ქართველების "კანტუმ" "სიენას" ვერ აჯობა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-IX ტურის ბოლო, ცენტრალურ მატჩში, მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" სტუმრად ლიდერ "სიენას" შეხვდა და ძლიერი მეტოქის დამარცხება ვერც ამჯერად მოახერხა.

სიენელები ბოლო წლებთან შედარებით დასუსტდნენ, მიმდინარე სეზონში უკვე 2 შეხვედრა წააგეს, თუმცა არც ისე დაცემულან, რომ შინაურ მატჩებში ვერ იყოჩაღონ. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და საბოლოოდ კომფორტული გამარჯვებაც მოიპოვეს - 73:64.

ქართველი კალათბურთელები სასტარტო ხუთეულში არ ყოფილან. მარკოიშვილმა 17 წუთი ითამაშა და 9 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება
მოაგროვა. მანუჩარმა ერთნაირი წარმატებით ისროლა ორ და სამქულიანი სროლები: 4-დან 1, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 6 ცდიდან 4-ჯერ იხეირა.

შერმადინი ოდნავ მოკრძალებული იყო: მან 15 წუთში 4 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. გიორგის თამაშიდან არ შეუტევია სიენელთა კალათისთვის, მან ოთხივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან ასპროცენტიანი სიზუსტით მოიპოვა.

მატჩში საუკეთესო შედეგი სიენელ დევიდ ანდერსენს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმაც 29-ს უწია. ეს მაჩვენებელი მარკოიშვილს 6 ჰქონდა, ხოლო შერმადინს - 5.

"კანტუ", რომელიც გასული წლის ფინალისტია, ამჟამად 5 მოგებითა და 4 წაგებით ცხრილში მე-8 ადგილზეა. აქვე ვთქვათ, რომ სანიკიძის "კანადიან სოლარი" 5 მოგებითა და 3 მარცხით ცხრილის მე-5 საფეხურზეა. მომდევნო ტურში, 11 დეკემბერს, "კანტუ" "ტერამოს" უმასპინძლებს, "კანადიან სოლარი" სტუმრად "ბიელას" გაეჯიბრება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული