ხელის გაწვდენაზე ოქროა

AutoSharing Option
სლოვენიის ფინალური სერიის დაწყებამდე გიორგი შერმადინმა აღნიშნა:

- მართალია, რეგულარულ ეტაპზე კრკა-მ გვაჯობა და ფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. შეგვიძლია მეტოქის დამარცხება როგორც საკუთარ ასევე მისსავე მოედანზე.

სერიის ორი მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. მესამე შეხვედრა კრკა-ს მოედანზე, ნოვო მესტოში გაიმართა და გიორგის სიტყვების სიმართლეშიც დავრწმუნდით: "ოლიმპიამ" შეხვედრა მეტად დამაჯერებლად ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა - 69:63. შესაბამისად, ოლიმპიელები 2:1 დაწინაურდნენ და ჩემპიონის მორიგ ტიტულსაც მიუახლოვდნენ. სერია სამ მოგებამდეა და ლიუბლიანელებს მომდევნო მატჩში, საკუთარი ქომაგის თვალწინ შეძლიათ
საჩემპიონო თასის აღმართვა. ეს შეხვედრა "ოლიმპიას" "შტოჟიცე არენაზე" 9 ივნისს გაიმართება.

მწვრთნელმა მირო ალილოვიჩმა ვლადიმერ ბოისა სასტარტო ხუთეულში დააყენა, თუმცა მხოლოდ 11 წუთი ათამაშა. ბოისამ მატჩი 3 მოხსნით დაასრულა (მეტოქის კალათის მიმართულებით ერთხელაც არ უსვრია). გიორგი შერმადინს 14 წუთი ერგო. ჩვეული ეფექტურობით ვერც ის გამოირჩა: 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 3 ორქულიანი ააცილა და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულში ნომინალური ცენტრი არ დააყენა, რითაც მიგვანიშნა, რომ აქცენტს სწრაფ თამაშსა და პერიმეტრზე აკეთებდა. ჩანაფიქრმა გაამართლა - ოლიმპიელებმა 10 სამქულიანი ჩააგდეს (17-დან), მაშინ როცა მასპინძლებმა 19-დან 4 სამიანი გამოიყენეს.

საოცარი სამქულიანი ჩააგდო სირენამდე 37 წამით ადრე კრკა-ს ფორვარდმა კრივეჩმა - შორეული ტყორცნის შემდეგ ბურთი რგოლს მოხვდა და ფარს ზემოთ ავარდა, იქიდან კი პირდაპირ კალათაში ჩაეშვა. ამ სამქულიანის წყალობით კრკა-მ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. საპასუხო შეტევაში "ოლიმპიას" ბურთი რომ არ ჩაეგდო, მასპინძლებს გამარჯვების რეალური შანსი უჩნდებოდათ, მაგრამ სირენამდე 26 წამით ადრე მოედნის კუთხიდან კენი გრეგორიმ ორქულიანი გამოიყენა, სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. საფინალო ანგარიშიც გრეგორიმ დააფიქსირა - 69:63.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული