გიორგი ცინცაძე: გაგვიმართლა, რუსეთი რომ შეგვხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრები სამშობლოში ბრუნდებიან. ჯერ ნიკა ცქიტიშვილი ჩამოვიდა, შემდეგ ლაშა გამყრელიძე, თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი, გიორგი ცინცაძე.

დღეს "ბუ"-ს შეგახვედრებთ, რომელმაც გასული სეზონი ესტონეთის "ტარტუ როკში" გაატარა, ბალტიის ლიგის თასს დაეუფლა, ხოლო ესტონეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "კალევთან" დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.


თორთლაძესთან
- ესტონეთიდან დაბრუნებული, ალბათ, ისვენებ...
- უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნება თავისთავად დასვენებას ნიშნავს, რადგან აქ უამრავი ახლობელი მყავს. რაც შეეხება სპორტისგან დასვენებას, ამას არ ვაკეთებ - საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ, ამჟამად "დინამოს" მწვრთნელ დავით თორთლაძესთან ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. მის
მიერ შედგენილი სპეციალური პროგრამით ფიზმომზადებას გავდივარ. 24 ივლისამდე ამ პროგრამით ვივარჯიშებ, შემდეგ კი ნაკრებს შევუერთდები.


თუ ჭკუით ვითამაშებთ...
- მოსამზადებელ ციკლზე ზოგადად რისი თქმა შეიძლება?
- მოკლე დროში მოგვიწევს ბევრის გაკეთება, თუმცა, ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით ევროპის ჩემპიონატს სათანადოდ მომზადებულები უნდა შევხვდეთ. იმედია, ევრობასკეტამდე ყველა ჯანმრთელად მივალთ, დანარჩენი კი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თუ საკუთარ თამაშს ვუჩვენებთ, ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრიც რეალურად შეგვეძლება, თუ ისე ვითამაშეთ, როგორც შარშან ბელგიასთან, წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.

- ბელგიასთან თბილისური შეხვედრისას წაგების მიზეზად დაღლილობა დასახელდა, მეტოქე შედარებით დასვენებული იყო. ევროპის პირველობაზეც რთული იქნება ძალების ბოლომდე შენახვა...
- ექვს დღეში ხუთი შეხვედრის ჩატარება გვიწევს, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. თუ სხვები შეძლებენ ძალების ბოლომდე გამოზოგვას, არც ჩვენ უნდა ვიყოთ გამონაკლისები. ევრობასკეტზე ყველა გუნდი თანაბარ პირობებში იქნება. ამ მხრივ დასაჩივლი არაფერი გვაქვს.

- თითო მეტოქეს თითო წინადადება შევაწიოთ. 31 აგვისტოს ბელგიას ვეთამაშებით...
- ბელგიელები რამდენჯერაც შეგვხვდნენ, იმდენჯერ მოგვიგეს. ახლა ჩვენი ჯერია. ერთხელ ხომ უნდა მოვუგოთ. იმედია ეს ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთშეხვედრაში მოხდება.

- 1 სექტემბერს რუსეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით. ცსკა, "სამარა", "ურალ გრეიტი", "დინამო" - ამ რუსულ გუნდებში გითამაშია და ჩვენს მომავალ მეტოქეზეც სრული წარმოდგენა გექნება.
- რუსეთის ნაკრების კალათბურთელების 70 პროცენტს ვიცნობ. ჩვენს მეზობლებს ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ვფიქრობ, გაგვიმართლა, როცა მეორე კალათიდან ჩვენს ჯგუფში რუსეთი მოხვდა და არა თურქეთი, საფრანგეთი ან ხორვატია. ჩემი აზრით, თუ ჭკუით ვითამაშეთ, რუსეთის ნაკრების ძლევა შეიძლება.

- შემდეგი მეტოქე სლოვენიაა.
- სლოვენია არათუ ჯგუფის, ევრობასკეტის ფავორიტია. ამ ნაკრებში ჩვენზე მეტად გამოცდილი კალათბურთელები თამაშობენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოედანზე წასაგებად უნდა გავიდეთ. სლოვენიელებიც ისეთივე კალათბურთელბი არიან, როგორც ჩვენ. ნებისმიერ ლიდერს შეიძლება ერთი თამაში არ წაუვიდეს, რაც მეტოქემ სათავისოდ უნდა გამოიყენოს.

- დაგვრჩა ბულგარეთი და უკრაინა...
- უკრაინის ნაკრები გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე შარშან თბილისში ვნახეთ. ამჯერად მწვრთნელიც ძლიერი ჰყავთ და შემადგენლობაც. რაც შეეხება ბულგარეთს, არა მგონია, იქ ბევრი ცვლილება განხორციელდეს. ერთადერთი, შესაძლოა ნატურალიზებული კალათბურთელი შეცვალონ. ასეა თუ ისე, წინასწარ გამარჯვება არავის არვისთან აქვს გარანტირებული.


ოპერაციის დრო არ არის
- სეზონის დასაწყისში, ესტონეთის "ტარტუ როკში" გადასული, ალბათ, იმაზე მეტს ელოდი, რაც საბოლოოდ გამოვიდა...
- გარკვეულწილად ასეც იყო, რადგან ორი წლის წინათ გუნდის ლიდერი ვიყავი და სეზონის საუკეთესო კალათბურთელადაც დამასახელეს. თუმცა, 2010-11 წლების სეზონის წინ, ტარტუში რომ მივდიოდი, სხვა ამოცანა მქონდა - მინდოდა ტრავმა საბოლოოდ მომეშუშებინა და კარგ სათამაშო კონდიციებამდე მივსულიყავი. 2010 წელს სანაკრებო მატჩებისას კოჭი მაწუხებდა და ეროვნულშიც, ფაქტობრივად, ცალი ფეხით ვთამაშობდი. სწორედ იმიტომ გადავედი ჩემს ძველ გუნდ "როკში", რომ ვიცოდი, იქ ყველანაირად ხელს შემიწყობდნენ, დამელოდებოდნენ. სხვაგან შეიძლება არ მოეცადათ, დავეტვირთეთ, რაც ტრავმას კიდევ უფრო გაართულებდა.

- ტრავმა საბოლოოდ მოიშუშე?
- ტრავმას სეზონის მეორე ნახევარში აღარ შევუწუხებივარ. ახლაც კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა კოჭი 100 პროცენტით არ მორჩენილა, სრულად გამოსაჯანმრთელებლად ოპერაცია მჭირდება, მაგრამ წინ სანაკრებო ბატალიებია და ოპერაციის დრო არ არის, როგორც აღვნიშნე, ტრავმა თამაშში ხელს აღარ მიშლის.

- კოჭი როდის დაიზიანე?
- 2010 წლის გაზაფხულზე, პოლონურ "სოპოტში" თამაშისას.


როკი ახალგაზრდების შესრულებით
- "ტარტუ როკში" 2008-09 წლების სეზონში ვიქტორ სანიკიძესთან ერთად თამაშობდი. მაშინდელ და წლევანდელ "როკს" შორის რა განსხვავება იყო?
- ორი წლის წინათ უფრო გუნდურად ვთამაშობდით, ახლა "ტარტუში" გაცილებით მეტი ახალგაზრდა შეიკრიბა, შესაბამისად ამბიციაც დიდი იყო - საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურდათ. მათთან შედარებით ვეტერანი ვიყავი. თუ ორი წლით ადრე საშუალოდ 33 წუთს ვთამაშობდი და 15.5 ქულას ვაგროვებდი, ამ სეზონში დრო შემიმცირდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტმა იმატა: 20 წუთში 7.8 ქულა, 3.2 პასი და 3.2 მოხსნა.

- ძირითადად სოკს ცვლიდი...
- იგი ახალგაზრდაა და კარგი მონაცემები აქვს. გამთამაშებლის პოზიციაზე დრო ჩემსა და სოკს შორის ნაწილდებოდა.

- შუა სეზონში გამოცდილი იანარ ტალტსი გამოგაკლდათ, რომელიც იტალიაში გადავიდა...
- მისმა წასვლამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა. ტალტსი ხომ ლიდერი იყო. დარჩნენ სხვა გამოცდილები ლეპიკი, დორონინი, მაგრამ მათ მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდათ.

- ეზიუკვუ სტატისტიკით ვიქტორ სანიკიძეს მაგონებდა...
- იგი ვიქტორთან ახლოს ვერ მივა - 212 სმ სიმაღლის ცენტრი გახლდათ და მისი მთავარი პლუსი მაღალი ნახტომი იყო. ვიქტორი გაცილებით მრავალმხრივი მოთამაშეა.

- ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია 0:3 წააგეთ. გუნდის უფროსობა ამას როგორ შეხვდა?
- რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად ისინიც ჩემპიონობაზე ფიქრობდნენ. "კალევმა" კარგად ითამაშა, თუმცა მასზე უარესები ნამდვიად არ ვიყავით, უბრალოდ ფინალურ სერიაში ბევრი ტრავმირებული ვერ დაგვეხმარა.


თოვლი და ღვინო
- ესტონეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენი მანქანის მოყინულ გზაზე მოცურებას...
- კვირის მთავარ მოვლენადაც იქცა. ვფიქრობ, საქართველოში ასეთი ამბავი არ მოჰყვებოდა, რადგან აქ უფრო ნაკლებად მიცნობენ, ვიდრე ესტონეთში.

- რეალურად რა მოხდა?
- სახლში მეუღლესთან ერთად ვიყავი, სადილზე ნახევარი ბოთლი წითელი ღვინო დავლიე. მას მერე რამდენიმე საათი გავიდა და სახლთან ახლოს მანქანით გასვლა მომიწია. დიდი თოვლი იყო, მანქანა მოცურდა და გზიდან გადავიდა. ესტონეთში მოიგონეს, თითქოს დიდი სისწრაფით მივდიოდი, არადა ისეთ თოვლზე სწრაფად როგორ უნდა მევლო, 30 კმ/სთ სიჩქარით მივდიოდი... გუნდის ხელმძღვანელობამ ყველაფერი კარგად გააანალიზა და ჯარიმა არ დამაკისრა.

გიორგი ცინცაძე ამჟამად უკლუბოდაა. იგი "ტარტუ როკში" დაბრუნებას აღარ აპირებს. მისი აგენტი ტრანსფერზე მუშაობს.

დოსიე
გიორგი ცინცაძე
დაიბადა: 7.2.1986
სიმაღლე: 192 სმ.
წონა: 90კგ.
პოზიცია: უკანახაზელი

კარიერა
2001-02 აკადემია
2003 ბასკო
2003-04 ცსკა (რუსეთი)
2004 სამარა (რუსეთი)
2005 ურალ გრეიტი (რუსეთი)
2005-06 დინამო (რუსეთი)
2006-09 ტარტუ (ესტონეთი)
2009 ტრიკალა (საბერძნეთი)
2009-10 დონეცკი (უკრაინა)
2010 სოპოტი (პოლონეთი)
2010-11 ტარტუ (ესტონეთი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული