თორნიკე შენგელია: "ეფესთან" კინაღამ სკამი გავტეხე

AutoSharing Option
ეს ბიჭი NBA-ში მოხვდება, - მსგავსი ფრაზა არაერთ ქართველ მწვრთნელს უთქვამს. რაც უნდა დიდი პერსპექტივისა იყოს ახალგაზრდა, მასზე ასე თამამად ლაპარაკი გამართლებულად არ მიმაჩნია - NBA ხომ საკალათბურთო სამოთხეა, სადაც ერთეულები თუ ხვდებიან. იქ თამაშობ ბრაიანტის, პარკერის, ნოვიცკის, კირილენკოს წინააღმდეგ...

დღეს ამერიკული საკალათბურთო ბორბალი უკუღმა დატრიალდა და NBA-ში წასვლა აუცილებელი არ არის კირილენკოსთან, ფაჩულიასთან, პარკერთან, ილიასოვასთან დასაჭიდებლად - ლოკაუტის გამო ევროპელი ვარსკვლავები ძველ კონტინენტს დაუბრუნდნენ და ძირითადად ევროლიგის კლუბებში გადანაწილდნენ.

ქართველთათვის, საბედნიეროდ, NBA-ს ლოკაუტს ევროლიგაზე ქართული ლეგიონის ზრდა დაემთხვა და
ჩვენი ნაკრების წევრებს საშუალება აქვთ ვარსკვლავებთან ჭიდილში გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები. თორნიკე შენგელიას "შარლერუა" ევროლიგაზე შესარჩევი ტურიდან მოხვდა, ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი მადრიდის "რეალთან" ითამაშა, მეორე - სტამბოლის "ეფესთან".

"შარლერუა" ესპანელებთან შინ დამარცხდა, ხოლო თურქეთში ტურის სენსაციით გამოიჩინა თავი - 80:79.

ქართველი ორივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იყო, მადრიდთან 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო "ეფესთან" - 8-8 ქულა-მოხსნა (5 ფოლის გამო გუნდს ბოლო წუთზე ვერ დაეხმარა). ბელგიური კლუბის საიტზე თურქული შეხვედრის MVP-ად სწორედ შენგელიაა დასახელებული, რადგან მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო - 16.

ევროლიგაზე ყველა გუნდში ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი და რატომ იყო "შარლერუას" "ეფესთან" გამარჯვება სენსაცია? - იკითხავს მავანი. აი, რატომ: ვლადო ილიევსკი, ტერენს კინსი, ქერიმ თუნჩერი, ესტებან ბატისტა, საშა ვუიაჩიჩი, დუშკო სავანოვიჩი, სტანკო ბარაჩი, ერსან ილიასოვა... ეს გვარები კალათბურთის გულშემატკივარს ბევრს უნდა ეუბნებოდეს. არაერთ მათგანს უთამაშია NBA-ში.

"შარლერუას" შემადგენლობიდან კი სამად სამი კალათბურთელია, ვისაც ევროლიგაზე აქამდე სხვა კლუბის შემადგენლობაში უასპარეზია - დემონდ მალეს, ჯასტინ ჰემილტონსა და ჟირი ველშს, რომელსაც NBA აქვს მოვლილი. დანარჩენები ნელ-ნელა აგროვებენ საევროლიგო გამოცდილებას. მათ შორის 20 წლის მე-20 ნომერი თორნიკე შენგელია.

სწორედ მას ვკითხეთ, რა ხერხი გამოიყენა მთავარმა მწვრთნელმა "ეფესის" დასამარცხებლად?

- წარმატებას ერთი მიზეზი ჰქონდა - გუნდური თამაში. ამ კომპონენტში მეტოქეს ვაჯობეთ და თავიდანვე მოვიპოვეთ უპირატესობა. ეს ანგარიშზეც აისახა. იყო ეპიზოდები, როცა შეტევაში გაგვიჭირდა, თუმცა მანამდე მოგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეტოქისთვის გადასწრების უფლება არ მიგვეცა.

- ეფესელებმა ბოლოს მაინც მოახერხეს დაწევა...
- მეოთხე პერიოდში სიტუაცია მეტად დაიძაბა, ამას მატჩის რამდენიმე წუთით შეჩერებაც მოჰყვა: სირენამდე დაახლოებით 38 წამი რჩებოდა, როცა ჰემილტონმა ორქულიანი ჩააგდო. ტაბლოზე ეს არ აისახა - ბურთი კალათში რომ ჩაეშვა 24 წამი გასული იყოო. არადა, ასე არ ყოფილა. სწორედ ამის გამორკვევას დასჭირდა დიდი დრო და ჩვენც ლოდინი მოგვიწია.

საბოლოოდ ყველაფერი სამართლიანად გადაწყდა, 2 ქულა ჩაგვითვალეს და 78:76 დავწინაურდით. დარჩენილ დროში კიდევ ორი საჯარიმო გამოვიყენეთ და ბოლო წამზე კინსის მიერ ჩვენს კალათში ჩაგდებულმა სამქულიანმა შეხვედრის ბედზე გავლენა ვეღარ მოახდინა, მინიმალური სხვაობით გვიმარჯვეთ.

- მეხუთე ჯარიმა რომელ წუთზე მიიღე?
- საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე. მწვრთნელს გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლო წუთებში მოედანზე დავეტოვებინე, ამიტომ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შემიყვანა. ჩვენს ორივე ცენტრს 5-5 ფოლი ჰქონდათ მიღებული (ანდრე რედიკსა და კრისტოფ ბეგინს) ამიტომ წინა ხაზში მე და კალებ გრინი ვიდექით, თუმცა არ დამცალდა - მეც მეხუთედ დავჯარიმდი.

- ასეთ დროს სკამზე დაჯდომა ძნელი საქმეა...
- ვერ წარმოიდგენთ, როგორი ემოციებით ვადევნებდით თვალს ბოლო წუთს, კინაღამ სკამი დავამტვრიე. საბედნიეროდ, გადამწყვეტ მომენტში ჩვენმა გუნდმა უკეთესად ითამაშა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

- "ეფესის" წინ კიდევ უფრო რთული მატჩი გქონდათ - ბელგიაში მადრიდის "რეალთან" დამარცხდით.
- მადრიდელებმა კარგად ითამაშეს, მათი განეიტრალება ვერ მოვახერხეთ - ფარქვეშ გადავიტანდით ყურადღებას, პერიმეტრიდან აგროვებდნნ ქულებს, პერიმეტრს გადავკეტავდით - სამწამიანი ზონიდან აგდებდნენ.

- იმ შეხვედრაში ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დაგაკლდა (11 ქულა, 9 მოხსნა)...
- თამაშის შემდეგ ოქმში რომ ჩავიხედე, გული კი დამწყდა, ერთიც გადავმხტარიყავი-მეთქი, მაგრამ მატჩის მსვლელობისას სტატისტიკაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ყველგან ბოლომდე ვიბრძოდი. საერთოდ, საკუთარ სტატისტიკაზე მაღლა გუნდის წარმატებას ვაყენებ.

- მაინც რით შეიძლება "შარლერუა" ევროლიგის სხვა გუნდებისგან გამოვარჩიოთ?
- დასაწყისშიც ვახსენე გუნდური თამაში. ეს ერთი ხელის მოსმით არ მოსულა - შემადგენლობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ვფიქრობ ევროლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი ჩვენ გვყავს. მწვრთნელი ამბობს: თუ მოწინააღმდეგემ თავისი საუკეთესო თამაში არ უჩვენა, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლიაო.

- გუნდის ლიდერებიც გაგვაცანი.
- ველში გამოცდილი კალათბურთელია. მას და მალეტს ესპანეთის ჩემპიონატში არაერთი სეზონი ჩაუტარებიათ. ჰემილტონი და კალებ გრინი საიმედო და სტაბილური მოთამაშეები არიან. სროლაც არ დაეწუნებათ.

- ბოლოს ბელგიის ჩემპიონატზე გკითხავ. ტურნირის ფავორიტები ხართ, თუმცა ბოლო ტურში შინ "აალტსართან" დამარცხდით. რა იყო ამის მიზეზი?
- კონკრეტული მიზეზის დასახელება მიჭირს, თუმცა მატჩის ბოლოს ერთმა ჩავარდნამ ჩვენი მარცხი გამოიწვია. საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში წინ ვიყავით, სხვაობა 10 ქულასაც სცდებოდა და ლოგიკურად, უპირატესობა ბოლომდე უნდა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ერთ ეპიზოდში შეტევაში გაგვიჭირდა, მეტოქემ კი ჩვენი კალათისკენ გზა გაიკვლია და გაგვასწრო. სამწუხაროდ, ეს ეპიზოდი ბოლო წუთებს დაემთხვა და ბელგიის პირველობაზე პირველი მარცხი ვიწვნიეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული