერთი არენაა, რომელიც ამაოდ ელის კალათბურთელების შესვლას.
- მერიას ეკუთვნის კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე დარბაზი, რომელშიც უამრავი ლეგენდა გაზრდილა. იგი ამჟამად მერიის დაქვემდებარებაშია და აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ მასში ბავშვთა წრემ იმუშაოს. ასევე მაქვს იდეა, რომ ამ დარბაზში გაიხსნას საქართველოს კალათბურთის მუზეუმი.
მერიას ეკუთვნის ვერის ბაღის დარბაზი და დიდუბის კომპლექსი. არსებობს პროექტი, რომლის მიხედვით, ამ დაწესებულებების რეკონსტრუქცია 2015 წლისთვის სრულად უნდა დასრულდეს.
ქუთაისშიც კარგი სპორტის სასახლეა, თუმცა იატაკი საკალათბურთოდ არ გამოდგება. ვაპირებთ ქალაქის მერიასთან ამ საკითხზე აქტიურად თანამშრომლობას. კარგი იატაკი ქუთაისს საშუალებას მისცემს, უმასპინძლოს მაღალი დონის შეჯიბრებებს. ხოლო, თბილისში 2-3 ევროპული ხარისხის არენა რომ გვექნება, კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ევროპაში რომელიმე ასაკში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მასპინძლობაზე თამამად შეიტანს განაცხადს.
სხვათა შორის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა რომ მომილოცეს, ფიბასა და ფიბა-ევროპის ხელმძღვანელებს მადლობის წერილი მივწერე.
ვთხოვე, უახლოეს მომავალში გამონახონ დრო შესახვედრად, წესდებასა და ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციაზე სასაუბროდ.
- არჩევნებამდე და მისი მსვლელობის პროცესში ყოველთვის ხმაური მოსდევდა ფედერაციის მოქმედ წესდებაზე მსჯელობას...
- ამ საკითხზე გამგეობის სხდომაზეც ვილაპარაკეთ. ახალი წესდების პროექტი უნდა შეიქმნას სპორტის სამინისტროსთან, ოლიმპიურ კომიტეტთან, ფიბასთან, სპორტისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
ჩვენი გუნდის პრესტიჟია, გონივრულ ვადებში გამზადდეს დებულების სამუშაო ვარიანტი, რომელიც განხილვის საგნად იქცევა.
შევჯერდებით ისეთ ვარიანტზე, წლების განმავლობაში ყველასთვის მისაღები რომ იქნება და ძირეული საკითხები არ შეიცვლება.
მალე შეიქმნება ელექტრონული მისამართი, რომელზეც საზოგადოებისგან მივიღებთ წინადადებებს როგორც დებულებასთან, ასევე საქართველოში კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით.
- საინტერესოა კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის მოსაზრება მიმდინარე სუპერლიგასთან დაკავშირებით.
- ჩემპიონატის ორგანიზაციული დონე ნორმალურია. რაც შეეხება სათამაშო დონეს, ისეთივე შეხედულება მაქვს, როგორიც გულშემატკივარს - საჭიროა დონის ამაღლება, რაც ერთ-ორ დღეში ვერ მოხერხდება. კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აუცილებელია, სუპერლიგის მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვიზრუნოთ. საერთოდ კი, ჩემპიონატის ზრდა ქვეყნის განვითარებაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
- საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. სერბ სპეციალისტ იგორ კოკოშკოვს გუნდთან კონტრაქტი ევრობასკეტის დასრულებისთანავე ამოეწურა...
- ჩემი აზრით, იგორ კოკოშკოვი ერთადერთი უცხოელი მწვრთნელია, რომელმაც შეძლო გუნდის უმაღლეს კონდიციებამდე მიყვანა, ერთიან სისტემაში მოქცევა.
საერთოდ, ვარსკვლავების მართვა ძალიან რთულია, ჩვენ კი მართლაც ვარსკვლავები გვყავს. ასევე ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოს ნაკრებს სჭირდება ისეთი მწვრთნელი, რომელიც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.
სწორედ ასეთ დროს ავლენენ ქართველები შესაძლებლობებს სრულად. ნაკრებს ისეთი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს, რომელიც გუნდს მაქსიმალურად გახსნის.
- ასე რომ, საქართველოს ნაკრებს შესაძლოა ახალი თავკაცი ჰყავდეს?
- ყველაფერი ახლო მომავალში გადაწყდება. დავილაპარაკებთ კალათბურთელებთან, სპეციალისტებთან, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, ვინ ან როგორი მწვრთნელი გვინდა.
ცხადია, იგორ კოკოშკოვზეც ვიმსჯელებთ და კანდიდატებს შორის რამდენიმე წარმატებული მწვრთნელიც იქნება.
თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კალათბურთის ფედერაციას არა აქვს ფუფუნება, ძვირად ღირებული სპეციალისტი ჩამოიყვანოს და მილიონი გადაუხადოს. მეტად საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე ვდგავართ და ვიმედოვნებ, შევარჩევთ ისეთ პიროვნებას, რომელიც წარმატებით უხელმძღვანელებს ჩვენს ნაკრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია