ოქროს ლიგისთვის - ინტერვიუ ლუკა ბულაშვილთან

AutoSharing Option
ესპანეთში ჩატარებული მორიგი სეზონის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი ლუკა ბულაშვილი. იგი კონტრაქტით ოქროს ლიგის წარმომადგენელ "ოურენსეს" ეკუთვნის, გუნდთან ერთად ვარჯიშობდა კიდეც, თუმცა თამაშებს "კალიდუსთან" ერთად ება-ს ლიგაში ატარებდა. გუნდის სნაიპერიც გახდა: საშუალოდ 26.5 წუთში 14 ქულას, 3.6 მოხსნასა და 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ქულების უმეტესი ნაწილი პერიმეტრიდან ტყორცნებით მოაგროვა.

ლუკა ამჟამად თბილისშია და ემზადება...

"დღეში ორჯერადი ვარჯიშები მაქვს. დილაობით "დინამოს" ბაზაზე მამუკა ტურაშვილის ხელმძღვანელობით ვემზადები, შემდეგ - ფიზმომზადებას გავდივარ. ერთ დღეს გამძლეობასა და ელასტიურობაზე ვმუშაობ, მეორე დღეს -
ტრენაჟორებზე. მინდა ფორმა შევინარჩუნო, რომ ივლისისთვის სათანადო კონდიციებში ვიყო.

მენეჯერმა სლოვენიასა და ამერიკაში საინტერესო ინდივიდუალურ მოსამზადებელ ვარჯიშებზე მიმიწვია. ჩემი მომავალი კარიერისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ახალი სეზონიდან ესპანეთის ოქროს ლიგაში მომიწევს თამაში. თუმცა თუ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოვხვდი, სლოვენიასა და ამერიკაში ვეღარ წავალ და ნაკრებს მომზადებული შევუერთდები".

მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორი სეზონი ჰქონდა ლუკას.

"ვვარჯიშობდი ოქროს ლიგის წარმომადგენელ "ოურენსესთან", თუმცა თამაშის უფლება არ მქონდა. სპეციალური საბუთი ახლახან მივიღე და მომავალი სეზონიდან, მწვრთნელიც მპირდება, რომ თამაშიც მომიწევს.

განვლილ სეზონში "კალიდუსთან" ერთად ება-ს ლიგაზე გამოვდიოდი. თავიდან არცთუ ისე დამაჯერებლად გამოვიყურებოდით, თუმცა შუა სეზონში თამაში გამოვასწორეთ და პლეი ოფშიც მოვხვდით".

შუა სეზონში სხვა დეტალებთან ერთად ლუკას პოზიციაც შეიცვალა.

"გუნდში რომ მივედი, სამქულიანების მაღალი რეალიზაციის გამო მწვრთნელმა ხუან ნორატმა მსროლელობა დამავალა. თუმცა შემდეგ პოზიცია შემიცვალა და პლეიმეიქერად მათამაშებდა. ამის შემდეგ თამაშიც გამოვასწორეთ. თუმცა პლეი ოფში გასვლა მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ლიგაში თითქმის ყველა გუნდი თანაბარი ძალისაა.

დიდი სხვაობა არც ერთ მატჩში არ დაფიქსირებულა. გადამწყვეტი აღმოჩნდა რეგულარული ეტაპის ბოლო სამი შეხვედრა. ერთი მათგანი უკანასკნელ წამებზე სამქულიანებით შემოვატრიალეთ, მეორეში ჯგუფის ლიდერი ოვერტაიმში დავამარცხეთ... მოვიპოვეთ პლეი ოფის საგზური. იქ კი, პირველი ეტაპის ბარიერი ვერ დავძლიეთ.

საერთო ჯამში, ვთვლი, რომ სეზონი წარმატებული გამოვიდა. ეს იყო პირველი წელი, როცა ასაკობრივ გუნდებში არ მომიწია თამაშმა, უფროსების გუნდში კი სნაიპერი გავხდი. ბევრი რამ შევიძინე. ჩვენი მწვრთნელი თავის დროზე წარმატებული გამთამაშებელი იყო და ყოველ მატჩში პლეიმეიქერისთვის საჭირო უამრავ ნიუანსს მიხსნიდა".

19 წლის კალათბურთელმა უკვე აღნიშნა, ამ ზაფხულს მომავალი სეზონისთვის სერიოზულად აპირებს მომზადებას. ისიც თქვა, რომ ოქროს ლიგის წარმომადგენელ "ოურენსესთან" კონტრაქტიც აკავშირებს, თუმცა...

"კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა, კლუბი ვერ შემაფერხებს. ჩემი მენეჯერიც მეუბნება, ოქროს ლიგაში თამაშის უფლება რომ მივიღე, ბევრი საინტერესო კლუბიც გამოჩნდა.

აჩქარებას არ ვაპირებ, დაველოდებით საუკეთესო ვარიანტს. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი სათამაშო დროა. "ოურენსეში" ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. სიამოვნებით დავრჩები კიდეც, თუმცა გამორიცხული არც სხვაგან გადასვლაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრების მწვრთნელმა თუ იცის ამ ახალგაზრდის შესახებ?
akaki
17:00 04-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული