"შეიძლება ითქვას, რომ 80 პროცენტით, იგორ კოკოშკოვი ნაკრებში დარჩება"

AutoSharing Option
ლიტვა, სლოვენია, მაკედონია, კანადა... ეს იმ ნაკრებთა არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც საქართველო ამ ზაფხულს ამხანაგურად ითამაშებს.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე გუნდის მოსამზადებელ გეგმაზეც დაწვრილებით გვესაუბრა, მთავარი მწვრთნელის საკითხზეც და მკითხველისთვის საინტერესო კიდევ არაერთ თემაზე.

კოკოშკოვი თუ...

დავიწყეთ ნაკრების მთავარი მწვრთნელით. შეგახსენებთ, რომ სერბ სპეციალისტ იგორ კოკოშკოვს გასულ შემოდგომაზე ნაკრებთან ორწლიანი ხელშეკრულება ამოეწურა და დღეისათვის გუნდი უმწვრთნელოდაა.

- ამჟამად მთავარი მწვრთნელობის ორი კანდიდატია, რომელთაგან ერთის ვინაობას ვერ გავამხელ. ერთი კი იგორ კოკოშკოვია, სპეციალისტი, რომელიც ჩვენს ნაკრებს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

- იოლი
მისახვედრია, რომ ჯერ სწორედ იგორ კოკოშკოვთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. თანახმაა, გუნდში დარჩეს?
- იგორ კოკოშკოვმა ნაკრებში მუშაობის გაგრძელების სურვილი წინასწარ კი გამოთქვა, მაგრამ ჯერ კონტრაქტის საკითხი არ გადაწყვეტილა. შეიძლება ითქვას, რომ 80 პროცენტით, იგი ჩვენთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც "კლივლენდის" ხელმძღვანელობასთან უნდა შეთანხმდეს, იგორ კოკოშკოვი ხომ NBA-ს ამ გუნდში მუშაობს.

- ნაკრების თავკაცის ძიების პროცესში კიდევ გამოჩნდებოდა არაერთი კანდიდატი...
- უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული გუნდისთვის შესაფერისი კანდიდატურის პოვნა იოლი საქმე არ არის. ნაკრებსა და კლუბში მუშაობა ერთმანეთისგან მეტად განსხვავდება. კლუბში ბევრ რამეს ფული არეგულირებს, ნაკრებში კი მწვრთნელი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს, ურთიერთობები უმტკივნეულოდ მოაწესრიგოს. ეროვნულ გუნდში ხომ მოტივაციის ამაღლება უმთავრესად პატრიოტიზმზეა დამოკიდებული.

- გვაქვს გარანტია, რომ მეორე კანდიდატი, სერბი მწვრთნელი თუნდაც ერთი თვის შემდეგ, იგორ კოკოშკოვის უარის შემთხვევაში აზრს არ შეიცვლის და ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდება?
- იგი მზადაა, ჩვენს ნაკრებში იმუშაოს. სხვათა შორის, კოკოშკოვი მას კარგად იცნობს და ურთიერთობაც აქვთ. სერბეთში ხომ მწვრთნელთა უმეტესობა ერთმანეთს იცნობს. ეს ჩვენთვის სასარგებლოცაა: ჩეხეთსა და უნგრეთში არაერთი სერბი სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც ჩვენს მწვრთნელს ნაკრების მეტოქეთა შესწავლაში დაეხმარებიან.

სლოვენიაში
თითქმის საბოლოოდაა გარკვეული ოფიციალური მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მომზადების გეგმა და საკონტროლო შეხვედრებში მეტოქეთა ვინაობა.

- ეროვნული გუნდი ფიზმომზადებას 2 ივნისიდან თბილისში დაიწყებს. 12-14 დღე საქართველოში დარჩება, რის შემდეგაც სლოვენიას მიაშურებს და დაბინავდება დაბა პოდჩეტრტეკში. სწორედ იქ, სადაც 2013 წელს ვარჯიშობდა. სლოვენიიდან ნაკრები მაკედონიაში გადავა, სადაც 16-18 ივლისს ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი მეტოქეები იქნებიან მასპინძელი მაკედონია, ავსტრია და რუმინეთი.

- სლოვენიაში ადგილობრივ ნაკრებთან თუ იგეგმება თამაში?
- მაკედონიიდან გუნდი ისევ სლოვენიაში დაბრუნდება და სამგუნდიან ამხანაგურ შეჯიბრებაში ითამაშებს, სადაც ჩვენი და მასპინძლის გარდა, საკმაოდ ძლიერი კანადის ნაკრები გამოვა.

ამას მოჰყვება ორი ამხანაგური დაპირისპირება ლიტვაში, ადგილობრივ ნაკრებთან. შეხვედრები 28 და 30 ივლისს გაიმართება.

ლიტვიდან გუნდი თბილისში დაბრუნდება და შინ განაგრძობს წვრთნას. რადგან პირველი შეხვედრა თბილისში 10 აგვისტოს გველის (ჩეხეთის წინააღმდეგ), გუნდისთვის კარგი იქნება სპორტის სასახლეში თამაში.

ამ მიმართულებით მუშაობა თითქმის ბოლომდეა მიყვანილი - გადაწყვეტილია, რომ 2-4 აგვისტოს თბილისი ტრადიციულ ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს.

- მეტოქეთა ვინაობა თუ არის ცნობილი?
- ერთი გუნდი გარკვეულია - ბელორუსი. დიდი ალბათობით, მეორე მეტოქე დიდი ბრიტანეთის ნაკრები იქნება. თბილისის ტურნირში მონაწილე მეოთხე გუნდის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. ოთხი ქვეყნიდან ველით პასუხს. ასევე, არ არის გამორიცხული, თბილისში ტურნირზე მეოთხე გუნდად ამერიკის კოლეჯების უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი ჩამოვიდეს.

- ჩეხეთთან შეხვედრის შემდეგ სამი გასვლითი თამაში გვიწევს. ალბათ, გაუმართლებელი იქნება შუალედში საქართველოში დაბრუნება...
- გადაწყვეტილია, რომ უნგრეთში, პორტუგალიასა და ჩეხეთში გასამართი შეხვედრებისას საქართველოს ნაკრები ევროპაში დარჩება. კალათბურთელებს ზედმეტი მგზავრობით არ გადავღლით.

შევარჩევთ სათანადო ბაზას, სადაც გუნდი კარგად მოემზადება. ასევე გვინდა, ყველა მოწინააღმდეგე ქვეყანაში ისეთ დროს ჩავიდეთ, რომ მოთამაშეებს მეტოქის მოედანთან შესაგუებლად მეტ-ნაკლებად საკმარისი დრო დარჩეთ.

სუპერლიგა, სტუდენტები...
საქართველოს ნაკრებიდან სუპერლიგაზე გადავინაცვლოთ. დავიწყოთ პრობლემით...

- სოხუმი ყველა ჩვენგანის ტკივილია და ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში აუცილებლად უნდა თამაშობდეს. დღეისათვის სოხუმელებს ფინანსური პრობლემები აქვთ, რაც ძალიან გულსატკენია.

ვიცით, რომ რამდენიმე თვეა კალათბურთელებს ხელფასები არ მიუღიათ. თუ გუნდის სპონსორი აღარ განაგრძობს დაფინანსებას, ვეცდებით, ჩვენ დავეხმაროთ ახალი პარტნიორის მოძიებაში.

- მთავრობის ბიუჯეტზე მყოფ გუნდებზე რისი თქმა შეგიძლიათ, ხომ არ იქნება მათი დაშლის საშიშროება?
- ასეთი საფრთხე "ოლიმპს", "არმიასა" და "შსს აკადემიას" არ ემუქრებათ. გული მწყდება სტუდენტურ გუნდებზე, რომლებიც მიმდინარე სეზონის წინ დაიშალნენ. ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელს უკვე შევხვდი, თუმცა დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით.

კიდევ ორ სასწავლებელს შევხვდები და იმედი მაქვს, სუპერლიგაში ერთი სტუდენტური გუნდი მაინც ითამაშებს.

ასევე ვაპირებთ მჭიდრო თანამშრომლობას საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან, რათა კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს კალათბურთს. მომავლისთვის ვგეგმავთ მეორე ლიგის შექმნას და შესაძლებელია, ეს სტუდენტური კლუბების დახმარებით მოხდეს.

- როგორ უყურებთ სტუ-ს საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში გამოსვლას?
- სტუ-ში ვსწავლობდი და შეიძლება ითქვას, მისი წარმომადგენელი ვარ. ამ გუნდს საერთაშორისო ლიგაშიც ვქომაგობ და მიმაჩნია, რომ მეტი გუნდი უნდა ჩაერთოს ამ შეჯიბრებაში. ოღონდ იმ პირობით, თუ სუპერლიგას ეს ხელს არ შეუშლის. სხვათა შორის, 21 თებერვალს სწორედ საერთაშორისო სტუდენტური ლიგის წარმომადგენლებთან ვგეგმავ შეხვედრას.

ქალები

წინასაარჩევნო პროგრამაში მიხეილ გაბრიჩიძეს ერთ-ერთ მთავარ პუნქტად ქალთა კალათბურთის განვითარება ჰქონდა...

- მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ჩემს მეგობარ ქალ კალათბურთელებთან. გვინდა ქალებში სპორტის ამ სახეობის განვითარებას მნიშვნელოვანი ბიძგი მივცეთ. ვცდილობთ, გავაფართოოთ საქართველოს ჩემპიონატის მასშტაბებიც და გეოგრაფიაც.

დიდი ხანია, არ არსებულა საქართველოს ქალთა ნაკრები. ამჟამად უკვე შეიქმნა უმცროსი ასაკის ნაკრები, რომელიც თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული ფესტივალისთვის ემზადება.

ბავშვები
ბავშვთა კალათბურთში სიტუაციის ერთბაშად გაუმჯობესება შეუძლებელია, თუმცა საინტერესოა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

- ბავშვთა კალათბურთის დონით კმაყოფილი ნამდვილად არა ვარ. ფაქტია, რომ გაიზარდა დაინტერესება, პატარების რაოდენობა მატულობს, მაგრამ რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს. სხვა უამრავ საკითხთან ერთად, მნიშვნელოვანია მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

მომავალი სეზონიდან ჩამოვიყვანთ გამოცდილ ბალკანელ სპეციალისტს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ჩვენს ბავშვთა კალათბურთს და დადებს დასკვნებს, რომელიც სამომავლოდ სახელმძღვანელოდ გამოგვადგება და სწორი მიმართულებით განვითარებაში დაგვეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატონო თემურ, და მეორე კანდიდატი ვინ არის? ან რაზეა ან ვისზე დამოკიდებული გადაწყვეტილება? ანუ თქვენი თქმით პირველი კანდიდატიც სერბია და თანაც თანახმაა. ანუ ესეიგი კოკოშკოვის გადაწყევეტილებას ველოდებით? შეიზლება უარი თქვას? თუმცა გასაკვირი არ იქნება თუუარი თქვა თქვენ ხომ 2 თვე მოანდომეთ ელემენტარულ შეთავაზებას. გარდა ამისა ლოგიკურად ჩანს რომ მეორე სპეციალისტი კოკოშკოვზე დაბალი დონის არის რადგანაც ის თანახმა ყოფილა და თქვენ კი კოკოშკოვის გადაწყვეტილებას ელოდებით? მოკლეთ ალუდას ვეთანხმები სრულად! ქალათბურთის თამაშში ფედერაციის იმედზე ვერ ვიქნებით და იქნებ ისე მაინც უზრუნველყოთ რომ ბიჩებმა მართლაც გზაში არ იწვალონ და ნორმალურ გუნდებს შეხვდნენ სპარინგებში. P.ს. აგრეთვე ცუდი არ იქნება თუ წინასწარ მოხდება ევრობასკეტის ტურების უზრუნველყოფა (მე ორივე ევრობასკეტს დავესწარი და ჩემმნაირი ბევრია) რათა ჩვენ ბიჩებს მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა ყავდეს. ან იქნებ ერტი თვით "მიშა" დავაბრუნოთ 2015-ის აგვისტოში, რომ ლიტვის ვარიანტი იყოს:) იქ მარტო 2,000 კაცი შშს-მ გამოუშვა საგულშემატკივროდ, პლიუს სუხიშვილები:)
0
თქვენი მოსვლით იმედი გაჩნდა, რომ რაღაც წინსვლა იქნებოდა ნაკრების თამაშში. ეტყობა ამას არ უნდა ველოდოთ. კვლავ ჩვენი კალათბურთელების მაღალი დონის იმედი უნდა გვქონდეს და არა რამე სიახლეების. უნდა მიხვდეთ, რომ კოკოშკოვ-უსტიაშვილ-ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს.ფინალურ ეტაპზე (სადაც იმედია გავალთ) კვლავ კარგი კენჭისყრის იმედად უნდა დავრჩეთ. სიახლეები საჭირო ბატონებო ნაკრებში...
თემური
16:45 19-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული