მანუ წინ მიიწევს

AutoSharing Option
"კანტუსა" და "ვირტუსს" შესაბამისად მეორე და მეოთხე ადგილების განმტკიცების კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ. კანტუელები "მონტეგრანაროს" მასპინძლობდნენ, ბოლონიელები - "დინამო სისარის".

შანსი მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა გამოიყენა (67:56), ვიქტორ სანიკიძის (11 ქულა, 11 მოხსნა) "ვირტუსი" კი დინამოელებთან 81:87 დამარცხდა.

"კანტუ"-"მონტეგრანაროს" მატჩში ორივე მხრიდან იყო ჩავარდნები. თავად განსაჯეთ: პირველი პერიოდი მასპინძლებმა 20:7 მოიგეს, მესამე ათწუთეულში "მონტეგრანაროს" უპირატესობა გამოიკვეთა (17:8), თუმცა გადამწყვეტ პერიოდში "კანტუმ" ძალა მოიკრიბა და - 24:12, რაც საბოლოო გამარჯვებისთვისაც საკმარისი აღმოჩნდა.

მანუჩარმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, პირველ ტაიმში 9 ქულა ჩააგდო.
გადამწყვეტ, მეოთხე პერიოდში მან შეუცვლელად ითამაშა და სირენამდე 7 წუთით ადრე სამქულიანით თანაგუნდელთა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა - 50:44. მას მერე "მონტეგრანაროს" თუნდაც ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მისცემია.

მანუს მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 25 წუთი, 12 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი), 4 მოხსნა, 2 პასი. მატჩის ბომბარდირი "კანტუს" გამთამაშებელი მაიკ გრინი გახდა - 17 ქულა.
"მონტეგრანაროს" მაისურით იტალიის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა შემონდ უილიამსმა: 12 წუთი, 1 ქულა.

"კანტუმ" კიდევ უფრო გაიმყარა მეორე პოზიცია - 24 მატჩიდან 18 აქვს მოგებული. მესამეადგილოსანმა "მილანმა" 23-ე მატჩში მე-17 მოგება ჩაიწერა - "აველინოს" სტუმრად 84:76 სძლია. მასპინძელთა განაცხადში იყო მერაბ ბოქოლიშვილი, მაგრამ არ უთამაშია.

"კანტუს" წარმატების საიდუმლო ბევრისთვის გახსნილია - გუნდი ორი სეზონია ერთი შემადგენლობით თამაშობს და კარგადაა შეკრული. ეს მწვრთნელმა ანდრეა ტრინჩიერიმაც აღნიშნა:

- როცა გუნდს წელიწადზე მეტია, რაც ავარჯიშებ, შეთამაშების დონეც მაღალია და თითოეული კალათბურთელის შესაძლებლობასაც ზედმიწევნით იცნობ. შესაბამისად იოლია მატჩის მსვლელობისას სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტის გამოყენება. რაც დღეს კარგად გამოგვივიდა.

თუ "კანტუს" საკუთარი თამაში ნაპოვნი აქვს, "ვირტუსს" ძალიან უჭირს - იტალიელი ჟურნალისტებიც აღიარებენ, რომ გუნდი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვიქტორ სანიკიძეზე. ქართველი ფორვარდის ეფექტური გარჯის შედეგად ბოლონიელებმა არაერთი მატჩი მოიგეს. ვიქტორმა "სისარისთანაც" კარგად ითამაშა: 22 წუთში 11 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა, მეოთხე პერიოდში ერთი სამქულიანი და ჩატენვა მიითვალა, მაგრამ მისი ორმაგი დუბლი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ვირტუსი" სადღეისოდ იმ ოთხ გუნდს შორისაა, რომლებსაც 12-12 მოგება-წაგება აქვთ და მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ტურში სანიკიძეს შეუძლია თავადაც გაიუმჯობესოს სატურნირო მდგომარეობა და მარკოიშვილსაც ჩამოაცილოს მდევარი "მილანი". ამისთვის 10 აპრილს მილანში გამარჯვებაა საჭირო, რაც მეტად რთული საქმეა. ამავე დღეს "კანტუ" ბოლოადგილოსან "ბრინდისის" ეწვევა.


***
ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" "სკაფატისთან" სტუმრად დათმო - 73:79. ქართველმა ფორვარდმა 6 წუთში 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულა მოაგროვა.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული