გრინმა და ჰეინსმა ყუბანი დაარბიეს

AutoSharing Option
სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელებზე უნდა მოგითხროთ. მათ ევროთასზე ეფექტურად ითამაშეს, თუმცა მანამდე "ბეშიქთაში"-"არმიას" მატჩს დავუბრუნდეთ, რომლის შემდეგაც სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად თურქები გალიდერდნენ.

სასწაული არ მოხდა და სტამბოლში ვერ მოვიგეთ, დერონ უილიამსის წინამძღოლობით "ბეშიქთაშმა" 103:82 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ მეტოქის მთავარმა მწვრთველმა ერგინ ატამანმა თქვა:

- მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. ყველამ დაინახა, რაოდენ დიდი დახმარება გაგვიწია დერონ უილიამსმა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. მომდევნო მატჩებში მეტი მობილიზება გვმართებს.

ჯგუფის მეორე მატჩი გაცილებით გვიან დასრულდა. ამიტომაც გუშინდელ
ნომერში ვერ შემოგთავაზეთ სატურნირო ცხრილი. ბევრისთვის მოულოდნელად ჰოლანდიურმა "ლეიდენმა" გერმანიაში "გოტინგენი" დაამარცხა. მართალია, 80:71 დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ ნიდერლანდელები პირველ პერიოდში მოპოვებულ 10-ქულიან უპირატესობას მატჩის ბოლომდე მოუფრთხილდნენ. ბომბარდირობა სტუმარმა გაბრიელ კენედიმ იკისრა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო. ორი მატჩის მიხედვით იგი "ლეიდენის" მთავარი მექულეა (საშუალოდ 16 ბალი). ამიტომ, მომავალ სამშაბათს "არმიელთა" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ გაბრიელის განეიტრალება იქნება.

აქვე გეტყვით, რომ "არმია"-"ლეიდენის" მატჩი 22 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება. პარალელურად "ბეშიქთაში" "გოტინგენს" მიიღებს. ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის.

ევროჩელენჯის სხვა მატჩებიდან თურქეთში გამართულ დაპირისპირებას გამოვარჩევთ - "კარშიაკამ" შინ 103:105 წააგო "მინსკთან", რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე "სოხუმს" ორი მატჩის ჯამში აჯობა.

B ჯგუფი

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბეშიქთაში 2 2 0 189/140 4
2. არმია 2 1 1 164/179 3
3. ლეიდენი 2 1 1 138/157 3
4. გოტინგენი 2 0 2 147/162 2

***
ტორინ გრინისა და მარკიზ ჰეინსის "გრან კანარიას" ევროთასზე სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ევროლიგაზე გამოცდილი ვარსკვლავებით გავსებული ყუბანის "ლოკომოტივი". თუმცა მესამე პერიოდის ბოლოდან ჰეინსის სამქულიანს გრინმა საჯარიმოები მიამატა და კანარელები 63:59 დააწინაურა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს მატჩის გადამწყვეტი მომენტი იყო - მას მერე ესპანელებს რუსებისთვის თამაშის შემოტრიალების უფლება აღარ მიუციათ. "კანარიამ" 84:76 იძალა.

მასპინძელთა სნაიპერი ტორინ გრინი გახდა, ვიცე-ბომბარდირი მარკიზ ჰეინსი. აი, რა გააკეთა გრინმა 26 წუთში: 18 ქულა, 3 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. ჰეინსმა კი 19 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოიპოვა.

საყურადღებოა, რომ "გრან კანარიას" მიერ რეალიზებული 12 სამქულიანიდან 7 გრინი-ჰეინსის დუეტის ანგარიშზე იყო. ტორინმა 7-დან 4 შორეული ტყორცნა გამოიყენა, მარკიზმა 6-დან 3.

ამავე ჯგუფში თურქულმა "ბანვიტმა" გერმანული "სკაილაინერსი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა (73:72). ცხრილსაც სათავეში თურქული და ესპანური გუნდები ჩაუდგნენ. მეორე ტურში "გრან კანარია" გერმანიაში "სკაილაინერსის" წინაშე წარსდგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული