- მართალია, პირველი პერიოდი წავაგეთ, მაგრამ მეორესა და მესამეში დამაჯერებლად ვითამაშეთ და სიტუაციასაც ვაკონტროლებდით. თუმცა ბოლო წუთებზე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, სროლა არ წაგვივიდა და 78:89 დავმარცხდით, - გვითხრა ლეჟავამ, რომელმაც კვიპროსის პირველობა 6 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით გახსნა.
- ამხანაგურ მატჩებშიც და ოფიციალურშიც ძირითადად მსროლელის პოზიციაზე მიწევს
"კერავნოსი" კვიპროსის ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. რადგან "აპოლონი" სტუმრად მის დამარცხებასთან ახლოს იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გუნდიც სერიოზულ მიზნებს ისახავს. ვარაუდი ბესიკ ლეჟავასთან გადავამოწმოთ:
- გასულ სეზონში "აპოლონი" მეოთხედფინალში დამარცხდა. მას მერე ხელმძღვანელობამ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა. თავად განსაჯეთ - გუნდში 10 ლეგიონერი ვართ. მიზნებიც გაიზარდა, კვიპროსის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. თუმცა ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან კუნძულზე ბევრი ძლიერი კლუბია.
მათ შორისაა "აპოელი", რომელთანაც ნიკა ჩხატარაშვილის "ენად"-მა სტუმრად 17-ქულიანი სხვაობით წააგო - 76:93. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 5 ქულით დაასრულა. სამწუხაროდ, კვიპროსში საკალათბურთო საიტები არცთუ გამართულად მუშაობენ და სრული სტატისტიკის მოპოვება ვერ ხერხდება.
მეორე ტურში (28 ოქტომბერს) "აპოლონი" ისვენებს, ხოლო ენადი ჩემპიონ ეთა-ს უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"