რამდენს ჩააგდებდა მარკოიშვილი, ორს თუ ცამეტს?

AutoSharing Option
ვინც გუშინდელ ნომერში საკალათბურთო გვერდი წაიკითხა, ემახსოვრება, რომ მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ლომბარდიის თასის ნახევარფინალში "მონფერატო" დაამარცხა.

როგორც წესი, ნახევარფინალს ფინალი მოსდევს. დღეს ფინალურ შეხვედრაზე მოგითხრობთ. წინასწარ გეტყვით, რომ "კანტუმ" "ვარეზეს" დამაჯერებლად მოუგო - 78:66. მარკოიშვილმა კი...

რამდენი ქულა ჩააგდო მანუმ? ყველაზე მეტად ქართველებს ეს გვაინტერესებს, თუმცა ორ სხვადასხვა საიტზე დამაბნეველი პასუხია: "კანტუს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მანუჩარის ანგარიშზე 2 ქულა წერია, "ვარეზენიუსში" კი - 13. სიტუაციაში გასარკვევად საჭირიოა მატჩის მიმოხილვის თავიდან ბოლოდე გადაკითხვა. "ვარეზენიუსში" გამოქვეყნებულ ფინალის განხილვაში ქართული გვარი არ გვხვდება. სამაგიეროდ,
"კანტუს" საიტზე დაბეჭდილ მიმოხილვაში სამგანაა მარკოიშვილი ნახსენები. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით:

"კანტუელებმა ფინალური მატჩი ეფექტურად დაიწყეს, 14:4 დაწინაურდნენ. ვარეზელთა ლიდერმა ჰარტმა სხვაობის შემცირება სცადა, თუმცა მარკოიშვილმა ამის უფლება არ მისცა და პირველი მეოთხედი "კანტუმ" 10 ქულით მოიგო - 21:11.

სტაბილური თამაშით ანდრეა ტრინჩიერის შეგირდები 30 წუთის განმავლობაში მცირე უპირატესობას ინარჩუნებდნენ, მეოთხე პერიოდის დასაწყისს 6-ქულიანი ფორით შეხვდნენ (56:50).

ასეთი სხვაობა "კანტუს" კალათბურთელებს დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. ამიტომაც, მანუჩარ მარკოიშვილმა მეოთხედის საწყის 3 წუთში 7 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელები 69:58 დააწინაურა. ამას მოჰყვა მაზარინოსა და იმავე მანუს სამქულიანები და ანგარიშში სხვაობამ 16 ქულა შეადგინა (74:58)..."

აქ ყველაფერი დასრულდა. როგორც ვთქვით, "კანტუმ" 78:66 იმარჯვა. მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ იოლი მისახვედრია, რომ მანუჩარი მატჩს 2 ქულით ვერ დაასრულებდა. მის ანგარიშზე 13 ქულა იყო. მაზარინომ 15 ქულა მიითვალა, ხოლო მიკოვმა - 17.

კანტუელები შაბათამდე მხოლოდ ვარჯიშით იქნებიან დაკავებულები, რადგან 1 ოქტომბერს საპასუხისმგებლო მატჩი ელით: იტალიის ჩემპიონ "მონტეპასკის" სუპერთასისთვის უნდა შეებნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული