ზაზა ფაჩულია: ეს განსაკუთრებული წელია, განსაკუთრებულ კალათბურთელებთან

AutoSharing Option
როდესაც საჩემპიონო გუნდში თამაშობ, თანაგუნდელები არიან სტეფ კარი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, თავისთავად ექცევი ყურადღების ცენტრში. ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტში" პირველივე ვარჯიშის შემდეგ მოიკიდა ფეხი და ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მის შესახებ ამერიკული გაზეთებიც ბევრს წერენ და CSN Bay Area-ზე, გადაცემა "სპორტს სენტრალში" ვრცელი ვიდეოინტერვიუ გამოქვეყნდა.

ზაზა ჟურნალისტ კელი ჯონსონის შეკითხვებს სან ფრანცისკოს განთქმული ხიდის ძირში, მრგვალ მაგიდასთან პასუხობს. ჯონსონმა ყურეს გადახედა და ღიმილით ჰკითხა:

- როგორ მოგწონს აქაურობა?
- პირველ რიგში, მადლობა ამ ადგილის გაცნობისთვის. ძალიან ლამაზია, როგორც
დღისით, ასევე ღამით. აუცილებლად დავბრუნდები. ვიდრე "გოლდენ სტეიტში" გადმოვიდოდი, ყოველთვის მსიამოვნებდა ბეი არეას მონახულება. ბევრი საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად, მუზეუმები, ღირსშესანიშნაობები...

ძალიან განსხვავდება იმ ქალაქებისგან, სადაც მიცხოვრია. მართალია, არ არის ძველი, ისტორიული ადგილები, მაგრამ არის სხვა უამრავი რამ, რასაც ბევრ ქალაქში ვერ შეხვდები. მშვენიერი ადგილია. ბედნიერი ვარ, რომ აქ ცხოვრება მიწევს.

- მხოლოდ ბეი არეას ხედები არ განაპირობებდა "გოლდენ სტეიტში" გადმოსვლას. როგორც ვიცით, იყო რამდენიმე გუნდი, რომლებიც გაცილებით მეტ ხელფასს გთავაზობდნენ, მაგრამ "გოლდენ სტეიტი" არჩიეთ. რატომ?
- უკან რომ ვიხედები, ახლაც თამამად ვამბობ - ოკლენდში ჩამოსვლა სწორი ნაბიჯი იყო. მიხარია, რომ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც თავიდან ვფიქრობდი. ცხადია, წინასწარ არაფრის გარანტია არ არსებობდა. ახალ გუნდში გადასვლას თან ყოველთვის ახლავს რისკი, მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, კალათბურთი ბიზნესია. ბიზნესში კი უნდა გარისკო.

ვიდრე კონტრაქტს გავაფორმებდი, ტელეფონით ვესაუბრე მთავარ მწვრთნელ სტივენ კერს. როდესაც საუბარი დავასრულე, წარმოვიდგინე საკუთარი თავი, საკუთარი როლი "გოლდენ სტეიტში". გავიაზრე, რომ კარგად მოვერგებოდი გუნდს და შემეძლო თანაგუნდელებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავხმარებოდი.

მართალია, ამერიკაში თამაშის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს, მაგრამ "უორიორსში" კიდევ ბევრი რამ ვისწავლე.

- გადმოხვედი გუნდში, სადაც უამრავი უმაღლესი დონის მსროლელია. ეს შენს სტატისტიკაზე აუცილებლად აისახებოდა...
- ერთდროულად ამდენ ვარსკვლავთან აქამდე არ მითამაშია. ჩვენს გასახდელში დიდი ნიჭია. სტეფ კარი, კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი მხოლოდ სროლით როდი გამოირჩევიან. თუმცა შეუძლიათ ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს ბურთის მეტოქის კალათში ჩაგდება.

ნამდვილად არ ვღელავ საკუთარ სტატისტიკაზე, მე ჩემი ფუნქცია მაქვს - ვითამაშო სწორად და ბევრი ისეთი სამუშაო შევასრულო, რაც სტატისტიკაზე ნაკლებად ისახება. სამაგიეროდ, ეს გუნდს ეხმარება გამარჯვებაში. ვიბრძვი, ბურთს ვხსნი, დაცვაში ვდგავარ, პარტნიორებს სატყორცნ პოზიციებს ვუთავისუფლებ.

საკალათბურთო მატჩი ერთგვარი პაზლია, მისი სრულად აწყობისთვის ყველა დეტალის სწორად მორგებაა საჭირო.

- "გოლდენ სტეიტიც" რთული პაზლია, განსხვავებული მენტალიტეტის, შეხედულებების, ხასიათის კალათბურთელებისგან შემდგარი. როგორც წესი, რთულია ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ კლუბებში გუნდური თამაში, საერთო ენის გამონახვა...
- NBA-ში უამრავი გუნდი მინახავს ვარსკვლავებით გადაჭედილი. ზოგს წარმატებისთვის მიუღწევია, ზოგს - ვერა. თუმცა 99.9 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი საუკეთესოა, ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონი. ეს სათქმელად იოლია, მაგრამ რეალურად დიდ შრომას, გონივრულ მიდგომას მოითხოვს. ამავე დროს იღბალიც მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებული წელია, განსაკუთრებულ კალათბურთელებთან. ამას ყველა აცნობიერებს, მონდომებას არ აკლებს, რადგან არავინ იცის, კიდევ როდის იქნება ჩემპიონობის ასეთი კარგი შანსი.

- განსაკუთრებით გკითხავ დრეიმონდ გრინზე. განსხვავებული პიროვნებაა...
- გუნდს ყველა რაღაცას მატებს. დრეიმონდი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ძალიან აგრესიულია (დადებითი კუთხით). საკუთარ ქულებს არასოდეს უყურებს, მხოლოდ გუნდზე თამაშობს. ყოველი კალათბურთელი აცნობიერებს, გუნდისთვის რა სარგებლის მოტანა შეუძლია და ბევრს შრომობს, რათა დასახულ მიზანს ერთად მივაღწიოთ.

- წლების განმავლობაში ჩამოგიყალიბდა აგრესიული ცენტრის რეპუტაცია, რომელიც არც უხეშობას ერიდება და არც კევინ გარნეტს ეპუება...
- მოგეხსენებათ, კარიერა ევროპაში დავიწყე. ძალიან კარგი მწვრთნელების ხელში. ახალგაზრდა მოვხვდი სტამბოლის "ულქერში", სადაც ფეხის მოსაკიდებლად დიდი ბრძოლა იყო საჭირო. სწორედ იქ ვისწავლე ასეთი თამაში.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეთოთხმეტე სეზონს ვატარებ. აქ დასამკვიდრებლად მხოლოდ ბურთისთვის ახტომა არ არის საკმარისი, ასეთ დონეზე ხანგრძლივად სათამაშოდ მძიმე შრომა და მძიმედ გასავლელი ცენტრის რეპუტაციაა აუცილებელი. სხვა გზა არც მქონდა. ზოგი მეტოქე ძალიან ღონიერია, ზოგი მოქნილი, ზოგი ჭკვიანი, ყველას სხვადასხვაგვარად უნდა მიუდგე, გამოიყენო შენს ხელთ არსებული ყველა იარაღი მათ შესაჩერებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთხელ გაგცდებიან, მეორედ და სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი კაცი! ესეთი სპორტსმენი სათამაშო სახეობებში არ გვყოლია ქართველებს
0
ზაზა გაიხარე, ბზობის დღესასწაულს გილოცავ, მრავალს დაესწარი ოჯახთან ერთად. ძალიან მინდა, რომ შრომა და რისკი დაგიფასდეს და ნბა-ს პირველი
ქართველი ჩემპიონი გახდე. გფარავდეს უფალი.
gizog
20:30 09-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული