ისტორიული გამარჯვება

AutoSharing Option
"კანტუმ" ბოლო 30 წელიწადში საუკეთესო შედეგი უჩვენა - იტალიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. იქ მანუჩარ მარკოიშვილის თანაგუნდელებს სიენას "მონტეპასკის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.

მართალია, სიენაში მსოფლიო დონის ვარსკვლავთა კრებულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნახევარფინალში კანტუელებმა არანაკლები ვარსკვლავებით დახუნძლული "არმანი" დაამარცხეს. თანაც სერიაში 3:1 მოუგეს, რაც "კანტუმ" ძლიერი მწვრთნელის (ანდრეა ტრინჩიერი რეგულარული ეტაპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა) და გუნდური თამაშის წყალობით მოახერხა. ეს პლუსები "კანტუს" "მონტეპასკის" ძლევისთვის ეყოფა თუ არა, მალე ვნახავთ - ფინალური სერია 11 ივნისს სიენაში გასამართი მატჩით დაიწყება. ეს გუნდები
13 ივნისსაც "მონტეპასკის" მოედანზე ითამაშებენ, ხოლო მომდევნო ორი მატჩი 15 და 17 ივნისს "კანტუს" არენაზე შედგება. სერია სამ მოგებამდეა და თუ გადამწყვეტი მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, მასპინძლის რანგში სიენელები ითამაშებენ.

***
ფინალში გასვლა ევროლიგის საგზურის მოპოვებას ნიშნავს. ასე რომ, მანუჩარ მარკოიშვილი ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ევროლიგას დაუბრუნდება. მან ამ შეჯიბრებაში ბოლოს 2006 წელს სლოვენიის "ოლიმპიას" მაისურით იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ მანუმ მაისში "კანტუსთან" კიდევ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, გაისადაც ტრინჩიერის გუნდში ითამაშებს.

ფინალში მოხვედრამ ძალიან გაახარა "კანტუს" პუბლიკა, ხოლო მწვრთნელი, ანდრეა ტრინჩიერი, როგორც ყოველთვის მშვიდი და ენაწყლიანი იყო:

- ორი წელია გუნდის მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ. ამ დროში დიდი მოცულობის სამუშაო შევასრულეთ, რაც შედეგზე აისახა. ყოველწლიურად ვაუმჯობესებდით თამაშის სხვადასხვა კომპონენტებს, ვაშენებდით პირამიდას, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ორი რამ მაქვს საამაყო: ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მიღწევა და მეორე - იმ კალათბურთელებთან მუშაობა, რომლებიც დღეს "კანტუში" არიან შეკრებილნი.

სხვათა შორის, შემადგენლობა თავად ტრინჩიერიმ დიდი დაკვირვების შედეგად შეარჩია. მანუჩარს ჯერ კიდევ 2009 წლის გაზაფხულზე ურეკავდა (მაშინ მანუ "კიევის" ღირსებას იცავდა), გაისად "კანტუში" გელიო...


***
მწვრთნელმა ისიც თქვა, "არმანისთან" მეოთხე მატჩისას 40 წუთის განმავლობაში ინიციატივა ხელიდან არ გაგვიშვია, კალათბურთელებს სჯეროდათ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა და ამიტომაც მოვიგეთო.

რომ არა თავდაჯერება, მეოთხე პერიოდის დასაწყისში სამი სამქულიანის ჩაგდებას ვერავინ მოახერხებდა... 28-ე წუთამდე მილანელები სტუმრებს "კვალში ედგნენ", თუმცა მარკოიშვილის ორქულიანს მაიკ გრინმა სამიანი მიაყოლა და "კანტუს" სამქულიანი უპირატესობა ერთბაშად 8-ქულიან ჰანდიკაპად იქცა (53:45).

სტუმრები ამაზე არ შეჩერდნენ: მეოთხე რაუნდის დასაწყისში მილანელთა ფარქვეშიდან ტყორცნებს სამქულიანებით პასუხობდნენ: ჯერ მაარტენ ლეუნენმა გამოიყენა შორეული ტყორცნა, შემდეგ მაიკ გრინმა და მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანის შემდეგ "კანტუს" უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია (64:55). მატჩის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა. ამ დროში 9-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა შესაძლებელია, მაგრამ არა "კანტუსთან" - სირენამდე 2 წუთით ადრე ვლადიმირ მიკოვმა სამქულიანით კვლავ 9-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა (71:62) და ცხადი გახდა, "არმანის" კალათბურთელები მოკლე დროში თამაშის შემოტრიალებას ვეღარ შეძლებდნენ.

სხვათა შორის, მანუჩარმა იტალიის ჩემპიონატში ამ სეზონში 29 მატჩი ითამაშა და მწვრთნელმა მხოლოდ ორჯერ დააყენა სასტარტო ხუთეულში. მეორედ ეს მილანელებთან მეოთხე მატჩში გააკეთა. მარკოიშვილმა 20 წუთში 10 ქულა (5-5 ორქულიანი და სამიანი ისროლა და 2-2 ჩააგდო) და 4 მოხსნა მოაგროვა. "კანტუს" ბომბარდირი 17 ქულით მაიკ გრინი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული