მერამდენედ უნდა შევრცხვეთ? განვმეორდებით: ტაბლო გამოსაცვლელია!

AutoSharing Option
ვისია სპორტის სასახლე? კომპანიას თუ მისი მფლობელის გვარსა და სახელს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მან ეს წაიკითხოს და კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ სპორტის სასახლეში ტაბლო გამოსაცვლელია.

ასეთი მოწყობილობით არათუ საერთაშორისო, შიდა ჩემპიონატის მატჩების ჩატარებაც არ შეიძლება. მერამდენედ უნდა შეგვარცხვინოს მხცოვანმა ტაბლომ?

გემახსოვრებათ, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სერბეთისა და იტალიის ნაკრებთა მატჩის წინ ტაბლო ჩაქრა და შეხვედრა გვიან ღამისთვის გადაიდო. მეორედ ტაბლომ პარასკევს, თბილისის მერიის თასზე შეგვარცხვინა: საქართველოსა და ესტონეთის თამაშის წინ "მოკვდა" და რომ არა მასპინძლის სტატუსი, ზაზა ფაჩულია და
მისი თანაგუნდელები შესაძლოა, მოედანზე არც გამოსულიყვნენ.

აბა, სად გაგონილა, NBA-ს კალათბურთელს მატჩისას გამოუცხადო - შეტევისთვის დაგრჩა 15 წამი... 10 წამი... 5 წამი... ესროლე, რაღას ელიო!

პირდაპირ ვიტყვით, ეს კალათბურთელებისა და გულშემატკივრის უპატივცემულობაა. ტაბლოს მოულოდნელად ჩაქრობა კი არა, ისეთი ტაბლოთი თამაშის წარმართვაა უპატივცემულობა, რომელიც სანახევროდ მუშაობს და დროდადრო "ჩამოეყვინთება" ხოლმე.

გაზეთში დაწერილი ხშირად დარჩენილა ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა, მაგრამ გაზეთში წაკითხვა სულაც არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ სპორტის სასახლეში ტაბლოა გამოსაცვლელი!

* * *
კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ტაბლოსთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდა:

"თბილისის მერიის თასის გახსნის მატჩი ტექნიკური ხარვეზების თანხლებით ჩატარდა. ტურნირის პირველ შეხვედრაში, რომელშიც საქართველო ესტონეთს ხვდებოდა, მწყობრიდან გამოვიდა სპორტის სასახლის ტაბლო და მატჩის მონაწილეებთან ერთად გულშემატკივარს დისკომფორტში უწევდა ყოფნა.

საკალათბურთო მატჩის ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სპორტის სასახლის დირექციაა, რომელმაც ტაბლოს თამაშის დღეს საგანგებო შემოწმება ჩაუტარა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ტაბლო გამართულად მუშაობდა, თამაშის წინ ის მწყობრიდან გამოვიდა და მატჩის ჩატარებას პრობლემები შეუქმნა.

მომხდარის გამო წუხს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სასახლის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა არ აკისრია, ბოდიშს უხდის დარბაზში საქართველოს ნაკრების საქომაგოდ მისულ ათასობით გულშემატკივარს.

სამწუხაროდ, ფედერაციას არ გააჩნია საკუთარი დარბაზი, რათა საერთაშორისო და შიდასაჩემპიონატო მატჩებს უმასპინძლოს და მათ გამართულად ჩატარებაზე გულშემატკივრის წინაშე სრული პასუხისმგებლობა აიღოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"განვმეორდებით" რა უბედურებაა ბატონო ვაჟა???
giorgipirweli
16:53 17-08-2015
0
მაგრად ტეხავს
თბილისი
17:42 17-08-2015
0

სიახლეები პოპულარული