NBA? ჩემპიონობა? დიახ, ასეა - ქართველმა კაცმა, თავისი შრომით, ჟინით, ბრძოლით საკალათბურთო ევერესტს, NBA-ს მწვერვალს მიაღწია.
- ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!
- ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]
ზაზას "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" 126:120 დაამარცხა.
"კავსი" მეფე ლებრონ ჯეიმსის გუნდია. იგი შეუჩერებელი იყო - 41 ქულა ჩააგდო. როცა ჯეიმსი ამდენს აგროვებს, გამარჯვებასაც არავის ანებებს. ბოლოს გამონაკლისი იყო,
სტეფ კარიზე ამბობენ, სამქულიანების ჩაგდების მეტი არაფერი იცისო. მან კი ფარქვეშ ისეთი სლალომები განახორციელა, სამთო მოთხილამურეებს შეშურდებოდათ (34 ქულა, 10 პასი).
დრეიმონდ გრინზე ამბობენ, ემოციების მოთოკვა უჭირს და გუნდს გადამწყვეტ მომენტში ღალატობსო. გრინმა სუპერდაძაბულ ორთაბრძოლაში ძალიან მშვიდად მოაგროვა 10 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი.
კლეი ტომპსონზე ამბობენ, თუ სროლა არ წაუვიდა, არაფერი გამოსდისო. სროლა თუ არა, დაცვა ისეთი გამოუვიდა, NBA-ის ჩემპიონს რომ შეშვენის.
ანდრე იგუოდალაზე ამბობენ კარისა და სხვა ვარსკვლავების ჩრდილში მოექცაო. როცა საჭიროა, ეფექტურადაც ტენის, ლებრონ ჯეიმსსაც უფარებს და სამქულიანებსაც აგდებს. ბოლო შეხვედრაში იგუოდალამ კიდევ უამრავი სარგებელი მოუტანა "უორიორსს" და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
კევინ დურანტზე ამბობენ, ლებრონობამდე ჯერ კიდევ უკლიაო. 2 ქულა ახლაც დააკლდა -ჯეიმსმა 41 ჩააგდო, დურანტმა - 39, მაგრამ ლებრონი ვიცე-ჩემპიონი გახდა, დურანტი - ჩემპიონი.
ზაზა ფაჩულიაზე ამბობენ, თანაგუნდელებს ვარსკვლავობაში ვერ უტოლდებაო. ახალი ამბავი! ზაზას არ სჭირდება სუპერვარსკვლავის სტატუსი, მისთვის საკმარისია მეტოქის ცენტრის თამაშიდან გამოთიშვა, კარისთვის სამქულიანისთვის საჭირო ბლოკის დაყენება, ფარქვეშ შესული დურანტისთვს მეტოქის ჩამოცილება, ტომპსონისთის სასამქულიანე პასის გადაცემა...
სეზონის ბოლო მატჩში ზაზა ძალიან აგრესიული იყო, მეტოქის ფარზე ერთმანეთის მიყოლებით ბურთი სამჯერ მოხსნა, თუმცა მესამე პერიოდში მსაჯებისგან, ალბათ ზედმეტი მონდომებისთვის, ფოლები წყვილად მიიღო და მწვრთნელმაც მალევე შეცვალა.
- თუ ფეხმძიმედ ხართ, უნდა იცოდეთ, რომ... როგორ "კბენენ" ამერიკაში ზაზა ფაჩულიას
დევიდ ვესტზე ამბობენ, ჩემპიონობის ხათრით "გოლდენ სტეიტში" გადასვლას მინიმალურ ხელფასზე დათანხმდაო. ძალიანაც კარგი!
ჯავალ მაკგიზე ამბობენ... პატრიკ მაკქოუზე ამბობენ... იან კლარკზე ამბობენ... გავა ათწლეულები და მათზე მთავარს იტყვიან - NBA-ის ჩემპიონები არიანო.
"გოლდენ სტეიტზე" კი, უკვე ლაპარაკობენ, როგორც დინასტიაზე. ადარებენ 60-იანი წლების "ბოსტონს" (ზედიზედ 8-ჯერ მოიგო ჩემპიონობა), 80-იანი წლების "ლეიკერსს" (7-ჯერ ფინალში იყო, 4-ჯერ მოიგო), 90-იანი წლების "ჩიკაგოს" (ექვსჯერ მოიპოვა პირველობა)...
"უორიორსში" მართლაც დიდი ტალანტია შეკრებილი, თუმცა ლეგენდარულ დინასტიობამდე კიდევ რამდენიმე ტიტულის მოგება სჭირდება. "გოლდენ სტეიტმა" "ჯერ მხოლოდ" ბოლო სამი ფინალი ითამაშა და ორჯერ გაიმარჯვა.
KD - MVP
ფინალების საუკეთესო კალათბურთელის წოდება და მშვენიერი თასი კევინ დურანტს ერგო. როდესაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა მიკროფონი მოიმარჯვა, ვიდეოკამერები დურანტს "მიაჩერდნენ", რადგან მათაც კარგად "იცოდნენ", ვინ გახდებოდა ფინალების საუკეთესო კალათბურთელი.
კევინ დურანტი "კლივლენდთან" მატჩებში 30 და მეტ ქულას აგროვებდა, რაც მანამდე მხოლოდ 5 კალათბურთელს მოეხერხებინა - ელგინ ბეილორი (1962), რიკ ბერის (1967), მაიკლ ჯორდანს (1993), ჰაკიმ ოლაჯოუნს (1995), შაკილ ონილს (2000, 2002).
"გოლდენ სტეიტში" რომ გადმოვდიოდი, მჯეროდა, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შემეძლო. ჩემი მხრიდან ვცდილობდი, გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი, თავი არ დამეზოგა და შედეგიც მოვიდოდა... მადლობა!
კიდევ ერთი რეკორდი - შამპანური!
NBA-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება "გოლდენ სტეიტის კალათბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად შამპანურების წვიმით აღნიშნეს. გამოცემა "კლაჩპოინტის" ჟურნალისტებმა მარტივი არითმეტიკა მოიშველიეს და დაადგინეს, რომ ნამატჩევს 180 ათასი დოლარის შამპანური დაილია. ოკლენდელებმა გამარჯვება სპეცწარმოების შამპანურით (Moot Imperial Golden Luminous Magnum Champagne) "დაასველეს".
თითო ბოთლის ღირებულება 1.200 დოლარია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კარგი იქნება რომ დარჩეს, ვინაიდან შემდეგ სეზონში გოლდენი ისევ პრეტენდენტი იქნება და ქომაგებისთვის ბევრად საინტერესო იქნება ჩემპიონატისთვის თვალ-ყურის დევნება, ვიდრე სხვა საშუალო გუნდში მოთამაშე ზაზასთვის.