TimeLine: NBA-ს თასის მინუსი - ღვინო არ ისხმება

AutoSharing Option
ESPYS-ის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ზაზა ფაჩულია ტელეარხ SportsCenter-ის სტუდიას ეწვია და ნეილ ევერეტის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.

- Nothing easy - ზაზა ფაჩულია ESPY-ს დაჯილდოებაზე [VIDEO+PHOTO]

ნეილ ევერეტი:
- დაჯილდოების ცერემონიალზე საუბრისთვის დრო არ მოგცეს. აქ თავისუფალი ხარ, რამდენიც გსურს, ილაპარაკე...
- ბოლოს და ბოლოს, დიდი ხანი ველოდი ჩემს ჯერს, - ღიმილით უთხრა ზაზამ.

- გისმენ...
- სათქმელი მართლაც არის, მაგრამ როდესაც გუნდში დრეიმონდ გრინი გყავს, ბევრს ვერ ილაპარაკებ.

- გრინი, კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს, - ევერეტი ზაზას სიცილში აჰყვა.
-
მოხარული ვარ თქვენს სტუდიაში მოხვედრით. დიდებული ზაფხული გვქონდა, ჯერაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან ემოციური იყო... პლეი ოფი, ფინალური სერია, ჩემპიონობის ზეიმი, ხელახალი კონტრაქტი, ESPYS-ის დაჯილდოება... "გოლდენ სტეიტის" ოჯახში კიდევ რამდენიმე ახალი წევრი შემოვიდა, დატვირთული და საინტერესო ზაფხული გრძელდება.

- იყო დაპირება, რომ NBA-ს თასს შინ წაიღებდი. შინ, ატლანტაში, ჯორჯიის შტატში?
- ატლანტას არა, სხვა "ჯორჯიას" ვგულისხმობდი...

- ჯორჯიის რესუბლიკას, რა თქმა უნდა!
- ვერ წარმოიდგენთ, ჩემს სამშობლოში როგორ ელოდებიან ამ თასს. ემოციური, დიდებული მომენტია. მიხარია ჩემს ხალხთან და ჩემს ქვეყანასთან ერთად. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს. პატარა, ამაყი ქვეყანაა. ჩემი თანამემამულეები ამერიკაში წამოსვლის დღიდან მგულშემატკივრობდნენ. გამოვიცვალე რამდენიმე გუნდი, მივიღე საკმარისი გამოცდილება და NBA-ში შესვლიდან მეთოთხმეტე წელს ბეჭედიც მოვიგე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემდამი მოცემულ სიყვარულს უკან ვუბრუნებ.

საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, გვიყვარს დღესასწაულები, წარმატებებს აღვნიშნავთ ღვინით. ჩემპიონი რომ გავხდი, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრმა აღნიშნა. ჯორჯია ხომ ღვინის ქვეყანაა. გამარჯვების შემთხვევაში ღვინოს თასიდან ვსვამთ, თუმცა როდესაც NBA-ს თასს ჩავიტან, იქიდან ვერ დალევენ, რადგან თავზე ბურთი ადგას და ღვინო არ ჩადის.

- საქართველოში ყველაზე მეტად "გოლდენ სტეიტის" მატჩებს უყურებდნენ...
- რა თქმა უნდა. ასეთი გუნდის თამაშების ხილვა სასიამოვნოცაა. თუმცა საქართველოსა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს შორის სხვაობა 11 საათია. ჩვენი მატჩები საქართველოს დროით გამთენიისას იყო. ამიტომ ბევრი გამოუძინებელი, თვალებდაწითლებული მიდიოდა სამსახურში, რათა ბოლომდე მიედევნებინა თვალი "გოლდენ სტეიტის" წარმატებული სვლისთვის.

ვწუხვარ, მაგრამ მომავალ სეზონშიც იგივე განმეორდება, ოკლენდში დავრჩი, ქართველებს კვლავ გამთენიისას მოუწევთ ტელევიზორის ჩართვა...

- ESPYS-ის დაჯილდოებას ესწრებოდნენ სტეფ კარი და კევინ დურანტი. არ იყო კლეი ტომპსონი, რომელიც ჩინეთშია... ცეკვავს და ჩატენვას ჩატენვაზე აფუჭებს...
- ცეკვავს? განსაკუთრებული ადამიანია. სწორად მოვიქეცი, ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად რომ შევარჩიე. იგი 60 ქულას ჩააგდებს თუ 2 ქულას, არ იცვლება. არც მაშინ იცვლება, სროლაში თუ აჯობებ... დიდებული პიროვნება, მშვენიერი თანაგუნდელია.

სწორედ ამ დროს სტუდიაში, ეკრანზე გამოჩნდა ზაზას "ტვიტერის" "პოსტი", რომელიც მან იმ დღეს დაწერა, კლეი ტომპსონს ქულებით რომ აჯობა. ქულებს ქუდების თემა მოჰყვა.

ნეილ ევერეტი:
- რატომ არ ატარებ ქუდს? არ გსიამოვნებს თუ თავი ნორმალურზე უფრო დიდი გაქვს?
- თავსა და ტანს თუ შევადარებთ, შეფარდება ნორმალურია. ყველაფერი რიგზეა. თუმცა არის ფოტოები, სადაც მთელ სიგრძე-სიმაღლეს ვიკავებ. სტეფ კარისთვის კი მცირე საფუძველიც საკმარისია, რომ ესა თუ ის სიტუაცია ხუმრობის საგნად აქციოს. თავთან დაკავშირებული ხუმრობა შარშან დაიწყო, როდესაც დირკ ნოვიცკის მხარზე დავადე. მან კი დაწერა, თითქოს სიმძიმემ მხარი ატკინა.

ეკრანზე გამოჩნდა სუპერზომის ქუდი...

- ეს მოგერგება?
- ამ ქუდში ჩემს ოჯახთან ერთად ჩავეტევი.

- ყველაზე მაგარი ტიპი, რომელსაც ESPYS-ის დაჯილდოებისას შეხვდი...
- აარონ როჯერსი.

- დიახ, აარონ როჯერსი! "გრინ ბეი პექერსის" ფეხბურთელი. მოუსმინე, რას ამბობს შენზე:
- ძალიან გამიხარდა ზაზას სცენაზე ხილვა. ჩემი პატივისცემა მას და მის თამაშს.

- საიდან დაიწყო თქვენი მეგობრობა? - ჰკითხა ნეილ ევერეტმა ფაჩულიას.
- აარონ როჯერსს უყვარს კალათბურთი. როცა სცალია, "გოლდენ სტეიტის" თამაშს არ აცდენს. ჩვენი მეგობრობაც აქედან დაიწყო. დიდებული ადამიანი და სპორტსმენია. მოხარული ვარ, რომ ვიცნობ. საქართველოში ძლიერი მორაგბეთა ნაკრები გვყავს. ეს სპორტი ამერიკულ ფეხბურთთან ახლოსაა და როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, დავინტერესდი. დღეს აქაური ფეხბურთის დიდი ქომაგი ვარ.

- ESPYS-ის ცერემონიალზე სპორტსმენებს შორის საუკეთესო ცენტრი რომ დაეჯილდოებინათ, ვინ გაიმარჯვებდა?
ზაზა წამოდგა და ნეილ ევერეტს ხელი გაუწოდა:
- დიდი მადლობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კალათბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ ამ ბიჭის საქციელმა და დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი და ქვეყნისადმი შემაყვარა ეს სპორტი. სამწუხაროდ ფეხბურთში არ გვაყვს მსგავსი ადამიანი და ფაქტიც სახეზეა... ზაზა ფაჩულია, მამუკა გორგოძე და სხვები არიან დღევანდელი საქართველოს გმირები რომლებსიც ქვეყნის სახელს უკეთებენ რეკლამას მსოფლიოს მაშტაბით
გიორგი
15:24 14-07-2017
0
შენ გენაცვალე ჩვენო ბუმბერაზო და ვაჟკაცო კაპიტანო მართლა სამშობლოს და ერის დიდი სიყვარული და სითბო გქონია შანსს არ უშვებ ხელიდან რომ შენი ერი და ქვეყანა წინა პლანზე წამოწიო ვამაყობთ შენით
პაატა
14:25 14-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული