წინასწარ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ სარდინიაში სტუმრები გაიმარჯვებდნენ, რადგან ნიკა მეტრეველის "დინამო სისარი" ჩემპიონობის მაძიებელ "მილანს" დაუხვდა.
თუ სარდინიაში სენსაცია არ მოხდა, კანტუში ბევრისთვის მოულოდნელად მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის გუნდმა "სკავოლინისთან" დათმო.
ტარელი თუ ტარიელი?
თამამად შეიძლება ითქვას, წლეულს სამმა ქართველმა "კრემონა" "დაიმონა" - სერია A-ს პირველ ტურში მარკოიშვილის "კანტუმ" კრემონელებს 72:60 აჯობა, მესამე ტურში მეტრეველის "დინამომ" - 92:89, მეოთხე ტურში კი სანიკიძის "ვირტუსმა" -
ისევე როგორც წინა შემთხვევებში, "კრემონას" ძლევაში ჩვენიანმა ამჯერადაც დიდი წვლილი შეიტანა. ამაში მატჩის მსვლელობის გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით.
ვიქტორ სანიკიძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მისი დიდი წვლილი (7 ქულა, 5 მოხსნა) იყო პირველი ტაიმის შემდეგ "ვირტუსის" 41:30 დაწინაურებაში.
ბოლონიელებმა მეოთხე რაუნდის დასაწყისში სხვაობა 18 ქულამდე გაზარდეს და დამშვიდდნენ. საპასუხოდ გამოიღვიძა "კრემონამ", რომელსაც ვონ ვეიფერი გაუძღვა და მატჩის ბოლოსწინა წუთზე დაეწია კიდეც - 73:73.
ბოლო წუთზე ვიქტორ სანიკიძემ მეტოქეებს ორი ჯარიმა დასტყუა, ოთხი თავისუფალი ტყორცნა შეასრულა, 2 ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა (75:75). ამას მოჰყვა მისი თანაგუნდელი ჯარედ ჰოუმანის ორი ზუსტი საჯარიმო, თუმცა "კრემონას" ბელგიელმა უკანახაზელმა ჯონათან ტაბუმ თანაგუნდელები გამარჯვებასთან დაახლოვა - სამქულიანით მისი გუნდის სასარგებლოდ 78:77 დააფიქსირა. "ვირტუსის" ბოლო იერიშის დასრულება ევროლიგაზე გამოცდილმა ტარელ მაკინტაერმა ითავა და მომგებიანი სამქულიანი ჩააგდო - 80:78 "ვირტუსის" სასარგებლოდ.
ეს გახლდათ ბოლონიური კლუბის მეორე გამარჯვება. შედეგად მან სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე აინაცვლა.
ვიქტორ სანიკიძის მონაგარი ზემოთ უკვე გაგაცანით, აქ მხოლოდ მის სიზუსტეს გავუსვამთ ხაზს: 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 4-დან 2 საჯარიმო. ორმაგი დუბლი შეასრულა და ტურის საუკეთესოდ დასახელდა ვიქტორის თანაგუნდელი ჯარედ ჰოუმანი - 18 ქულა, 12 მოხსნა.
იტალიის ჩემპიონატი
ვირტუსი-კრემონა 80:78
ვიქტორ სანიკიძე (ვირტუსი): 28 წუთი, 11 ქულა, 9 მოხსნა.
ლოგიკას აცდენილი
"სკავოლინისთან" მატჩის მეორე პერიოდის ბოლოს და მესამის დასაწყისში მარკოიშვილმა ორ ორქულიანს ამდენივე სამიანი მიაყოლა და "კანტუს" უპირატესობას სოლიდური სახე მისცა - 40:27. როგორც წესი, კანტუელებს, ასეთი სხვაობის შენარჩუნება არ უჭირთ, რადგან სტაბილურობით გამოირჩევიან. თუმცა ამჯერად მოვლენები ლოგიკას ასცდა - მეოთხე პერიოდის დასაწყისში "სკავოლინიმ" 6:0 გაქცვით 2-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და მას მერე მასპინძელთათვის გადასწრების უფლება არ მიუცია. ეს გახლდათ "კანტუს" პირველი მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში (3 მოგება და 1 წაგება).
სიზუსტით მარკოიშვილიც გამოირჩა: 4 ორქულიანიდან, 3 სამიანიდან და 2 საჯარიმოდან 2-2 გამოიყენა და ვლადიმირ მიკოვთან ერთად "კანტუს" ბომბარდირი გახდა - 12 ქულა.
შერმადინმა ორი ქულა ორი საჯარიმოს რეალიზების შედეგად ჩაიწერა.
"კანტუ"-"სკავოლინი" 66:71
მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ): 18 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა.
გიორგი შერმადინი (კანტუ): 7 წუთი, 2 ქულა, 2 დაფარება.
დიდ კაცთან
"მილანი" "დინამო სისარისთან" პირველივე ტაიმში 21:6 დაწინაურდა და...
მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა 17 წუთში 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა და 6 ქულა მოუგროვდა. მატჩის ბომბარდირობა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ქუინტონ ჰოსლიმ იკისრა - 20 ქულას მოუყარა თავი. მილანელთაგან კი მალიკ ჰეარსტონი გამოირჩა - 17.
სისარელებს "ვირტუსის" მსგავსად 2-2 მოგება-წაგება აქვთ.
მომდევნო ტური 6 ნოემბერს გაიმართება. "კანტუ" მარკოიშვილის ყოფილ კლუბ "ბენეტონს" ეწვევა, "დინამო-სისარი" - "აველინოს", ხოლო "ვირტუსი" - "ტერამოს".
"სისარი"-"მილანი" 60:88
ნიკა მეტრეველი (სისარი): 17 წუთი, 6 ქულა, 1 მოხსნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"