ბესიკ ლეჟავა: ჩემპიონობისთვის ვიბრძვით

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სტარტი აიღო კვიპროსის ჩემპიონატმა, რომელიც ამერიკელი კალათბურთელებითაა დახუნძლული. ოკეანის გაღმელებთან შედარებით ქართველთა რიცხვი უმნიშვნელოა, მაგრამ მთავარია, რომ ისინი თამაშობენ. პირველ ტურში ბესიკ ლეჟავას "აპოლონმა" სტუმრად "კერავნოსთან" ბოლოს დათმო.

- მართალია, პირველი პერიოდი წავაგეთ, მაგრამ მეორესა და მესამეში დამაჯერებლად ვითამაშეთ და სიტუაციასაც ვაკონტროლებდით. თუმცა ბოლო წუთებზე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, სროლა არ წაგვივიდა და 78:89 დავმარცხდით, - გვითხრა ლეჟავამ, რომელმაც კვიპროსის პირველობა 6 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით გახსნა.

- ამხანაგურ მატჩებშიც და ოფიციალურშიც ძირითადად მსროლელის პოზიციაზე მიწევს
თამაში, ზოგჯერ მესამე ნომრადაც, რადგან ამ ამპლუის ამერიკელი კალათბურთელი ტრავმირებულია. მეორე ნომრად ერთმანეთს მე და კვიპროსელი პანტურისი ვცვლით.

"კერავნოსი" კვიპროსის ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. რადგან "აპოლონი" სტუმრად მის დამარცხებასთან ახლოს იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გუნდიც სერიოზულ მიზნებს ისახავს. ვარაუდი ბესიკ ლეჟავასთან გადავამოწმოთ:

- გასულ სეზონში "აპოლონი" მეოთხედფინალში დამარცხდა. მას მერე ხელმძღვანელობამ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა. თავად განსაჯეთ - გუნდში 10 ლეგიონერი ვართ. მიზნებიც გაიზარდა, კვიპროსის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. თუმცა ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან კუნძულზე ბევრი ძლიერი კლუბია.

მათ შორისაა "აპოელი", რომელთანაც ნიკა ჩხატარაშვილის "ენად"-მა სტუმრად 17-ქულიანი სხვაობით წააგო - 76:93. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 5 ქულით დაასრულა. სამწუხაროდ, კვიპროსში საკალათბურთო საიტები არცთუ გამართულად მუშაობენ და სრული სტატისტიკის მოპოვება ვერ ხერხდება.

მეორე ტურში (28 ოქტომბერს) "აპოლონი" ისვენებს, ხოლო ენადი ჩემპიონ ეთა-ს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული