ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ

AutoSharing Option
30 აგვისტოს იტალიის ქალაქ ტრიესტეში ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად მონაწილეობდა ფოტოსესიაში, რომელიც მეტად მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. ზაზამ გივი სანაძეს სათვალე გამოართვა, წიგნი მოიმარჯვა და ისე გადაიღო სურათი...

გავიდა ერთი თვე და ნაკრების კაპიტანს სულ სხვა ატმოსფეროში, NBA-ს ვარსკვლავების გარემოცვაში მოუწია ფოტოსესიაში მონაწილეობამ. ეს იყო "დალასის" მედიადღე, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი ესწრებოდა...

საქართველოს ნაკრები და "დალას მავერიქსი", აი, ორი ძირითადი თემა, რომელზეც ზაზა ფაჩულიასთან ვისაუბრეთ.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საჭირო იყო ცოტა განტვირთვა, დასვენება, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. საფრანგეთიდან საქართველოში
დავბრუნდი, შემდეგ კი დალასში გადმოვფრინდი.

"დალას მავერიქსთან" ვარჯიში ოფიციალურად არ დამიწყია, თუმცა შეკრების თარიღის მოახლოებასთან ერთად კალათბურთელებიც ქალაქში იყრიან თავს და ერთობლივადაც ვვარჯიშობთ. თუმცა ამას გუნდურზე უფრო ინდივიდუალურ წვრთნას დავარქმევდი. ოფიციალური ვარჯიშები ოქტომბრიდან დაიწყება.

Sportall.Ge

- რამდენად საინტერესოა ახალ გარემოში, ახალ თანაგუნდელებთან ურთიერთობა?
- ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ორგანიზაციაში მოვხვდი. "დალასი" ხომ ყოველ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, რისი გარანტიაც კლუბის მფლობელი მარკ კუბანი და ლიდერი დირკ ნოვიცკი არიან. არც ერთ მათგანს არ უყვარს წაგება, გამარჯვებული ფსიქოლოგიის ხალხია და ვინც უნდა მოხვდეს "დალასში", სხვანაირი ვერ იქნება.

NBA-ში მე-13 სეზონს ვატარებ, ჩემი ხასიათიც ყველამ კარგად იცის და ვეცდები გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. დღეს მხოლოდ წინასწარმეტყველება შეიძლება, რა მოხდება მომავალ სეზონში. გუნდის სახე უკვე საგამოფენო მატჩებიდან გამოჩნდება.

- ამას წინათ, საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ ტაირონ ელისს შეხვდი. როგორ იხსენებს ჩვენი ნაკრების მაისურით ჩატარებულ შეხვედრებს?
- ელისმა ჩვენთან ბოლოს 2009 წელს ითამაშა. მას მერე მასთან კავშირი არ გამიწყვეტია. იგი დალასიდანაა და აქ რომ ჩამოვედი, ცხადია, ტაირონს შევხვდი კიდეც. საუბრისას ძალიან თბილად იხსენებს ჩვენთან გატარებულ დროს.

კარიერის დასრულების შემდეგ ელისმა მწვრთნელობა დაიწყო და პირველივე სეზონში "ოკლაჰომაში" მოღვაწეობდა. ამ სეზონის წინ კი "ფინიქსში" გადავიდა. ჭკვიანი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, როგორც მწვრთნელი, ბევრს მიაღწევს.

Sportall.Ge

- ევრობასკეტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიასთან დაკავშირებული საკითხები იყო. როდის იხსნება აკადემია?
- პირველი ოქტომბრიდან. მიხარია და თან ვნერვიულობ, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუმცა მთავარია, რომ კარგი საქმე კეთდება, ქართველ ბავშვებს ვარჯიშისთვის საუკეთესო პირობები ექნებათ.

ჩემი მიზანია ჩამოყალიბდეს სათანადო სისტემა, რომლის გავლის შემდეგ მოზარდი პროფესიონალად, დისციპლინირებულ კალათბურთელად და განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბდება. სპორტთან ერთად ყურადღებას განათლებასაც მივაქცევთ. ყველა ასაკში შეიქმნება აკადემიის ნაკრებები და ბავშვებს იქ მოხვედრის დამატებითი სტიმული ექნებათ. ხოლო ნაკრებები სხვადასხვა შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

- მწვრთნელების უცხოეთიდან მოწვევას აპირებდი.
- აკადემიაში ქართველებთან ერთად უცხოელებიც იმუშავებენ, ვეცადეთ შეგვერჩია საუკეთესო სპეციალისტები, რომლებსაც თავისი საქმეც ძალიან უყვართ და ბავშვებიც. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- რადგან ზემოდან ქვემოთ მივუყვებით, "დალასისა" და ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის შემდეგ საქართველოს ნაკრებზე ვთქვათ. რა ეტაპი იყო ევრობასკეტი-2015 შენს კარიერაში?
- კონკრეტული პასუხი არ არსებობს. უამრავ ტურნირზე მითამაშია, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ალბათ, იმიტომაც, რომ საკალათბურთო თვალსაზრისით, ასაკში შევდივარ, ახლოვდება კარიერის ფინიშის ხაზი. ასეთ დროს თითოეული თამაშისთვის განსაკუთრებით ემზადები, გინდა ბოლომდე დაიხარჯო, ისე ითამაშო, თითქოს ეს შენი ბოლო მატჩია. ასეთ დროს არათუ წუთი, წამიც არ გაქვს დასაკარგავი.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ზაგრებსა და ლილში ძალიან ვეცადე გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი, ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგისთვის მიგვეღწია.

- პირველი მატჩი იმედგაცრუებისა იყო.
- როგორც გულშემატკივარი, არც ჩვენ მოველოდით ევრობასკეტის ასე ცუდად დაწყებას, თუმცა საქმე ხომ სპორტთან გვაქვს, სადაც ყველაფერი ხდება, წინასწარ დაბევებული ქულები არ არსებობს. ყველაზე გაუთვალისწინებელი ჩვენი ჰოლანდიასთან წაგება იყო. ამ მარცხმა ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა, არადა როგორც შემდეგ გამოჩნდა, ჰოლანდია არ იყო სუსტი გუნდი, ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა მერვედფინალში გასვლის შანსს, რომელიც საბერძნეთთან თანაბარ თამაშში ბოლო წამებზე დაკარგა.

- არც სლოვენია იყო გუნდი უძლეველთა კატეგორიიდან.
- სლოვენია ნამდვილად არ იყო ის გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ ჰოლანდიასთან იმედგაცრუების შემდეგ, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად იყო რთული მომდევნო შეხვედრებისთვის გადაწყობა. არც შესაბამისი დრო გვქონდა სულის მოსათქმელად და სიტუაციის გასაანალიზებლად. საჭირო იყო სწრაფი რეაბილიტაცია, საამისოდ კი მაკედონიასთან მატჩში კარგი შესაძლებლობა მოგვეცა.

ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის შეხვედრა - წაგება ევრობასკეტიდან აბარგებას ნიშნავდა, რისი სურვილიც ნამდვილად არ გვქონდა, მთელი ზაფხული თავდაუზოგავად იმიტომ როდი ვიმუშავეთ, რომ ასე უჩუმრად დავმშვიდობებოდით ევროპის ჩემპიონატს.

საქართველოს ნაკრებს ახასიათებს განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში ძალების მაქსიმალურად მობილიზება, რაც მაკედონიასთან მატჩის წინა კარგად მოვახერხეთ.

- საწყისი სამი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაში მთლიანად გადასხვაფერდა...
- პირველი, რაც წინა სამი თამაშის შემდეგ შევცვალეთ, ტაქტიკა იყო - შევეცადეთ დაცვაში ერთი-ორად აგრესიულად გვეთამაშა. ეს ჩვენთვის უცხო სულაც არ იყო, ჩემს და საერთოდ ქართულ ხასიათშია თავდადება, მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შევიწროება.

ჩვენი დაცვაც მთლიანად შეიცვალა - ჩვენი ნახევრის არც ერთ მონაკვეთში მაკედონიელებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ ვაძლევდით, მეფარეებიც ხშირად ავდიოდით პერიმეტრზე ამა თუ იმ კალათბურთელის მეურვეობისას. მაკედონიის ნაკრების კოზირი ხომ სამქულიანები იყო. დაცვაში კარგმა თამაშმა შეტევაშიც გაგვიხსნა სივრცეები და ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მატჩი გამოგვივიდა (90:75 გავიმარჯვეთ).

- მერვედფინალში, ლიტვასთან მატჩშიც ახლოს ვიყავით წარმატებასთან.
- საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის გუნდებთან თამაშიც შეუძლია და წარმატების მიღწევაც. ლიტველებთან მატჩის გარკვეულ მონაკვეთში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, თითქოს თავდაჯერებეც შეგვემატა, დავიჯერეთ, რომ ამ გუნდის დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ ჩვენივე შეცდომების გამო მეტოქეს დაწევის საშუალება მივეცით.

ლიტვის დონის ნაკრები კი შეცდომებს არავის პატიობს, მით უმეტეს მერვედფინალში, სადაც წაგება და ჩანთის ჩალაგება ერთია. მათ პლეი ოფში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და სწორედ ამით გვაჯობეს.

მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ბევრი ვეცადეთ, თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ... სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა.

თუმცა ცხოვრება, წინსვლა გრძელდება, ჩვენი ადგილი ევროპაში უკვე დავიმკვიდრეთ, ჩვენი ხასიათი ყველას დავანახეთ. უცხოელები აღარ გვიყურებენ როგორც აუტსაიდერებს, დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. რაც მთავარია, ღირსეული თამაში!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული