ვიქტორ სანიკიძე - "ოლ სტარი" და იღბალი

AutoSharing Option
ჩამოგითვლით ევროპულ სარბიელზე ქართველთა აღიარების რამდენიმე ფაქტს: 1998 წელს ვლადიმერ სტეფანიამ ევროლიგის "ოლ სტარში" ითამაშა; ვახტანგ ნაცვლიშვილს არაერთი ქვეყნის ვარსკვლავთა მატჩში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ყველაზე მაღლა მაინც ფრანგული "ოლ სტარი" დგას; მანუჩარ მარკოიშვილმა ადრიატიკის ლიგის საუკეთესოთა შორის იასპარეზა, გიორგი ცინცაძემ - ბალტიის ლიგისა და ფიბას თასის ვარსკვლავთა მატჩებში. ვლადიმერ ბოისამ, 2005 წელს სულაც ევროპის ნაკრებში ითამაშა...

...და წლეულს, 13 მარტს ვიქტორ სანიკიძის ჯერიც დადგა - იგი იტალიის ჩემპიონატის "ოლ სტარში" ჩატენვების კონკურსში მიიწვიეს, მალე კი ერთ-ერთი ტრავმირებული კალათბურთელის ნაცვლად ვარსკვლავთა
მატჩში ლეგიონერების განაცხადშიც შეიყვანეს. ეს ვიქტორის დიდი აღიარება იყო, ვიდრე მატჩი დაიწყებოდა ყველას ძალიან გვიხაროდა, მაგრამ იგი სათადარიგოთა სკამიდან ახალი შესული იყო, როცა მოხსნისთვის ბრძოლისას იატაკზე უხერხულად დაეშვა და კოჭი დაიზიანა.

ტრავმა "ოლ სტარში"... აღმავლობის გზაზე მდგარი კალათბურთელი ერთბაშად შეფერხდა, რამაც "ვირტუსის" შეყოვნებაც გამოიწვია - იტალიელ ჟურნალისტებს არაერთხელ უთქვამთ, ბოლონიური გუნდის გამოსვლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სანიკიძის თამაშზეო.

თუ 13 მარტამდე ზედიზედ 5 მატჩში ვიქტორი 12 ქულას არ ჩამოსცილებია ("ვირტუსმა" ხუთიდან ოთხი მოიგო), კოჭის ტრავმის შემდეგ სანიკიძე ძველებური ეფექტურობით ვერ გამოირჩეოდა: იყო უქულო, ერთქულიანი მატჩები, რომლებსაც თითოჯერ შვიდი და რვაქულიანი, ხოლო ორჯერ 11-ქულიანი თამაში შეერია. "ვირტუსმა" კი "ოლ სტარის" შემდეგ რეგულარულ ეტაპზე 9-დან მხოლოდ სამი შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილიდან მერვემდე დაეშვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბოლონიელებს პლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩემპიონატის ფავორიტი სიენას "მონტეპასკი" უნდა დაპირისპირებოდათ. სიენელებმა მეოთხედფინალური სერია 3:1 მოიგეს და ახლა ნახევარფინალში თამაშობენ. "მონტეპასკისთან" მეოთხე მატჩი ქართველმა ფორვარდმა 13 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, ხოლო წინა ორ შეხვედრაში 12 და 11 მოხსნა მოაგროვა.

ისევე როგორც "ოლ სტარის" შემდეგ, სანიკიძემ მანამდეც არათანაბრად ითამაშა - რამდენჯერაც ფორმაში შევიდა და ეფექტური სტატისტიკით გამოირჩა, იმდენჯერ ტრავმა მიიღო. ოქტომბერ-ნოემბერში "ვირტუსიცა" და სანიკიძეც სტაბილურად გამოიყურებოდნენ, ნელ-ნელა ფორმაში შედიოდნენ და თამაშს აუმჯობესებდნენ. 13 ნოემბერს ბევრისთვის მოულოდნელად "კასერტასთან" მატჩში ქართველმა ფორვარდმა 6 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მას კოჭის ტრავმა ჰქონდა და ექიმებმა ერთთვიანი დასვენება გამოუწერეს. იგი მოედანს 19 დეკემბერს დაუბრუნდა, თუმცა მალე იდაყვი იტკინა და ხელშეხვეული თამაშობდა.

სანიკიძეს მეორე წრის დასაწყისში სახვევი არ მოუხსნია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ორ მატჩში ერთხელ ორმაგი დუბლის შესრულებაში: 16 ქულა და 14 მოხსნა; 17 ქულა და 12 მოხსნა; 14 ქულა და 10 მოხსნა; 11 ქულა და 10 მოხსნა... სწორედ ამ დროს "ვირტუსმა" რვიდან ექვსი მატჩი მოიგო და, როგორც გითხარით, მეოთხე ადგილამდე ავიდა, თუმცა ისიც მოგახსენეთ, რა მოხდა იტალიის ვარსკვლავთა მატჩში და მას მერე რა ბედი ეწია ბოლონიურ კლუბს.

წარუმატებელი სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ლარდო ლინომ. მის ნაცვლად ალესანდრო ფინელი დაინიშნა. გუნდის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ვიქტორ სანიკიძის ბოლონიაში დატოვება, თუმცა ეს საკითხი ჯერ ღიადაა - ვიქტორმა სერია A-ში ორწლიანი გამოსვლით საკუთარი მაღალი კლასი ევროპელებსაც დაანახა და ამ ზაფხულს უკეთესი გუნდებიდანაც ექნება შეთავაზება...

დოსიე
ვიქტორ სანიკიძე
დაიბადა: 01.04.1986
სიმაღლე: 203 სმ
წონა: 86 კგ
ამპლუა: ფორვარდი

კარიერა
2002-03 გლობ კოლეჯი (აშშ)/აკადემია (თბილისი)
2003-06 დიჟონი (საფრანგეთი)
2006-07 ესტუდიანტესი (ესპანეთი)
2008 დინამო (თბილისი)
2008-09 ტარტუ როკი (ესტონეთი)
2009-11 ვირტუსი (იტალია)
2004 NBA-ს დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა და "სან ანტონიოს" დაუთმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული