თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ, რომლის "გალათასარაიმაც" მეორე ტურის შეხვედრაში შინ "ბანვიტი" 84:73 დაამარცხა. როგორც ჩანს, ქართველ ცენტრს ის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშისას, ლიტვაში მიიღო.
ფაჩულია მოედანზე მხოლოდ 3 წუთით გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში 1 ორქულიანის სროლა მოასწრო, რომელიც ააცილა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემა იყო. 22 ქულით სტამბოლელებს ჯოშუა შიპმა ულიდერა, დანარჩენ კალათბურთელთაგან კი ვერც ერთმა ვერ უწია ათქულიან ზღვარს.
"გალათასარაის" ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და თურქეთის ჩემპიონატში წინ
უდანაკარგოდ მიიწევს. მომდევნო მატჩს სტამბოლური გუნდი 30 ოქტომბერს, შინ "ქარშიაქასთან" გამართავს.
gbf.ge