გიორგი ცინცაძე: იგორ კოკოშკოვი უნდა დარჩეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე მიმდინარე სეზონში უკრაინული "დონეცკის" ღირსებას იცავს. რიგ მატჩებში სასტარტო პლეიმეიქერია, ზოგჯერ სათადარიგოთა სკამიდან იწყებს.

ვითიბი ლიგაზე საშუალოდ 22 წუთში 5.1 ქულასა და 3.6 პასს აგროვებს, ხოლო უკრაინის ჩემპიონატში საშუალოდ 18 წუთში - 5.4 ქულასა და 3.3 პასს.

საინტერესოა, რამდენად კმაყოფილია გიორგი დონეცკური კარიერით და საერთოდ, რა მიზნებს ისახავს მისი გუნდი მიმდინარე სეზონში.

ამ საკითხებზე გიორგისთან თბილისში ვილაპარაკეთ - მატჩებს შორის მცირე შუალედი გამოჩნდა და ცინცაძე ოჯახთან ერთად საქართველოში 29 დეკემბრამდე ჩამოვიდა.

- შარშან კიევში
თამაშობდი, წლეულს დონეცკში ხარ. ახალ გარემოს როგორ შეეგუე?

- დონეცკი კარგი ქალაქია, თუმცა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისას პრობლემა არასოდეს შემქმნია. გუნდმა ბინაც მომცა და საერთოდ, პირობებს ნამდვილად არ ვუჩივი, რასაც ვერ ვიტყვით სათამაშო მხარეზე.

- "დონეცკის" შეხვედრებს პირდაპირ ეთერში ხშირად ვადევნებ თვალს და რჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდი ჯერაც საკუთარი თამაშის ძიებაშია...
- ნამდვილად ასეა, თამაში ჯერაც არ უპოვია, თუმცა როდის მოახერხებს ამას, თქმა მიჭირს. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, აღვნიშნავ, ვერც მე ვიპოვე საკუთარი თავი "დონეცკში".

- შუა სეზონში "დონეცკმა" დაიმატა გამთამაშებელი დარელ მიჩელი. ამის შემდეგ მწვრთნელს, ვალერი პლეხანოვს უკრაინელმა ჟურნალისტებმა უკანახაზელებზე რომ ჰკითხეს, უპასუხა - გიორგი ცინცაძე გუნდში რჩებაო.
- სხვათა შორის, გუნდიდან წასვლა მინდოდა, მქონდა საინტერესო შემოთავაზებებიც. დაველაპარაკე ხელმძღვანელობას, მაგრამ გაშვებაზე უარი მითხრა.

- შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრის გამოისობით, ბოლო დროს სათამაშო დრო მოგემატა...
- მოედანზე 40 წუთიც რომ ვიყო, კმაყოფილი მაინც ვერ დავრჩები, რადგან არ ვთამაშობ იმას, რაც მსიამოვნებს. საპირისპიროდ, შესაძლოა, მწვრთნელმა 10 წუთი მოგცეს, მაგრამ სწორი კალათბურთით მატჩის შემდეგ კმაყოფილი დარჩე.

- სწორ კალათბურთში რას გულისხმობ?
- სათამაშო დისციპლინას, კომბინაციების კარგად შესრულებას და გუნდის ერთ სისტემაში მოქცევას. ჩვენთან კი ინდივიდუალური კალათბურთია, გუნდურად ვერ ვთამაშობთ, რაც ჩემთვის მიუღებელია.

- სხვა მხრივ, გუნდში რა სიტუაციაა?
- სიტუაცია ნორმალურია, კალათბურთელებთან კარგი ურთიერთობები მაქვს. რაც მთავარია, თამაშებს ვიგებთ და კლუბის ხელმძღვანელობაც კმაყოფილია.

- რა მიზნებს გისახავთ?
- სეზონის დასაწყისში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და არაფერი უთქვამთ ჩემპიონობაზე, თუმცა მოგებას მოგება რომ მივაყოლეთ, ხელმძღვანელობასაც და კალათბურთელებსაც მადა მოგვემატა და ვეცდებით, უკრაინის ჩემპიონატში პირველობისთვის ვიბრძოლოთ.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი კარგი გუნდია და თუნდაც ფინალის საგზურის მოპოვება რთული იქნება.

- ბოლო მატჩში "ხიმიკთან" დამარცხდით. კიდევ ვინ მიგაჩნია უშუალო კონკურენტად?
- "ხიმიკი" მართლაც ძლიერია და ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ვთვლი. ასევე სერიოზული გუნდია "ბუდიველნიკი"...

- ბუდიველნიკელთა შემადგენლობაში შარშან ჩემპიონობა მოიპოვე. წლეულს ამ გუნდთან შეხვედრისას მთავარ მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს თუ ელაპარაკე? ხომ არ უთქვამს, რატომ აღარ დაგიძახა მიმდინარე სეზონის წინ, როცა გუნდს საევროლიგოდ აკომპლექტებდა?
- ამის შესახებ არაფერი მიკითხავს, თამაშის წინ შეხვედრისას კი ერთმანეთი მოვიკითხეთ.

- მწვრთნელის თემა იგორ კოკოშკოვით განვაგრძოთ. ბოლო დროს აქტუალური მსჯელობაა მისი გუნდში დარჩენა-არდარჩენის შესახებ. საინტერესოა ნაკრების თითოეული წევრის მოსაზრება მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით.
- იგორ კოკოშკოვი ჩვენს ნაკრებში 2008 წელს მოვიდა და ყოველწლიურად კარგ შედეგს უჩვენებს. ამიტომ მისი ნაკრებში დარჩენა ალოგიკური სულაც არ არის. საერთოდ, უკეთესი მწვრთნელის პოვნა ყოველთვის და ნებისმიერ გუნდში შეიძლება.

ეს ფედერაციის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, თუმცა მე თუ მკითხავთ, იგორ კოკოშკოვი უნდა დარჩეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული