საქართველო VS მონტენეგრო - წლის მატჩი

AutoSharing Option
დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში მესამე მატჩს, უმთავრეს კონკურენტთან, მონტენეგროს ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

სპორტის სასახლის დარბაზი 8500 მაყურებელს იტევს, 6 სექტემბრის მონაცემებით კი, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული იყო...

ასე რომ, როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზე მშვენიერი სანახაობა გველის. ერთს გავიმეორებთ მხოლოდ: ვეცადოთ, თეთრი მაისურები ჩავიცვათ, რათა ტრიბუნებს მეტი ეფექტი მივცეთ.

საქართველო
"7 სექტემბერს მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის -
ვეთამაშებით მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც ჩვენთან ერთად ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. ორივე გუნდისთვის მძიმე შეხვედრა იქნება, რომლის მოგების შემთხვევაში 90 პროცენტით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. იმედი მაქვს, სპორტის სასახლე ბოლომდე გაივსება", - ეს გახლავთ საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას კომენტარი მონტენეგროსთან მატჩის წინ.

ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, რა ელით სლოვაკეთთან მატჩში დისკვალიფიცირებულ და დაშავებულ კალათბურთელებს. ანატოლი ბოისა, რომელსაც ბრატისლავაში დუდა სანაძესთან შეჯახების შემდეგ ცხვირი გაუტყდა, სათამაშოდ მზადაა. ბესიკ ლეჟავას შესახებ კი ფიბა-ს სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტს 6 სექტემბრამდე ველოდით. საბოლოოდ სასიამოვნო ცნობა მივიღეთ - მას ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ მომდევნო მატჩი გამოტოვოსო. ბესო მონტენეგროსთან ითამაშებს.

მოვუსმინოთ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს:
"დავიწყებ ისევ გულშემატკივართაგან და ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. რამდენადაც ვიცი, ხვალ დარბაზი სავსე იქნება და ეს ძალიან კარგია. გულშემატკივართა ფაქტორი კარგად უნდა გამოვიყენოთ. ამასთან ერთად,  უნდა ვითამაშოთ კარგი დაცვა, რაც მოგების გარანტი იქნება. მჯერა ჩვენი ბიჭების, ჩვენი გუნდის და იმედი მაქვს, ყველა მათგანი მაქსიმუმს გაიღებს".

თორნიკე შენგელია:
"საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ხვდება. მონტენეგრო მაღალი კლასის კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ყველა რგოლი თანაბრადაა დაბალანსებული და აქამდეც გამოჩნდა, რომ კალათბურთსაც შესაბამისი დონისას უჩვენებენ. ჩვენც კარგად ვართ მომზადებულნი და ვეცდებით, მათ პლუსების გამოყენების საშუალება არ მივცეთ.

განსაკუთრებული ყურადღება დაცვაში თამაშს უნდა მივაქციოთ, შეტევების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად გავბრუნდეთ დაცვაში..."

გიორგი შერმადინი:
"ორი ოფიციალური მატჩი გავმართეთ ალბანეთთან და სლოვენიასთან, რომლებშიც ყველაფერი გამოგვივიდა. ბოლო მატჩის შემდეგ მოსამზადებლად 3 დღე გვქონდა და ვარჯიშები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ყველამ კარგად იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს და ჩვენი მხრივ, გპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ მოსაგებად".

ბექა ბურჯანაძე:
"ჯგუფში ყველაზე რთული მატჩი გველის და ამ პრინციპულ დაპირისპირებას კარგად მომზადებულები ვხვდებით. ყველას ველით სპორტის სასახლეში".

მონტენეგრო
2009 წელს, B დივიზიონის პლეი ოფში რომ გავედით, მთავარ მიზნად დასახული გვქონდა მონტენეგროსთან დაპირისპირების თავიდან არიდება. საბოლოოდ,  საქართველომ პლეი-ოფში ბელორუსი დაამარცხა, მონტენეგრომ - შვედეთი და ელიტურ დივიზიონში სწორედ ჩვენ და ბალკანელები გადავედით.

მონტენეგრომ 2011 წლის ევრობასკეტზეც ითამაშა, 2013 წელსაც იყო უმთავრეს ევროპულ საკალათბურთო ფორუმზე, თუმცა ფასეული შედეგისთვის არ მიუღწევია. 2015 წლის ევრობასკეტის შესარჩევი საერთოდ ჩააგდო - ჰოლანდიისა და ისრაელის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და ევროპაზე ვერ მოხვდა.

თუნდაც ამის გათვალისწინებით, მონტენეგროელები გამარჯვებებს არიან მოწყურებულები. მწვრთნელიც მაღალი დონისა ჩამოიყვანეს. 69 წლის ბოგდან ტანიევიჩმა 1981 წელს იუგოსლავიას ევრობასკეტზე ვერცხლი მოაგებინა, 1999 წელს იტალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ხოლო 2010 წელს თურქეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს პირველობის ფინალში ითამაშა.

მოვუსმინოთ ამ ლეგენდარულ სპეციალისტს:

"მონტენეგრო პატარა ქვეყანაა, რომლის ნაკრების კალათბურთელთა უმეტესობა საზღვარგარეთ თამაშობს. გვაქვს NBA-ს წარმომადგენლის, ნიკოლა ვუჩევიჩის ("ორლანდო") იმედი. ახალგაზრდა კალათბურთელები ყოველთვის ბევრს აკეთებენ, მაგრამ როცა ისინი ხედავენ, რომ გამოცდილი ლიდერები 100 პროცენტით იხარჯებიან, სულ სხვა მოტივაციით და პასუხისმგებლობით თამაშობენ".

ტანიევიჩი მეტოქეებზე საუბარს საქართველოს ნაკრებით იწყებს:

"ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებაა. ჩვენს ჯგუფში გამორჩეული გუნდია საქართველო, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მაღალი დონის, თანაბრად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. სწორედ ქართველებთან მოგვიწევს პირველი ადგილისთვის ბრძოლა".

მონტენეგროს ნაკრების ლიდერი ნიკოლა ვუჩევიჩია, რომლის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას არაერთი მატჩი ჩაუტარებია. ვუჩევიჩი "ორლანდო მეჯიქის" ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა. ფარქვეშაც შეუძლია თამაში და სახიფათოა საშუალო და შორი დისტანციებიდან.

ამერიკაში მწვრთნელები ზაზას ვუჩევიჩის აყვანას ავალებდნენ, თუმცა თბილისში "ორლანდოს" მძიმე ფორვარდს, სავარაუდოდ,  თორნიკე შენგელია "აეწებება".

ნიკოლა ვუჩევიჩი:
"ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდს დიდ პატივს ვცემ. თითოეულთან ბოლომდე მობილიზებულები გავალთ სათამაშოდ. ყველაზე მეტად კი საქართველოს ვიცნობ. ქართველებმა დიდებულად ითამაშეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე. ამ გუნდში დიდი გამოცდილებაა, თუმცა გვყავს საკმარისი ტალანტი მის დასამარცხებლად.

ჩვენს გუნდს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, დიდი გამოცდილების მქონე სამწვრთნელო შტაბი გვყავს. სხვა გზა არ გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ".

საქართველოს ნაკრები
N მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი
8. გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 რუანი (საფრანგეთი, 2015)
3. მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)
10. დუდა სანაძე უკანახ/ფორვ. 196 სან დიეგო (შშ, 2015)
2. ბესიკ ლეჟავა უკანახაზელი 192 ბათუმი (2015)
5. ლუკა ზაქრაძე უკანახაზელი 192 დინამო (2015)
6. ანატოლი ბოისა უკანახ/ფორვ. 196 ქუთაისი (2015)
16. კახა ჯინჭარაძე უკანახ/ფორვ 192 მგზავრები (2015)
23. თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)
13. ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 203 ტედ კოლეჯი (თურქეთი, 2015)
15. ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)
7. ზაზა ფაჩულია ცენტრი 211 გოლდენ სტეიტი (NBA)
9. გიორგი შერმადინი ცენტრი 216 ანდორა (ესპანეთი)
33. ბექა ბექაური ფორვ/ცენტრი 208 ქუთაისი (2015)

მონტენეგროს ნაკრები
N მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი
4. ნიკოლა ვუჩევიჩი ფორვარდი 208 ორლანდო (აშშ)
5. ვლადიმირ მიჰაილოვიჩი უკანახაზელი 195 ოლივერი (გერმანია)
7. ნიკოლა პავლიჩევიჩი უკანახაზელი 193 ოლიმპია (სლოვენია)
8. დინო რადონჩიჩი ფორვარდი 201 რეალი (ესპანეთი)
9. დანილო ნიკოლიჩი ფორვარდი 205 ბილბაო (ესპანეთი)
10. დერეკ ნიდჰემი უკანახაზელი 180 რეჯანა (იტალია)
11. მარკო ტოდოროვიჩი ფორვარდი 206 ხიმკი (რუსეთი)
14. ბოიან დუბლიევიჩი ცენტრი 207 ვალენსია (ესპანეთი)
20. ნიკოლა ივანოვიჩი უკანახაზელი 190 აეკ (საბერძნეთი)
21. ნემანია ვრანიესი უკანახაზელი 191 ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
22. ნემანია ჯურიშიჩი ფორვარდი 206 ზელონა გორა (პოლონეთი)
23. ვლადიმირ დაშიჩი ფორვარდი 204 ულჩინი (მონტენეგრო)
24. პეტარ პოპოვიჩი უკანახაზელი 189 ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო).

ევრობასკეტი 2017. საკვალიფიკაციო ეტაპი. F ჯგუფი. III ტური
საქართველო-მონტენეგრო 19:00
სლოვაკეთი-ალბანეთი 20:00

ა გ გუნდი თ მ წ სხ ქ
1. მონტენეგრო 2 2 0 210/138 4
2. საქართველო 2 2 0 180/110 4
3 . სლოვაკეთი 2 0 2 128/191 2
4. ალბანეთი 2 0 2 120/199 2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰეე რო წაასხით რატო არ აქვეყნებთ რო მოგეგოთ ხო შეაწრიალებდით ქვეყანას
ჰაი
21:58 07-09-2016
0
ძალიან რთული თამაში იქნება მაგრამ ნებისმიერ ფასად უნდა მოვიგოთ და გასულები ვართ ჯგუფიდან.მთავარია სისწრაფეში არ დაგვჩაგრონ
გიორგი
15:52 07-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული