- ევრობასკეტი 2017: ჯგუფები და მატჩების სრული კალენდარი
ჯგუფიდან მერვედფინალში (რომელიც თურქეთში გაიმართება) ოთხი გუნდი გადის. გავალთ?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადრეა, ევროპის ჩემპიონატი ხომ 31 აგვისტოს იწყება. დღეს მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ჯგუფში ისეთი ნაკრებებია, ყველასთან რომ შეიძლება ბრძოლა და გამარჯვებაც...
ლიტვა 0:5
პირველი მატჩი 31 აგვისტოს ლიტვასთან გველის. ლიტველებთან დიდი სხვაობითაც წაგვიგია და კაუნასში ოვერტაიმიც გვითამაშია (ძირითადი დრო 77:77). ბალტიისპირელები ჯგუფში პირველი კალათიდან მოხვდნენ და, ცხადია, ჩვენთანაც ფავორიტები იქნებიან.
გერმანია 0:2
2 სექტემბერს გერმანიას დავუპირისპირდებით. ამ გუნდთან ოფიციალური მატჩი არ გვითამაშია. ამხანაგურად ათიოდე წლის წინ გავეჯიბრეთ (ორჯერ), ნოვიცკი რომ ნოვიცკობდა. ორჯერვე დავმარცხდით.დირკი აღარ თამაშობს, სამაგიეროდ, "ატლანტა ჰოქსის" უკანახაზელი შრიოდერი თამაშობს, თუმცა სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, საქართველოს ნაკრებზე სახელოვანი შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავს.
ალემანებმა შესარჩევი ეტაპიც არასტაბილურად ჩაატარეს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჰოლანდიასთან ჯერ სტუმრად მოიგეს, შემდეგ შინ დამარცხდნენ.
უკრაინა 6:1
3 სექტემბერს უკრაინაა. როგორც ფინეთის ნაკრებია საქართველოსთვის კერკეტი კაკალი, ასევეა საქართველო - უკრაინისთვის. ამის მთავარი მიზეზი ტაქტიკაა - უკრაინელებს არ ჰყავთ მაღალი დონის პერიმეტრის მოთამაშეები, რომლებსაც სამქულიანებით შეუძლიათ ჩვენი კალათის დაცხრილვა. ჰოდა, ვისაც ეს არ შეუძლია, საქართველოსთან ყველა განწირულია. უკრაინელები ორი NBA-მოვლილი ცენტრით ამაყობენ, ფესენკოთი და კრავცოვით. თუმცა ამ ზაფხულს თბილისშიც იყვნენ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართველ ცენტრებთან სათქმელი ბევრი არაფერი აქვთ. სხვათა შორის, მწვრთნელმა ილიას ზუროსმა იმ მატჩში ზაზა ფაჩულია დაასვენა, მაგრამ ფარქვეშ მაინც ვაჯობეთ, გიორგი შერმადინის დამსახურებით.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ტკბილად გასახსენებელი მომენტი ევრობასკეტი 2011-ზე უკრაინის დიდი სხვაობით დამარცხებაა, რამაც მომდევნო ეტაპის საგზური მოგვიტანა.
ისრაელი 3:4
უკრაინასთან მატჩის შემდეგ ერთი დღე დავისვენებთ და 5 სექტემბერს მასპინძლებს "დავეჭიდებით". ისრაელის ნაკრებთან ოფიციალურად ორჯერ ვითამაშეთ და ორჯერვე დავმარცხდით. თუმცა ეს 90-იან წლებში იყო. ებრაელებს ახლაც კარგი გუნდი ჰყავთ, "საკრამენტო კინგსის" ფორვარდ ომრი კასპის იმედიც აქვთ. თუმცა, პირველ რიგში, ადგილობრივი გულშემატკივრის იმედი უნდა ჰქონდეთ...თუმცა ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა კარგად მიგვანიშნებს საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ძალთა თანაფარდობაზე: თანაბარი გუნდებია და გამარჯვება ნამდვილად შეიძლება. ჩვენს ნაკრებს მასპინძლისა რომ არ ეშინია, გასულ ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა - ხორვატიას დამაჯერებლად მოუგო.
იტალია 0:8
ჯგუფის ბოლო შეხვედრა იტალიასთან გველის, 6 სექტემბერს. აპენინელებს რვაჯერ ვეთამაშეთ. ჯერ ერთი მოგებაც არ გვაქვს. შარშან NBA-ს სამი კალათბურთელით გაძლიერებულ იტალიის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. თბილისში "აძურამ" საოცარი სიზუსტით სტყორცნა და 87:67 მოგვიგო: 30-დან 20 ორქულიანი (66.7%), 22-დან 12 სამიანი (54.5%), 14-დან 11 საჯარიმო (78.6%).
თუმცა რამდენიმე დღეში მათსავე ქალაქ ტრიესტეში სულ სხვა თამაში გამოვიდა, ბოლო წამებზე სამჯერ მოვხსენით ბურთი მასპინძელთა ფარქვეშ, მაგრამ ვერ ჩავაგდეთ. შეხვედრა სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, დიდი ალბათობით, ბოლო წამებზე ჯარიმასაც მოვიპოვებდით, მაგრამ... იტალიაში 90:91 დავმარცხდით.
ასე რომ, ზოგს რომ ჰგონია, "სკუადრა აძურასთან" განწირულები ვართ, მთლად ასე არ არის საქმე.
ჩვენს მომავალ მეტოქეებზე უფრო დაწვრილებით შემდეგში მოგითხრობთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"