მანუჩარ მარკოიშვილი: ყველა მეტოქეს ვაფასებ, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა მჯერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევრო-2017-ის შესარჩევი ეტაპი მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ჩაატარა. ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, დაამარცხა რა, სტუმრად მონტენეგროს ნაკრები.

რეალურად ჩვენს გუნდს ერთადერთი სერიოზული მეტოქე ჰყავდა, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე კი მონტენეგროსნაირი და კიდევ უფრო ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში. 7 დღეში 5 მატჩი უნდა ჩაატაროს. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ექნება თითოეული წამყვანი კალათბურთელის მწყობრში ყოფნას, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში მანუჩარი ძალიან დაგვჭირდება.

მან ოპერაცია ბელგიაში გაიკეთა და სწორედ ბენილუქსში დავუკავშირდით ინტერვიუსთვის. ალბათ, ქართველ გულშემატკივარსაც აინტერესებს მანუს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მოსაზრება
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეების შესახებ.

- ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ექვსი კვირა ყავარჯნებით მომიწევს სიარული. ამ პერიოდში ნაოპერაციევ მუხლზე ძალის დატანება არ შეიძლება. თუმცა მთელი სხეული რომ არ მოცდეს, უკვე დავდივარ ტრენაჟორების დარბაზში. ახლა საქართველოში ვაპირებ ჩამოსვლას, ხოლო ექვსი კვირის შემდეგ ბელგიაში უნდა დავბრუნდე და იქ განვაგრძო ყავარჯნების გარეშე რეაბილიტაცია. დატვირთვებიც ერთი-ორად მოიმატებს.

- კონკრეტულად რა იყო დაზიანებული?
- მარჯვენა მუხლში ხრტილი იყო საოპერაციო, მენისკიც ოდნავ - დაზიანებული.

- ტრავმა როდის მიიღე?
- ფეხი გასულ სეზონში "დარუშაფაკაში" თამაშისას ვიტკინე. ექიმებს ტრავმა სერიოზული არ ეგონათ, ვარჯიში განვაგრძე, თავიდან ნემსებს ვიკეთებდი და ისე ვთამაშობდი, თუმცა სეზონის ბოლოს იმდენად მტკიოდა, ნემსებიც არ მშველოდა. თურქეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვფიქრობდი, დასვენებითა და ქირურგიული ჩარევის გარეშე ტრავმას მოვიშუშებდი, მაგრამ ტკივილი არ ცხრებოდა.

რადგან კონტრაქტით "დარუშაფაკას" ვეკუთვნი, კლუბის პასუხსაც ველოდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე ჩემი თავისთვის მე მიმეხედა და ოპერაციისთვის ბელგიას მივაშურე. როგორც აღმოჩნდა, ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო.

- ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციით "დარუშაფაკადან" "პანათინაიკოსში" უნდა გადასულიყავი. რამდენად სერიოზულად იყო საქმე და ტრანსფერი ტრავმამ ხომ არ შეაფერხა?
- "პანათინაიკოსში" გადასვლასთან მართლაც ახლოს ვიყავი. კონტრაქტის პირობებზეც სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ასე სჯობდა, რადგან ათენში რომ ჩავსულიყავი სამედიცინო შემოწმებას ვერ გავივლიდი, რაც უთუოდ სირცხვილი იქნებოდა.

- საკლუბოდან სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. საქართველოს ნაკრები საინტერესო ჯგუფში მოხვდა.
- მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდებით დაკომპლექტებული ჯგუფია. დაბალანსებული. არც ლიდერია გამოკვეთილი და არც აუტსაიდერი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიდი მნიშვნელობა მომზადებას ექნება - ვინც უკეთეს ფორმაში შეხვდება ევრობასკეტს, ჯგუფიდან გასვლის მეტი შანსიც მას ექნება.

სხვებთან შედარებით სადღეისოდ რთულ სიტუაციაში ქართველები ვართ. მე და ვიქტორმა ოპერაციები გავიკეთეთ და ვმკურნალობთ. თუმცა იმედი მაქვს, როგორც ჩემს, ასევე ვიქტორის შემთხვევაში მკურნალობა გეგმიურად წარიმართება და ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩვეულ რიტმში მოვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის.

- მოწინააღმდეგის კალათბურთელებს კარგად იცნობ, თუმცა იტალიაში ოთხი წელი გაატარე და "სკუადრა აძურას" რამდენიმე წევრის გვერდითაც გითამაშია...
- იტალიის ნაკრები ჯგუფში მართლაც გამორჩეულია. ყველაზე მეტი ვარსკვლავი სწორედ მას ჰყავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იტალიელებთან შანსი არ გვაქვს - გასულ წელს ორი ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ და განსაკუთრებით ტრიესტეს შეხვედრამ დაგვანახვა, რომ "ჭიდაობაც" შეიძლება და გამარჯვებაც. იტალიაში მინიმალური სხვაობით დავმარცხდით.

- პირველი კალათიდან ლიტვა გვერგო.
- ლიტველებთან შარშან ოფიციალურად ვითამაშეთ, ევრობასკეტის მერვედფინალში ოთხი ქულის სხვაობით დავმარცხდით. გამარჯვება ნამდვილად შეგვეძლო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს გუნდი ყოველ შეჯიბრებაში მედლებისთვის იბრძვის და ბოლო ორ ევრობასკეტზე მიზანსაც მიაღწია - ვერცხლი მოიგო. ახალი მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ ლიტველების შემთხვევაში, არა მგონია, ახალი მწვრთნელის ახალ სისტემასთან მორგება კალათბურთელებისთვის პრობლემა აღმოჩნდეს, ბალტიისპირელებს ტაქტიკურად არასოდეს უჭირდათ. მათ ასაკით ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილი გუნდი ჰყავთ.

- უკრაინასაც კარგად ვიცნობთ, ყოველ წელს ამხანაგურად ვეთამაშებით. ისრაელის შესახებ კი ძალიან საინტერესოა მანუჩარ მარკოიშვილის მოსაზრება.
- წინასწარ ნამდვილად არ ვიცით, რა შემადგენლობით გამოვა ისრაელის ნაკრები, თუმცა გარდა იმისა, რომ ევროლიგაზე გამოცდილი კალათბურთელები ჰყავს, მოედნის უპირატესობაც მათ მხარეს იქნება და მსაჯების სიმპათიებიც - მასპინძელს არბიტრებისგან მცირე მხარდაჭერა ყოველთვის აქვს. მათ ჩვენზე დიდი არჩევანიც გააჩნიათ.

ისრაელს ჯგუფიდან გასვლაში ჩვენს უშუალო კონკურენტად განვიხილავ, ისევე როგორც უკრაინასა და გერმანიას. სამივე ძლიერი გუნდია და თუ მათი ძლევა გვინდა, მაღალ დონეზე უნდა ვიყოთ მომზადებულები და მაქსიმალურად მობილიზებულები გავიდეთ მოედანზე.

- თუ წინა ევროპის ჩემპიონატზე 6 დღეში ხუთი მატჩი იმართებოდა (შუალედში მხოლოდ ერთი დასვენება იყო), ევრო-2017-ის ჯგუფურ ეტაპზე 7 დღეში 5 მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ორი დასვენებაა...
- კარგია, მაგრამ დიდი შვება მაინც არ არის. შესარჩევ ეტაპზე ნაკრები სამ დღეში ერთხელ თამაშობდა, ძალების აღდგენისთვის, მცირე დრო მაინც იყო. ევრობასკეტზე კი, სადაც თამაშები ერთმანეთს მიჰყვება, ძალების თანაბრად გადანაწილებაა საჭირო. ამავე დროს, ისიც ცხადია, რომ ძალების მაქსიმალური მობილიზების გარეშე ამა თუ იმ მატჩის მოგება ძნელი იქნება.

რაც მთავარია, ყველა მეტოქეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. თითოეულ მოწინააღმდეგეს ჩვენზე მეტად ვაფასებ, მაგრამ ჩემი გუნდისა უფრო მჯერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მასე ვერ იტყვი წინა ევროპაზე. ჰოლანდისთან წავაგეთ და ხორვატიას მოვიგეთ, ყველას უნდა ვეთამაშოთ და რა გამოვა გამოჩნდება
dima-ს
05 დეკემბერი 2016 14:56
0
მერე რა რომ კალათბურთში ქუთაისი არის ჩემპიონი ან დინამო გახდება. გოსპოდინ ვლადიმირ ბოისა, რატომ არ ღებულობენ ჩვენ ჩემპიონებს ერთიანი ლიგაში ВТВ ში სადაც ასპარეზობენ ასტანა, კალევი, ვეფი, პარმა, ლოკომოტივი-კუბანი, ცსკა,ცმოკი მინსკი, ნავერნო ფინანსი ნე პოიუტ რომანსი!
გოგი ქუთაისელი
05 დეკემბერი 2016 11:47
0
ჩემი აზრით, ლიტვასთან და იტალიასთან თავი არ უნდა მოვიკლათ,დანარჩენი სამი თამაშისთვის დავზოგოთ ძალები...
dima
05 დეკემბერი 2016 10:50
0
დროზე გამოჯანმრთელდი,მანუ.გვჭირდები.
სოსო
04 დეკემბერი 2016 20:21
0
მაგარი კაცი მანო
შოთა გუგეშაშვილი
04 დეკემბერი 2016 17:09
0
რვა კაცით წარმატების მიღწევა ძნელია...
F
04 დეკემბერი 2016 15:47
0
ჯარმთელობა და წარმატებები ბიჭებს!
გელოდებით ევრობასკეტზე!
ქომაგი
04 დეკემბერი 2016 13:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული