ზაზას ხუთი

AutoSharing Option
გამოცემა yahoo-ზე გამოქვეყნდა საინტერესო მასალა, რომელიც მთლიანად ზაზა ფაჩულიას ეძღვნება. პუბლიკაციის ავტორია პატრიკ დევისი. აი, რას წერს ბატონი პატრიკი:

"გასულ სეზონში "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია გუნდს კარგად დაეხმარა. 28 წლის, 212 სმ სიმაღლის "როკი ბალბოა" NBA-ს ძლიერ კლუბებს არაფერს უთმობდა. შესაძლოა, იგი დუაით ჰოვარდს ვერ აღემატება, ან ტაისონ ჩენდლერს ფიზიკურად ვერ სჯობს, მაგრამ მოედანზე ძალიან სასარგებლოა. ქართველი ცენტრი თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის და თანაგუნდელებს თუნდაც წამით მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

ყველა გუნდს ჰყავს შავი სამუშაოს შემსრულებელი ერთი-ორი კალათბურთელი. ასეთი
ფუნქცია აკისრია ზაზას "ატლანტაში". "ჰოქსის" ნებისმიერ გულშემატკივარს კარგად ახსოვს 2008 წელს პლეი ოფში ფაჩულიასა და კევინ გარნეტის შეტაკების ამბავი, რამაც ქართველს ატლანტაში დიდი პოპულარობა მოუტანა. გარნეტი ყოველთვის ცდილობს ფსიქოლოგიურად დათრგუნოს მეტოქე, მაგრამ 2008-ში პლეი ოფის პირველი რაუნდის მეექვსე მატჩში ზაზას წინააღმდეგობას გადაეყარა, რის შედეგადაც კევინი გააძევეს და "ატლანტამ" გაიმარჯვა. თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა გარნეტის "ბოსტონის" სასარგებლოდ დასრულდა და იმ სეზონში "კელტები" ჩემპიონებიც გახდნენ.

ზაზა ფაჩულიას ძალისმიერმა თამაშმა წლეულს "ორლანდოს" კალათბურთელებზეც იმოქმედა - ჯეისონ რიჩარდსონი თანაგუნდელ ჰოვარდს გამოექომაგა და ფაჩულიას მიეჭრა, შედეგად ატლანტელმა თავი ჩაარტყა და ორივე გააძევეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ზაზა სათამაშო დროს არათანაბრად იღებდა. დებიუტანტმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ გუნდში გარკვეული გადაადგილებები განახორციელა და ზაზასაც დრო გაეზარდა. მწვრთნელმა ელ ჰორფორდი ცენტრის პოზიციიდან მძიმე ფორვარდად გადაიყვანა, ხოლო ჯოშ სმიტი - მსუბუქ ფორვარდად. ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ჯეისონ კოლინზი თამაშობდა, ზაზა ფაჩულია კი პირველი სათადარიგო იყო - კოლინზს ცვლიდა.


***
ახლა უკან გადავიხედოთ. ფაჩულია "ჰოქსს" 2005 წელს შეუერთდა. მწვრთნელის, მაიკ ვუდსონის ხელმძღვანელობით იგი სასტარტო ცენტრად იქცა. პირველ სეზონში ქართველი საშუალოდ 12 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებდა, თუმცა მას მერე მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ფაჩულია უფრო სასარგებლო სათადარიგოთა სკამიდან იქნებოდა, რასაც სათამაშო დროის შემცირება მოჰყვა. ზაზა 28 წლისაა და შესაძლოა, მისი როლი კვლავ შეიცვალოს.


***
ბოლოს გთავაზობთ 2010-11 წლების სეზონში ფაჩულიასთან დაკავშირებულ ხუთ მნიშვნელოვან მოვლენას.
1. 1-ლი აპრილი. სიმართლე რომ ვთქვათ, ზაზას გარეშე "ჰოქსი" საშინაო მატჩში "ბოსტონს" ვერ დაამარცხებდა. მეორე ტაიმში ფაჩულიამ (15 ქულა, 10 მოხსნა) მოედანზე დიდი ენერგია შეიტანა, თანაგუნდელები გამოაფხიზლა და "ბოსტონის" თავკაც დოკ რივერსს ათქმევინა: ზაზა დღეს მოედანზე საუკეთესო იყოო. "ატლანტამ" 88:83 იმარჯვა.

2. 10 მაისი. აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში სერიის მეხუთე მატჩში ქართველმა მეფარემ მშვენივრად ითამაშა, ჩიკაგოელებს სამწამიან ზონას არ აკარებდა, ბურთებსაც ხსნიდა და სროლის სიზუსტითაც გამოირჩეოდა. საბოლოოდ 13 ქულა მოუგროვდა. ასევე კარგად გაისარჯა ჯეფ ტიგი, მაგრამ მათი შრომა წყალში ჩაიყარა, რადგან მეოთხე პერიოდში "ჩიკაგომ" დიდებულად ითამაშა, "ატლანტას" უკანახაზელებს კი თამაში არ წაუვიდათ და შორი დისტანციიდან ერთიც ვერ ჩააგდეს.

3. 20 მარტი. "დეტროიტთან" მატჩში ფაჩულიამ 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. "ჰოქსი" NBA-ში საჯარიმოების რეალიზების მიხედვით ერთ-ერთი აუტსაიდერია. თუმცა, ცენტრ ფაჩულიას თავისუფალი ტყორცნები არ დაეწუნება. "დეტროიტთან" მატჩში მან 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენა და "ატლანტას" გაამარჯვებინა, რითაც წინა საღამოს "მაიამისთან" სამარცხვინო წაგების გამო გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია მოახდინა.

4. 16 მარტი. "დენვერთან" შეხვედრაში ზაზა გუნდის ბომბარდირი გახდა, თუმცა მისი შედეგიანი გარჯა მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - დენვერელებმა კარგად "დაკეტეს" "ჰოქსის" მთავარი მექულეები.

5. 27 ოქტომბერი. ამ დღეს "ატლანტამ" სეზონის სადებიუტო მატჩი ჩაატარა - "მემფის გრიზლისს" დაუპირისპირდა. ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა - 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული