შერმადინმა "ოლიმპიაკოსი" ადგილზე გაყინა

AutoSharing Option
"ლელოს" გუშინდელ ნომერში მოგითხრეთ როგორ მოაგებინეს ქართველებმა "კანტუს" ევროლიგაზე პირეოსის "ოლიმპიაკოსთან". დღეს მოგახსენებთ, რა გამოხმაურება მოჰყვა გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის გუნდის გამარჯვებას. რეზონანსი მართლაც დიდი იყო, შერმადინის გვარი არაერთი იტალიური სპორტული გამოცემის სათაურში მოხვდა, მიმოხილვას ყველა ქართული გვარით იწყებდა, ისე როგორც კარლო პეროტი გაზეთ "ვორდპრესში":

"გიორგი შერმადინმა (8 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება) "კანტუს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა და ევროლიგის ტოპ-16 მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა. "პანათინაიკოსიდან" გადმოსულმა ქართულმა "ფლამინგომ" საფინალო საყვირამდე 7 წამით ადრე ერთი ჯარიმა ჩააგდო და "კანტუ" 64:63
დააწინაურა. გიორგიმ მეორე საჯარიმო ააცილა, ბურთი ოლიმპიაკოსელმა კაილ ჰაინსმა მოხსნა და იტალიელთა კალათისკენ ხარივით გახელებული გაქანდა, თუმცა დიდი G (გიორგი - ვ.ს.) ტორეადორივით დააცხრა და ეფექტური დაფარებით დარბაზში შეკრებილ გულშემატკივარს დიდი სიხარული მიანიჭა."

გადამწყვეტი ეპიზოდის გახსენება ვთხოვეთ გიორგი შერმადინს, რომელსაც გუშინ იტალიაში დავუკავშირდით.

- ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთულია საჯარიმოს ხაზზე დადგომა მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე. თან, თანაბარ ანგარიშზე, საშინაო მატჩში, სავსე ტრიბუნების წინაშე. თუმცა, წამიერად ყველა წინააღმდეგობა დავძლიე და პირველი ტყორცნის შემდეგ ბურთი კალათში ჩაეშვა...

თუმცა ეს გამარჯვებას არ ნიშნავდა, რადგან "ოლიმპიაკოსს" შეტევისთვის 7 წამი რჩებოდა.

- მეორე ტყორცნა რომ ავაცილე, ჰაინსი, თვალის დახამხამებაში გადავიდა ჩვენს ნახევარზე, მეც გავეკიდე, მეგონა თანაგუნდელს პასს მისცემდა, მაგრამ თავად სცადა გამარჯვების ბურთის ჩაგდება. საბედნიეროდ, იმ მომენტში მე და მარკოიშვილი საჭირო ადგილას აღმოვჩნდით და "ოლიმპიაკოსს" მოგება არ დავანებეთ, - ეს ეპიზოდი გიორგი შერმადინის "ტკბილ მოგონებებში" სამუდამოდ დაიდებს ადგილს.

გაყინული ოლიმპიაკოსი

ახლა იტალიური პრესა გადავფურცლოთ. "კორიერე დელო სპორტში" ასეთი სათაური გვხვდება: "შერმადინის დიდებული ფინალი, "კანტუმ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა".

"ილპანორალოს" სათაურშიც ჩვენთვის ნაცნობი გვარია: "შერმადინმა "ოლიმპიაკოსი" ადგილზე გაყინა, "კანტუ" აფრინდა". მიმოხილვაში გიორგის გვარის გასწვრივ "მოკრძალებული" ეპითეტი გვხვდება: "მატჩის გმირი".

"ლა რეპუბლიკა"
: "შერმადინმა "ოლიმპიაკოსი" შინ გაუშვა!" სათაურის ქვემოთ საინტერესოდაა ახსნილი ოქროს დაფარების ეპიზოდი:
"ჰაინსი მაღალი სისწრაფით დაიძრა მასპინძელთა კალათისკენ, თუმცა მას არ ჩამორჩა მანუჩარ მარკოიშვილი. ქართველმა ბერძენთა ლეგიონერი სათანადოდ შეაფერხა. ამასობაში მატარებელივით ჩამოიქროლა შერმადინმა, დაუფარა და "კანტუს" ფანტასტიკური გამარჯვება მოაპოვებინა".

გადამწყვეტ მომენტში მანუჩარმაც დამაჯერებლად ითამაშა. სირენამდე 3 წუთით ადრე ჩვეულად აიწია და თანაგუნდელები 59:57 დააწინაურა. საბოლოოდ მანაც 8 ქულა მიითვალა.

ტოპ-ბილეთი
ბოლოს და ბოლოს, "კანტუს" მთავარმა მწვრთნელმა კომენტარში კონკრეტულ კალათბურთელებზე ილაპარაკა:
- "ბენეტონთან" საკვირაო წაგების შემდეგ დიდი შრომა გავწიეთ და მოხარული ვარ, რომ ლეუნენმა, მარკოიშვილმა და მაზარინომ შესანიშნავად ითამაშეს. გამოცდილმა მეფარე მარკონატომ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მაღალ კლასში. სპანულისმა ბოლოს წარმოუდგენელი სამქულიანი ჩაგვიგდო, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდში ყველაფერი სწორად გავაკეთეთ (ეს მიმდინარე სეზონში პირველად მოვახერხეთ)... ბოლოს კი "დიდი G-ს" გარჯა ტოპ-16-ის ბილეთის ტოლფასი იყო".

მართალია, "კანტუს" ევროლიგის მეორე ეტაპის საგზური ჯერ არ მოუპოვებია, მაგრამ მიზნის მიღწევამდე ბევრი აღარ უკლია: 4 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და ექვსგუნდიან ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო ეტაპზე ოთხი კლუბი გადის. დარჩენილია ექვსი მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული