ვიდრე უშუალოდ შეხვედრის მსვლელობაზე ვიტყოდეთ, შეგახსენებთ, რომ "არმანი" იტალიის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი, ევროლიგის მონაწილეა და მასში გაცილებით მეტი ვარსკვლავია შეკრებილი, ვიდრე "კანტუში". თუმცა, გუშინ მილანელებმა 48 ქულა ჩააგდეს, რაც ფინალისტობაზე მეოცნებე გუნდისთვის მეტისმეტად ცოტაა. მაგრამ რა უნდა ექნათ "არმანის" კალათბურთელებს, როცა მათ წინაშე შვეიცარიული საათივით კარგად დაზეთილი მექანიზმი თამაშობდა. ვინც მატჩი პირდაპირ ეთერში იხილა, დაგვეთანხმება,
მასპინძლები დაცვაში მწყობრად იდგნენ და ნამატჩევს სტუმართა მწვრთნელი დენ პეტერსონი გაოცებული დატოვეს: აბა როგორ უნდა მოგვეგო, როცა ჩვენმა მთავარმა მექულეებმა ვერაფერი გააკეთესო. იბრაჰიმ ჯაბერმა ქულა ვერ ჩააგდო, სტეფანო მანჩინელიმ 6 ქულა მოაგროვა, ხოლო მეისონ როკამ - 2.
თავის მხრივ, "კანტუს" მხრიდან ნიკოლა მაძარინო სამქულიანებს ისე ისროდა, თითქოს ვარჯიშზე ყოფილიყოს. მან 6-დან 4 სამიანი ჩააგდო და 16 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მარკოიშვილმა 15 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მანუმ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 1 სამიანი გამოიყენა. არის შეხვედერები, როცა ქართველი უკანახაზელი პერიმეტრიდან ტყორცნებს უკეთესი პროცენტული სიზუსტით ესვრის, მაგრამ გუშინ ერთი საინტერესო ფაქტის მომსწრენი გავხდით: "კანტუს" მწვრთნელის, ანდრეა ტრინჩიერის ტაქტიკაში მანუჩარს ერთგვარი მხსნელის როლი აკისრია - თუ შეტევის 24 წუთი ისე მიილევა, რომ გუნდი მეტოქის კალათის მიმართულებით ვერ ისვრის, ბოლო წამებზე ბურთს მარკოიშვილს აძლევენ და ისიც თამამად ისვრის. ასეთ დროს ბურთის ჩაგდება გაცილებით რთულია. შეიძლება, გუშინ ამიტომაც ვერ ისროლა სამქულიანები მაღალი რეზულტატურობით, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს იშვიათი შემთხვევათაგანი იყო. მანუს რეგულარულ ჩემპიონატში 79-დან 32 სამქულიანი აქვს ჩაგდებული (40.5 პროცენტი).
სერიის (სამ მოგებამდეა) მეორე მატჩი ისევ კანტუში პირველ ივნისს გაიმართება.