გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს.
"ზაზა ფაჩულიამ 15 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა და "ატლანტას" "ბოსტონის" დამარცხებაში დაეხმარა - 88:83. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჯორჯიელთა სასტარტო მეფარე ელ ჰორფორდი:
- იმედი მაქვს, რომ ეს დასაწყისია - ფაჩულია მისთვის ჩვეულად, მაღალ დონეზე ათამაშდება. ზაზასთვის აქამდეც მითქვამს - როცა ასე ირჯება, "ატლანტას" ძლევა ყველას უჭირს.
2008 წელს კევინ გარნეტთან
- "ბოსტონის" წინააღმდეგ ძალისმიერი თამაში აუცილებელია. სწორედ ასეთ სტილში მოქმედებს "სელტიქსი" და ამიტომაცაა ფინალებში ხშირად რომ ხვდება. თუ "ბოსტონის" ძლევა გინდა, ფიზიკურად მასზე უკეთესად უნდა გამოიყურებოდე, - განმარტავს ფაჩულია.
სირენამდე 36 წამით ადრე "ატლანტას" ფარქვეშ ზაზაზე გარნეტი დაჯარიმდა და ქართველმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 86:81. ამის შემდეგ პოლ პირსი "ატლანტას" ფარქვეშ შეიჭრა, თუმცა ფაჩულიამ იგი წესების დარღვევით შეაჩერა.
- მეოთხე პერიოდში ყოველ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველი შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. მეტოქეზე დაჯარიმება საჭირო იყო, თუმცა ამასთან ისე უნდა გვემოქმედა, რომ ჯარიმასთან ერთად ორქულიანიც არ ჩაეგდო. საბოლოოდ ასეც გამოვიდა, - განაგრძობს ზაზა.
ახლა "ატლანტას" თავკაც ლარი დრიუს მოვუსმინოთ:
- "ბოსტონი” ფარქვეშ კარგად თამაშობდა, ბურთსაც ხსნიდა და აგდებდა კიდეც. გვჭირდებოდა კალათბურთელი, რომელიც მათ ამაში ხელს შეუშლიდა. ასეთი ფაჩულია აღმოჩნდა. მისი გამოჩენის შემდეგ თამაში ჩვეულ კალაპოტში ჩადგა და ჩემი კალათბურთელები კარგად ასრულებდნენ იმას, რაც დავალებული ჰქონდათ.
დრიუმ ძალისმიერ თამაშზე ცალკე ილაპარაკა:
- ამ ლიგაში ფიზიკურად არავის უნდა ჩამოუვარდებოდე. "რბილი" გუნდი შედეგს ვერ მიაღწევს. ამას მთელი სეზონის განმავლობაში ვამბობდი და სასიამოვნოა, რომ ჩვენი მაღლები ამტკიცებენ, რომ არავის ჩამორჩებიან. მეოთხე პერიოდში ზაზა გარნეტის წინააღმდეგ თამაშობდა და, ვფიქრობ, კევინის წინააღმდეგ შესანიშნავად გაისარჯა. წინახაზელებს პლეი ოფშიც დიდი სამუშაო ექნებათ.
თუ ტანმაღალი ქართველი პლეი ოფშიც ასევე ითამაშებს, "ატლანტას" თამაში გამრავალფეროვნდება და როგორც ჰორფორდი ამბობს, "ჰოქსი" რთულად დასამარცხებელ გუნდად იქცევა."
.