ქართველთა აღიარება: სანიკიძე - №2 იტალიაში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში თითქმის ორი ორმაგი ქართული დუბლი ვიხილეთ: ვიქტორ სანიკიძემ 14 ქულას 12 მოხსნა შეჰმატა, ხოლო გიორგი შერმადინს მესამე პერიოდის შემდეგ 9 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, იმდენად შედეგიანად ირჯებოდა, რომ მეოთხე ათწუთეულში ნამდვილად გადალახავდა 10-ქულიან ბარიერს, მაგრამ მწვრთნელმა იგი ბოლო პერიოდში დაასვენა.

ვირტუსი-ვარეზე 74:63

ვიქტორ სანიკიძე (ვირტუსი): 32 წუთი, 14 ქულა (6/3 ორქულიანი, 2/0 სამიანი, 10/8 საჯარიმო), 12 მოხსნა, 1 პასი.

"ვირტუსს" "ვარეზესთან" მატჩამდე ხუთ ტურში მხოლოდ ორჯერ ჰქონდა მოგებული და საშინაო გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ისევე როგორც შარშან,
წლეულსაც "ვირტუსის" ყველა მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიქტორ სანიკიძის სახელთანაა დაკავშირებული.

გადამეტებულს არაფერს ვამბობთ - სანიკიძე მარგი ქმედების კოეფიციენტის (28) მიხედვით ტურში მეორე იყო. ტურის საუკეთესო კალათბურთელად "ევრობასკეტის" საიტზე ჯეფ ადრიენი (15 ქულა 13 მოხსნა) იყო დასახელებული, რომლის "ბენეტონმა" "ნოვაპიუ" 72:71 დაამარცხა.

ამავე საიტზე ადრიენის შემდეგ ვიქტორზეა ლაპარაკი: "ტურის მეორე კალათბურთელი სანიკიძე იყო. იგი "ვირტუსში" მესამე სეზონს ატარებს და გუნდის ლიდერია. ბოლო მატჩში მან შთამბეჭდავი "დაბლ-დაბლი" გაიფორმა - 14 ქულა, 12 მოხსნა. სწორედ სანიკიძის დახმარებით "ვირტუსმა" სატურნირო ცხრილის ზედა კვარტეტში მყოფი "ვარეზე" 74:63 დაამარცხა და სეზონში მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

შესაბამისად ცხრილში მის წინ მყოფ კლუბებთან დისტანცია შეამცირა ("ვირტუსი" მე-11 ადგილზეა). სანიკიძე ბოლონიელთა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელია და სტაბილური მოთამაშის რეპუტაცია აქვს."


კანტუ-აველინო 90:55
მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ): 24 წუთი, 8 ქულა (5/2 ორქულიანი, 3/1 სამიანი, 2/1 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 დაფარება.
გიორგი შერმადინი (კანტუ): 24 წუთი, 9 ქულა (8/3 ორქულიანი, 3/3 საჯარიმო), 11 მოხსნა, 2 დაფარება.

გავეცნოთ გამოცემა "ოლ რაუნდში" გამოქვეყნებული "კანტუ"-"აველინოს" მატჩის მიმოხილვის რამდენიმე ამონარიდს: "კანტუელებმა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, განსაკუთრებით დაცვაში გამოირჩეოდნენ. მწვრთნელმა თავიდანვე გამოიყენა ორი მთავარი დაცვითი იარაღი: ნიკოლას მაზარინო და მანუჩარ მარკოიშვილი.

მანუჩარმა სნაიპერული თვისებები მესამე პერიოდის ბოლოსაც გამოავლინა და სამქულიანით "კანტუს" უპირატესობას სოლიდური სახე მისცა - 58:36.

ფარქვეშ მარკო სჩეკიჩი და კანტუელი ქომაგის ახალი კერპი გიორგი შერმადინი დომინირებდნენ.

"კანტუმ" "აველინოს" მწარე მარცხი აგემა (55:90) და მოგება-წაგებათა რაოდენობით გაუთანაბრდა - 4 გამარჯვება, 2 მარცხი."

უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდში მწვრთნელმა ანდრეა ტრინჩიერიმ გიორგი შერმადინი ერთი მიზეზით დაასვენა - ქართველი ევროლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის შემოინახა. 16 ნოემბერს ხომ "კანტუ" თურქულ "ფენერბაჰჩე-ულქერს" ესტუმრება.

იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ნიკა მეტრეველის "დინამო-სისარი" ისვენებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული