მისი თქმით, საჭიროა მინიმუმ ორი გამარჯვება, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდეს. როგორც კოკოშკოვმა აღნიშნა, მთავარი ამ გეგმის შესასრულებლად ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ჰოლანდიასთან გამარჯვებაა.
"პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა მოვიგოთ. იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარი ხვდება, თუ რამდენად რთული თამაში გველის ჰოლანდიის წინააღმდეგ, რომელმაც ძალიან ძლიერად ითამაშა ძლიერ
ჩვენ ქართველები ვართ და ვიბრძოლებთ ამ გეგმის შესასრულებლად. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რომ გავიმარჯვოთ როგორც ჰოლანდიასთან, ასევე წარმატებას მივაღწიოთ ჯგუფის სხვა ნაკრებებთან თამაშში", - განაცხადა იგორ კოკოშკოვმა.
მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს ბოლო წლებში დაგროვილი გამოცდილება "ევრო 2015"-ზე ძალიან გამოადგება.
"24 ივლისს სლოვენიაში იწყება ნაკრების მოსამზადებელი შეკრება. 20 მოთამაშეს ვუხმობთ ეროვნულ ნაკრებში. ჩვენ შეიძლება არ ვართ ბებერი გუნდი, მაგრამ გვაქვს დიდი გამოცდილება.
ვიცით, თუ რა გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. თავად ევროპის ჩემპიონატის ფორმატი ძალიან რთულია. არც ერთ სხვა ტურნირზე არ მახსენდება ასეთი დატვირთვა - 6 დღეში 5 თამაში.
მაქსიმალურად მივუყვებით იმ გეგმას, რაც გვქონდა, რადგან ამ გეგმის შედეგად წინა წლებში წარმატებას მივაღწიეთ. უნდა ველოდოთ ახალ სახეებს, თუმცა ჯერ ძნელია საუბარი, თუ ვინ იქნება ზუსტად ამ 20-კაციან შემადგენლობაში.
მაქსიმალურად დავაკვირდებით მოთამაშეებს. საქართველოს ნაკრების კარი ყველა მოთამაშისთვის ღიაა და თავად მათზეა დამოკიდებული, როგორ ჩაატარებენ სეზონის მეორე ნახევარს და თუ ვინ იქნება ნაკრებში გამოძახებული", - განაცხადა კოკოშკოვმა.
რაც შეეხება ნაკრებში ნიკოლოზ ცქიტიშვილის და ლაშა გამყრელიძის გამოუძახებლობას, როგორც კოკოშკოვმა განაცხადა, თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ისინი შეავსებენ გუნდს, მზად არის, გამოიძახოს ეს კალათბურთელები.
"არც ერთ კალათბურთელთან მიმართებაში პირადი მოსაზრებების გამო გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია. გუნდი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც დამოკიდებულია თითოეულ წევრზე. თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ ისინი შეავსებენ გუნდს, მე მზად ვარ, გამოვიძახო ეს კალათბურთელები.
ნიკა ცქიტიშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს. მე მასთან ვისაუბრე გასულ ზაფხულსაც და თავისივე გადაწყვეტილება იყო ის, რომ დაესვენა და მომზადებულიყო მხოლოდ კლუბისთვის. ჩვენ ამ კალათბურთელებს კვლავ ვაკვირდებით. თუ მოხდა ისე, რომ ისინი გუნდისთვის აუცილებლები გახდებიან, ჩვენ მათ აუცილებლად გამოვიძახებთ ნაკრებში", - განაცხადა კოკოშკოვმა.
გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ის ძალიან ბედნიერია და მოხარულია, რომ ჩამოვიდა თავის მეორე სამშობლოში - საქართველოში.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ სეზონის ამ ნაწილში მოვახერხე ჩამოსვლა. წინა წლებში სეზონის ამ პერიოდში ჩამოსვლას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკა ჩემი მისამართით.
ძალიან ხშირი კონტაქტი გვაქვს ფედერაციასთან, მწვრთნელებთან; გავმართეთ ამ ხუთი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა, დავესწარი 20-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს და ვნახე საქართველოს ის კალათბურთელები, რომლებიც იქნებიან მომავალში ნაკრებში", - განაცხადა კოკოშკოვმა.
წყარო: interpressnews.ge