როგორც წესი, ნახევარფინალს ფინალი მოსდევს. დღეს ფინალურ შეხვედრაზე მოგითხრობთ. წინასწარ გეტყვით, რომ "კანტუმ" "ვარეზეს" დამაჯერებლად მოუგო - 78:66. მარკოიშვილმა კი...
რამდენი ქულა ჩააგდო მანუმ? ყველაზე მეტად ქართველებს ეს გვაინტერესებს, თუმცა ორ სხვადასხვა საიტზე დამაბნეველი პასუხია: "კანტუს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მანუჩარის ანგარიშზე 2 ქულა წერია, "ვარეზენიუსში" კი - 13. სიტუაციაში გასარკვევად საჭირიოა მატჩის მიმოხილვის თავიდან ბოლოდე გადაკითხვა. "ვარეზენიუსში" გამოქვეყნებულ ფინალის განხილვაში ქართული გვარი არ გვხვდება. სამაგიეროდ,
"კანტუელებმა ფინალური მატჩი ეფექტურად დაიწყეს, 14:4 დაწინაურდნენ. ვარეზელთა ლიდერმა ჰარტმა სხვაობის შემცირება სცადა, თუმცა მარკოიშვილმა ამის უფლება არ მისცა და პირველი მეოთხედი "კანტუმ" 10 ქულით მოიგო - 21:11.
სტაბილური თამაშით ანდრეა ტრინჩიერის შეგირდები 30 წუთის განმავლობაში მცირე უპირატესობას ინარჩუნებდნენ, მეოთხე პერიოდის დასაწყისს 6-ქულიანი ფორით შეხვდნენ (56:50).
ასეთი სხვაობა "კანტუს" კალათბურთელებს დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. ამიტომაც, მანუჩარ მარკოიშვილმა მეოთხედის საწყის 3 წუთში 7 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელები 69:58 დააწინაურა. ამას მოჰყვა მაზარინოსა და იმავე მანუს სამქულიანები და ანგარიშში სხვაობამ 16 ქულა შეადგინა (74:58)..."
აქ ყველაფერი დასრულდა. როგორც ვთქვით, "კანტუმ" 78:66 იმარჯვა. მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ იოლი მისახვედრია, რომ მანუჩარი მატჩს 2 ქულით ვერ დაასრულებდა. მის ანგარიშზე 13 ქულა იყო. მაზარინომ 15 ქულა მიითვალა, ხოლო მიკოვმა - 17.
კანტუელები შაბათამდე მხოლოდ ვარჯიშით იქნებიან დაკავებულები, რადგან 1 ოქტომბერს საპასუხისმგებლო მატჩი ელით: იტალიის ჩემპიონ "მონტეპასკის" სუპერთასისთვის უნდა შეებნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"