საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთში მნიშვნელოვანი გამარჯვება საკმაოდ იოლად მოიპოვა.
ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა უბადლოდ ითამაშა და მასპინძელთა ეროვნულ გუნდს წარმატების ყველანაირი იმედი თავიდანვე მოუსპო. ბრატისლავაში ჩატარებულ შეხვედრას საკმაოდ უარყოფითი შედეგიც ჰქონდა - საქართველოს ნაკრებმა რიგი მიზეზების გამო 3 მოთამაშე უკვე პირველივე ტაიმში დაკარგა, რომელთაგან მომდევნო - 7 სექტემბერს მონტენეგროსთან გასამართ მატჩში თამაში ორისთვის სათუოა.
მეორე მეოთხედის ბოლო წუთზე, როცა საქართველოს ნაკრები 21 ქულით - 50:29 იგებდა, სლოვაკი ბორის ბოიანოვსკი ზაზა ფაჩულიაზე გადამეტებული უხეშობის გამო არასპორტულად დაჯარიმდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს კონფლიქტში ჩართული ბესო ლეჟავა, ხოლო ინციდენტის დროს სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლისთვის ანალოგიური სასჯელი მიიღო ვიქტორ სანიკიძემ.
საქმე მოთავებული იყო, ქართველები 21 ქულით იგებდნენ, მაგრამ მოუთოკავი ემოციების გამო თავი საფრთხეში ჩაიგდეს. მართალია, მეორე ტაიმში ქართველებმა კიდევ უფრო დამაჯერებლად ითამაშეს და სლოვაკებს შანსი არ დაუტოვეს, მაგრამ 2 დისკვალიფიცირებული მოთამაშის გვარიანად სანერვიულოა.
ითამაშებს თუ არა ლეჟავა მომდევნო მატჩში, ამას ფიბა-ს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს. სანიკიძეს კი მომდევნო შეხვედრის გამოტოვება არ ემუქრება.
ეს იყო ალბათ გამონაკლისი, იმ გასვლითი მატჩებიდან, რომელშიც გულშემატკივრობის მხრივ საქართველოს ნაკრებს თავი სტუმრად არ უგრძვნია. ავსტრიიდან და სლოვაკეთის მეზობელი ქვეყნებიდან ბრატისლავას "ჰანტ-არენაზე" ქართული დიასპორის საკმაოდ დიდი დესანტი იყო თავმოყრილი. ქართული დროშები სლოვაკურს სჭარბობდა, ხოლო აქტიურობით ჩვენი თანამემამულეები მასპინძლებს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.
სამწუხაროდ, მასპინძლებმა სიტყვა ვერ შეასრულეს და დაგეგმილი ტრანსლაცია youtube.com-ზე ვერ განახორციელეს, რის გამოც საქართველოში (და ვერც ვერსად, დედამიწის ზურგზე), ამ მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება ვერ მოახერხეს.
მატჩს დაესწრო და მის დაწყებამდე ქართველ კალათბურთელებს შეხვდა ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე. არც მინისტრს და საქართველოს ნაკრების არც ერთ სხვა ქომაგს, მატჩის შედეგის გამო არ უნერვიულიათ.
კარგი დაცვისა და უკეთესი შეტევის ხარჯზე საქართველოს ნაკრები 14:4 დაწინაურდა, რითაც მასპინძლებს წუთშესვენება ააღებინა, მაგრამ არც რაიმე სხვა მოქმედებამ ქართველების შესანიშნავი თამაში ვერ შეაჩერეს.
მასპინძლებს კარგად გამოუვიდათ მხოლოდ პროვოკაცია ფაჩულიაზე, რომელსაც სხვა ქართველი კალათბურთელები წამოეგნენ.
რაც შეეხება მოედანზე მყოფებს, ყველამ, ვინც თამაშში ჩაერთო, შესანიშნავად ითამაშა. თორნიკე შენგელიასა და ზაზა ფაჩულიას ტანდემმა მატჩის დებიუტში სლოვაკების ფარქეშვეთი დაიპყრო და ჩვენს ნაკრებს ამით დიდი უპირატესობა მოუპოვა შენგელია თავად ბლომად ბურთებს ყრიდა, უკანა ხაზიდან კი მას ზურგს მაიკლ დიქსონი უმაგრებმა, რომელმაც საბოლოოდ 4-დან 4 სამქულიანი, მთლიანობაში კი 16 ქულა (პლუს 7 პასი) მიითვალა. ბომბარდირ შენნგელიას კი ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა - მის ანგარიშზე 18 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
10 ქულას ასცდნენ დუდა სანაძე (14 ქულა), ბექა ბურჯანაძე (13) და ზაზა ფაჩულია (12). გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 6 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა დაგროვდა. კარგად ითამაშეს სათადარიგოებმაც - ლუკა ზაქრაძემ, ბექა ბექაურმა, რომლებმაც სასტარტოების კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.
საქართველოს ნაკრები თბილისში 4 სექტემბერს, ნაშუადღევს დაბრუნდება და 7 სექტემბერს მონტენეგროსთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის მოემზადება.
3 სექტემბერი. ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ბრატისლავა
სლოვაკეთი-საქართველო 63:94
21:30, 8:22, 17:20, 17:22
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მონტენეგრო წინა წლებთან შედარებითძალიან ძლიერია. მწვრთნელმა ყველა უძლიერესი კალათბურთელი დაითანხმა ნაკრებში თამაშზე. ორი ნბა-ს მოთამაშე, თანაც წამყვანები თავიანთ კლუბებში, ერთი ნატურალიზებული ამერიკელი, რამდენიმე ძლიერ ევროპულ კლუბებში მოთამაშე.ამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლებზეც კი აქვს პრეტენზია. ასე რომ, 7 სექტემბერს ძალიან მძიმე მეტოქე გვყავს. ყველანი სპორტის სასახლეში და მაგრად ვუგულშემატკივროთ. დარბაზი უნდა გაივსოს. ხუთი ბილეთი ავიღე, კიდევ უნდა ვიყიდო.