ბოისას 16, მანუს გადამწყვეტი სამიანები

AutoSharing Option

სლოვენია
სლოვენიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურში "ოლიმპიამ" "ჰელიოსთან" სტუმრად ითამაშა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა - 87:75.

ამ მატჩში, და საერთოდ, ლეგიონერების მიმოხილვის ხმაურიანი მოვლენა ვლადიმერ ბოისას ეფექტური გარჯა იყო - 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 7-დან 7 საჯარიმო გამოიყენა და 16 ქულა მოაგროვა. გარდა ამისა, ვოვამ ბურთი 3-ჯერ მოხსნა.

ბოისას დარად "ოლიმპიას" სასტარტო ხუთეულში ითამაშა გიორგი შერმადინმა და ოქმში ორი კარგი და ერთი ცუდი ხუთიანი ჩაიწერა - 5 ქულა, 5 მოხსნა, 5 ფოლი.


იტალია
იტალიის ჩემპიონატში ბოლო ტურამდე
მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებდნენ "კანტუ" და "მილანი", თუმცა განვლილ უქმეებზე მილანელებმა წააგეს, ხოლო "კანტუმ" გასვლით მატჩში "სისარის" 76:74 აჯობა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გაიმყარა.

ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მანუჩარ მარკოიშვილს, რომელმაც მეოთხე პერიოდის შუაში, მაშინ როცა თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდო. მანუს მონაგარი ასეთი იყო: 10 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი), 2 პასი და თითო მოხსნა-ჩაჭრა.

"ბენეტონთან" ტრევიზოში წააგო ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" - 71:79.

ქართველმა ფორვარდმა 28 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი ჩაიწერა.

მარცხის მიუხედავად "ვირტუსმა" მეოთხე ადგილი შეინარჩუნა, რადგან უახლოესმა მდევარმა, "აველინომ" ბოლოადგილოსან "ტერამოსთან" სტუმრად ოვერტაიმში დათმო - 97:99.
"აველონოს" განაცხადში იყო მერაბ ბოქოლიშვილი, მაგრამ არ უთამაშია.

იტალიაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა შემონდ უილიამსმა. მან 16 წუთში 10 ქულა ჩააგდო. მისმა "მონტეგრანარომ" "ბრინდისი" 96:54 დაამარცხა.

იტალიის მეორე ლიგაში "რიმინიმ" "იმოლას" 80:70 სძლია. გამარჯვებულთა ქართველმა ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა 2 წუთი ითამაშა.


ესპანეთი
ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" სტუმრად "ვალენსიასთან" 75:84 დათმო. სკიტა 6 წუთში 3 ქულასა და 2 მოხსნას გამორჩა.

ტორინ გრინის "გრან კანარიას" ცოტა დააკლდა მადრიდში "რეალის" დამარცხებამდე - 73:74. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 30 წუთი ითამაშა და 9 ქულას 3 მოხსნა და 4 პასი მიამატა.

ტაირონ ელისმა ბელგიელი ვან როსომის "სარაგოსას" 17 ქულა ჩაუგდო. "ესტუდიანტესმა" კი დიდი სხვაობით გაიმარჯვა - 106:89.

"ალიკანტესთან" მატჩში "ხუვენტუდის" ფორვარდმა ქუინტონ ჰოსლიმ 19 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი გაიფორმა. მისმა გუნდმა "ალიკანტე" დაამარცხა - 75:73.


ესტონეთი
ნაყოფიერად იშრომა გიორგი ცინცაძემ. ესტონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "რაკვერესთან" მისი მონაგარი ასეთი იყო: 30 წუთი, 9 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა. ცინცაძის "როკმა" "რაკვერე" გამოკვერა - 88:72.


ბელგია
ბელგიის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "აალსტის" დამარცხების კარგი შანსი ბოლო წუთებზე ხელიდან გაუშვა "პეპინსტერმა" (90:92). თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა შეასრულა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული