Excellent job - ზაზამ "მეჯიქი" დაამარცხა

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული ეტაპი დასასრულს უახლოვდება. თითქმის გარკვეულია, რომ "ატლანტა ჰოქსი" პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ორლანდო მეჯიქს" შეხვდება. ამის გათვალისწინებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გუნდების 30 აპრილის დაპირისპირებას: ჯორჯიელები, პირველ რიგში, თავად უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ "ორლანდოს" ძლევა შესაძლებელია.

წინასწარ გეტყვით: ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები ამაში მართლაც დარწმუნდნენ - აშკარად გამოჩნდა, რომ "მეჯიქი" გოლიათ დუაით ჰოვარდზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული და თუ "სუპერმენი" ვერ თამაშობს, დანარჩენებსაც უჭირთ. "ატლანტას" მეფარეებმა ჰოვარდს გასაქანი არ მისცეს, რაც "ატლანტას" წარმატების საფუძველი გამოდგა. აკი თქვა გაწბილებულმა მწვრთნელმა ვან განდიმ ("ორლანდო"):

- "ჰოქსმა" ამ სეზონში ოთხიდან სამი მატჩი მოგვიგო. დღეს ჩვენზე უკეთესად ითამაშა. გადამწყვეტი გამოდგა მასპინძელთა დამაჯერებელი თამაში ჰოვარდის წინააღმდეგ - დუაითს ასე კარგად მიმდინარე სეზონში არავინ დადგომია.

პირველ ტაიმში ჰოვარდი გამოცდილმა ჯეისონ კოლინზმა შეაჩერა, ხოლო მეოთხის დასაწყისში დუაითს გასაქანი ზაზა ფაჩულიამ არ მისცა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე მესამე თორმეტწუთეულის მეექვსე წუთზე დაბრუნდა. ამ დროისთვის ჰოვარდი სათადარიგოთა შორის ისვენებდა, "ატლანტა" კი 53:50-ს იგებდა. მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა ფაჩულიას ორქულიანის შემდეგ დაფიქსირდა (69:61): ჯამალ კროუფორდმა სამქულიანი ააცილა, ზაზამ რთული პოზიციიდან ბურთი მეტოქის ფარიდან მოხსნა, მესამე პერიოდის ბოლო წამზე კალათში ჩააბრუნა, თავადაც გაიხარა და "ფილიპს არენაზე" შეკრებილი გულშემატკივარიც.

მეოთხე პერიოდში ქართველმა 5:17 წუთი ჰოვარდის მეურვეობაში გაატარა. თუმცა, თამაშის იშტაზე მყოფ ზაზამ მეტოქეს არც მოხსნები დაუთმო, ჯარიმებიც მიაღებინა და ერთიც ჩატენა. მეოთხე პერიოდის საწყის ხუთ წუთში ჰოვარდმა მხოლოდ ორი საჯარიმო გამოიყენა და ბურთი ორჯერ მოხსნა.

მწვრთნელმა ლარი დრიუმ ტრადიციას არ უღალატა და ბოლო მეოთხედის შუაში ფაჩულია ჯოშ სმიტით შეცვალა - როგორც წესი, "ატლანტა" ბოლო წუთებს ცენტრის გარეშე, სმიტითა და ჰორფორდით თამაშობს. ამჯერად ასეთმა სტრატეგიამ კინაღამ ყველაფერი წყალში ჩაყარა: ორლანდოელებმა ფარქვეშ გაილაღეს და სხვაობა 2 ქულამდე რომ შემცირდა, მწვრთნელი იძულებული გახდა მოედანზე ჰოვარდის მეურვედ კოლინზი გამოეყვანა. სირენამდე 1:01 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 82:82. თუმცა, ბოლო წუთზე ჯო ჯონსონმა მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და "ატლანტამ" 85:82 მოიგო. სხვათა შორის, უკანასკნელ წამებზე გადამწყვეტი მოხსნა კოლინზმა ჰოვარდს არ დაუთმო.

გამოცემა "პიტჩთრის" ჟურნალისტი მატჩის მიმოხილვაში წერს: "ვიდრე კოლინზზე შევჩერდები, საკუთარ მოსაზრებას ფაჩულიასა და უილიამსზე დავაფიქსირებ. ეს დუეტი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ერთობლივად 15 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. სწორედ 13 მოხსნა აღმოჩნდა გადამწყვეტი. ფაჩულიამ და უილიამსმა საკვანძო ეპიზოდებში "ატლანტას" მნიშვნელოვანი ქულები შესძინეს, შესანიშნავად იმუშავეს (excellent job)."

ამერიკელი ჟურნალისტი კოლინზს დაცვას უწონებს, სმიტს შეტევას (27 ქულა), თუმცა დროა სატურნირო ცხრილს გადავხედოთ. "ატლანტას" 43 მოგება აქვს (32 წაგების წილ) და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მეოთხეადგილოსან "ორლანდოს" 47 გამარჯვება უწერია. თუ რეგულარული ეტაპის ბოლოს ამ გუნდებმა ცხრილში პოზიციები არ შეიცვალეს (შანსი ძალიან მცირეა), პლეი ოფში ერთმანეთს შეხვდებიან და მოედნის უპირატესობა "ორლანდოს" მხარეს იქნება. რეგულარულის დასრულებამდე "ატლანტას" 7 მატჩი დარჩა. უახლოესი შეხვედრა "ფილიპს არენაზე" "ბოსტონის" წინააღმდეგ 1 აპრილს იგეგმება.


ატლანტა-ორლანდო 85:82
ზაზა ფაჩულია: 14:41 წუთი, 5 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 2 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
00:42 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
II პერიოდი
10:34 ფოლი: 1
09:52 ფოლი: 2
09:49 ჰაინრიხმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
06:30 ზაზამ კოლინზი შეცვალა
03:29 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
01:19 ჩაჭრა: 1 (თურქოღლუს ჩაუჭრა)
01:16 შეცდომა: 1
01:11 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
00:00 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
00:00 ორქულიანი: 2ქ (69:61)
IV პერიოდი
10:31 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
10:09 ჩატენვა: 4ქ (71:66)
09:47 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
09:36 მოხსნა: შეტ-2, დაც-4
09:17 ორქულიანი: არაზუსტი
08:10 საჯარიმო: 1/1 (5ქ, 75:69)
07:19 მოხსნა: შეტ-3, დაც-4
06:43 სმიტმა ზაზა შეცვალა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული