ფერმკრთალი "ოლიმპია", მკვეთრი შერმადინი

AutoSharing Option
სლოვენიის ჩემპიონატში ფინალური სერია წაგებით დაიწყო "ოლიმპიამ", რომელმაც კრკა-სთან 23 ქულის სხვაობით დათმო - 55:78.

რეგულარულ ეტაპზე კრკა-მ 14-დან 13 მატჩი მოიგო და პირველი ადგილიც დაიკავა. "ოლიმპია" მეორე იყო (10 მოგება, 4 მარცხი). ამ შედეგებიდან გამომდინარე ფინალური სერიის ფავორიტად კრკა მიიჩნეოდა, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ პირველივე მატჩში ასე გაისეირნებდა. კრკა-ს კალათბურთელები საწყის პერიოდში 9 ქულით დაწინაურდნენ (24:15), ხოლო მესამე ათწუთეულის შემდეგ 59:40-ს იგებდნენ, რითაც ბოლო პერიოდს ფორმალური სახე მისცეს.

გუნდის უფერული თამაშის ფონზე მკაფიოდ გამოიყურებოდა გიორგი შერმადინის სტატისტიკა. მან
6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას 6 მოხსნა მიამატა. მწვრთნელმა კი მხოლოდ 15 წუთი ათამაშა. მარგი ქმედების კოეფიციენტის (12) მიხედვით შერმადინი "ოლიმპიაში" ოჟბოლტთან ერთად საუკეთესო იყო.

გიორგის მსგავსად ვლადიმერ ბოისაც სათადარიგო იყო. მან 12 წუთი ითამაშა, 2 ქულა (4-დან 2 საჯარიმო) და 1 მოხსნა ჩაიწერა. ოლიმპიელთაგან ყველაზე მეტი, 11 ქულა კენი გრეგორიმ ჩააგდო, რომელმაც შერმადინზე 10 წუთით მეტი ითამაშა.

სლოვენიის ფინალური სერიის მეორე მატჩი 4 ივნისს ლიუბლიანაში გაიმართება. სერია 3 მოგებამდეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული