216 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა ცენტრმა 14 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა და თავის გუნდში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
შერმადინმა "კანტუსთან" დაახლოებით 10 დღის წინ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა გუნდში მისვლა მატჩის წინა დღემდე ვერ შეძლო. დეტალებზე თავად გიორგი გვესაუბრება, რომელსაც დღეს იტალიაში ტელეფონით დავუკავშირდით.
- გილოცავ წარმატებულ დებიუტს...
- დიდი მადლობა. მიხარია, რომ ჩემს ახალ გუნდს გამარჯვებაში
- იტალიაში ჩასვლა ცოტა დაგიგვიანდა...
- ვიზას ველოდებოდი და სანამ ავიღე, დრო გაიწელა. იტალიაში სამშაბათ გამთენიისას, დილის 3 საათზე ჩავედი.
- თამაში ოთხშაბათს გქონდათ და როგორ მოასწარი ან გუნდთან შეთამაშება, ან ძალების აღდგენა?
- საიმისოდ, რომ გუნდის სათამაშო ტაქტიკაში გავრკვეულიყავი, მწვრთნელმა დილის 10 საათზე სპეციალური ვარჯიში დანიშნა, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილი და კიდევ 3 მოთამაშე მონაწილეობდა. 9 საათამდე გამოძინება მოვასწარი და ვარჯიშზე მივედი, სადაც მწვრთნელმა სამ-ოთს კომბინაციაში გვავარჯიშა. ეს არის ის ძირითადი კომბინაციები, რომლებსაც ვეყრდნობით და თუკი ხვალიდნელ მატჩში მოედანზე შეხვალ, მინდა რომ ამათში გავარჯიშებული იყოო. ვეცადე, კარგად გავრკვეულიყავი კომბინაციებში და ეს გამომივიდა კიდეც. საღამოს ვარჯიშზე უკვე მთელი გუნდი შეიკრიბა და იქ კიდევ უფრო დავიხვეწე კომბინაციების დეტალები.
- ელოდებოდი, რომ მხოლოდ ორ ვარჯიშზე ნამყოფი მოედანზე გაგიყვანდნენ?
- არ მეგონა, რადგან იტალიაში ჩამოსვლამდეც არ მივარჯიშია სათანადოდ. საბერძნეთში ყოფნისას "პანათინაიკოსთან" არ მიწევდა ვარჯიში. მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადებოდი. ჩემი მენეჯერის, ლევან მიქელაძის დახმარებით რამდენიმე სათამაშო კომპონენტში ვვარჯიშობდი, რათა ფორმა შემენარჩუნებინა. მიხარია, რომ მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და გუნდში ახალმისული ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში მოედანზე გამიყვანა.
- თანაც საკმაოდ დაძაბულ ეპიზოდში. მატჩის ბოლო 12 წუთიდან 10 წუთი მოედანზე იყავი...
- პირველად მოედანზე საწყის მეოთხედში გავედი და 4-5 წუთი ვითამაშე. ალბათ მწვრთნელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ გადამწყვეტ მომენტშიც მეთამაშა და მიხარია, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- მანუჩარ მარკოიშვილის ფაქტორი ალბათ დიდია შენთვის...
- რა თქმა უნდა. მანუჩარი ყველაფერში მეხმარებოდა. მოედანზე მასთან ერთადაც ვიმყოფებოდი და მის გარეშეც. ერთ ეპიზოდში ბურთი მეტოქის ფარის ქვევიდან გამოგვქონდა. ამ დროს ისევე როგორც ყველა გუნდს, "კანტუსაც" ბურთის გამოტანის რაიმე კომბინაცია აქვს, რომელიც წინა დღის ვარჯიშზე არ უსწავლებიათ. მარკოიშვილმა ეს იცოდა და მოასწრო ორი სიტყვით აეხსნა ჩემი როლი ბურთის გამოტანისას, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ის შეტევა წარმატებულად დავაგვირგვინეთ. სხვათა შორის, ახლაც მანუჩართან ვარ სტუმრად და იმ სიტუაციაზე მესაუბრება, რაც "კანტუშია".
- რა რეაქცია მოჰყვა შენს თამაშს?
- მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ყველას ხელი ჩამოგვართვა, გარჯა შეგვიქო და გამარჯვება მოგვილოცა. გასახდელში იგი არ შემოსულა, ხოლო მეორე დღეს მხოლოდ ტრენაჟორებზე ვივარჯიშეთ და მწვრთნელი არ მინახავს. სატრენაჟოროში თანაგუნდელებმა წარმატებული დებიუტი მომილოცეს, ყველა გახარებული იყო და აღნიშნავდნენ, რომ ჩემი დამატებით გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
- პრესა თუ დაინტერესდა შენი "კანტუში" მისვლით?
- გაზეთის წარმომადგენლებმა ინტერვიუ ჩამომართვეს. ერთ-ერთი კითხვა იყო, რომ "კანტუში" გადასვლისას რამდენად დიდი იყო მანუჩარ მარკოიშვილის ფაქტორი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო მეთქი, ასე ვუპასუხე.
- ვინმესთან დაახლოვება თუ მოასწარი?
- არა, მანუჩარი აქ დამხვდა და ჯერჯერობით სხვებთან დამეგობრება ვერ მოვასწარი. ისე კი მინდა აღვნიშნო, რომ "კანტუ" ძალიან მეგობრული გუნდია. განსაკუთრებით მწვრთნელებს გამოვარჩევ, რომლებიც ისე ეპყრობიან მოთამაშეებს, როგორც საკუთარ შვილებს. ძალიან კარგი ატმოსფეროა და გახარებული ვარ, ამ გუნდში რომ მოვხვდი. დარწმუნებული ვარ, აქ არაერთ მეგობარს შევიძენ.
ჩემი კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა და უკვე ისეთი განწყობა მაქვს, რომ აქ დარჩენაზე ვფიქრობ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ მარკოიშვილთან ერთად "კანტუს" გამარჯვებების მიღწევაში დავეხმარო. ვიმედოვნებ, ევროლიგაში კარგად დაწყებულ საქმეს წარმატებულად გავაგრძელებთ და ისეთ შედეგს მივაღწევთ, ხელმძღვანელობას უკმაყოფილების საფუძველი რომ არ მივცეთ.
gbf.ge