საქართველოს კალათბურთელთა B ნაკრებმა ჩინეთში გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული "ბ" ნაკრები, რომელიც წლეულს შეიქმნა, სადებიუტო მატჩებს ჩინეთში გამართავს. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი, ჩინური შეკრების ფარგლებში, 1-დან 14 ივლისის ჩათვლით, 3 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და მთლიანობაში 9 მატჩს ჩაატარებს.

საქართველოს "ბ" ნაკრები 15 ივნისს შეიკრიბა და ჩინური ტურნესთვის აქტიურად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ის მოთამაშეები არიან თავმოყრილნი, რომლებიც ეროვნული გუნდის კანდიდატებად განიხილებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითად ნაკრებში ვერ მოხვდნენ.

საერთაშორისო ტურნირები ჩინეთის პროვინცია ჯიანგსუს 3 ქალაქში - ჩანგშუში, ჟანგჯიაგანგსა და ნანტონგში გაიმართება.
საქართველოს, ჩინეთისა და პოლონეთის "ბ" ნაკრებებთან ერთად ტურნირებში მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის ეროვნული გუნდი. ჩამოთვლილი ნაკრებები სამ ქალაქში ცალ-ცალკე ტურნირებს ჩაატარებენ: ჩანგშუში (4-6 ივნისი), ჟანგჯიაგანგსა (8-10 ივლისი) და ნანტონგში (12-14 ივლისი).

29 ივნისს "ბ" ნაკრებმა სპორტის ახალ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. გთავაზობთ კომენტარებს:

დავით უსტიაშვილი (მთავარი მწვრთნელი):
- ამ ნაკრების ჩამოყალიბების მიზანი არის ის, რომ მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში, არადა, ამის პოტენციალი გააჩნიათ, სათამაშო პრაქტიკის გარეშე არ იყვნენ. ჩინეთში საკმაოდ ძლიერ გუნდებს შევხვდებით - რუმინეთის ეროვნული და ჩინეთისა და პოლონეთის "ბ" ნაკრებები სოლიდური სპარინგ-პარტნიორები არიან. მართალია, მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა და არც საკონტროლო მატჩები ჩაგვიტარებია, თუმცა ჩინეთში, სადაც 9 შეხვედრა გველის, მოთამაშეებს შანსი მიეცემათ, მოემზადონ, ფორმაში შევიდნენ და დაამტკიცონ, რომ მათი ადგილი ეროვნულ ნაკრებშია.

რევაზ როგავა (უკანახაზელი):
- პირველი წელია, რაც "ბ" ნაკრები შეიკრიბა, რაც კარგი წამოწყებაა, რადგან არაერთ მოთამაშეს საშუალება აქვს, საერთაშორისო მატჩებში თავი გამოიჩინოს და დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს.

გიორგი ჯგერენაია (ფორვარდი):
- მოსამზადებელი ეტაპი, სამწუხაროდ, არ გვქონდა საკმარისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნორმალურ ფორმაში ვართ. უნდა ჩავატაროთ 3 ტურნირი, რომლებშიც შევხვდებით საკმაოდ ძლიერ გუნდებს. ეს იქნება ჩვენთვის პირველი გამოცდა და ვეცდებით, ღირსეულად შევხვდეთ მას.

საქართველოს "ბ" ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სიმაღლე გუნდი 2015-16
ირაკლი მიქელაძე უკანახაზელი 182 ბათუმი
ბექა წივწივაძე უკანახაზელი 190 ვითა
რევაზ როგავა უკანახაზელი 194 ოლიმპი
გივი ბაქრაძე უკანახაზელი 180 სოხუმი
ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 191 დინამო
კახა ჯინჭარაძე ფორვარდი 194 მგზავრები
მერაბ ბოქოლიშვილი ფორვარდი 196 აკადემია
გიორგი ორმოცაძე ფორვარდი 194 მგზავრები
გრიგოლ შვანგირაძე ფორვარდი 196 დინამო
გიორგი ჯგერენაია ფორვარდი 205 სოხუმი
ბექა ბექაური ფორვარდი 208 ქუთაისი
აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ბათუმი
რიჩარდ მათიაშვილი ცენტრი 208 ქუთაისი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დაბალი რეზერვი გვყავს. მომავალში გაგვიჭირდება.არ მოდის მაღალი თაობა.ლილიპუტებივით გამოვჩნდებით.
koka
17:05 30-06-2016
0

სიახლეები პოპულარული