რატომ ერგო ასეთი პატივი? უმთავრეს საკალათბურთო საიტ "ევრობასკეტზე" წერია: "25 წლის ვიქტორ სანიკიძემ ბოლო ტურში შესანიშნავად ითამაშა და კვირის მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა. მის ანგარიშზე ორმაგი დუბლი (27 ქულა და 16 მოხსნა) და შთამბეჭდავი მარგი ქმედების კოეფიციენტია - 42. ქართველი ფორვარდი "ვირტუსს" "დინამო სასარის" ძლევაში დაეხმარა (85:80) და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლა.
სარდინიელებთან ვიქტორმა ორქულიანები 88.9-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა. იგი ლიგაშიც გამორჩეულია: საშუალოდ 9.9 მოხსნა აქვს და
ვიქტორის გვარი არაერთი იტალიური გაზეთის სათაურში მოხვდა, ტურის მიმოხილვები კი ქართველზე ლაპარაკით იწყება. ვფიქრობთ, რამდენიმე ამონარიდი ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.
"სუპერ-სანიკიძე, "ვირტუსმა" "სასარი დაამარცხა", - ასეთი სათაური გვხვდება გაზეთ "ილ რესტო დელ კარლინოში". ქვემოთ ვკითხულობთ: "ბოლონიურმა კლუბმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ეს უმთავრესად ვიქტორ სანიკიძის დამსახურებაა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს NBA-სკენ."
სარდინიულ გაზეთ "უნიონე სარდაში" ერთი აბზაცი ვიქტორს ეძღვნება: "ჩვენს კალათბურთელებს ძალიან გაუჭირდათ სანიკიძის შეჩერება, რომელიც სადღეისოდ ლიგის საუკეთესო კალათბურთელია. მას შეუძლია თამაშის რიტმის კარგად კონტროლი, გადამწყვეტ მომენტში გუნდის სათანადოდ დახმარება, ხოლო მოხსნებში ერთ-ერთი დომინანტია. სწორედ მისი დამსახურებაა "ვირტუსმა" მოხსნებში 49:29 რომ გვაჯობა."
გამოცემა "ოლრაუნდში" გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია: "შავ-თეთრებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად რომ მოიგეს ვიქტორ სანიკიძის დამსახურებაა, რომელიც ყველას თავსზემოთ დაფრინავდა.
MVP: მხოლოდ სტატისტიკასაც რომ გადახედოთ, ეჭვი არ გაგიჩნდებათ ვიქტორ სანიკიძის საუკეთესოობაში. იგი არავის არაფერს უთმობდა როგორც ერთ, ასევე მეორე ფარზე. ამასთან, პერიმეტრიდანაც ზუსტად ისროდა. ამიტომაც ავიდა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 42-ზე, რაც იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ სანიკიძის პირადი რეკორდია."
კვლავ სიენა
კვირას ყველაზე გვიან სიენური მატჩი დაიწყო. "მონტეპასკიმ" "კანტუს" უმასპინძლა. ეს გუნდები შარშანდელ პირველობაზე ფინალში თამაშობდნენ, თუმცა საბოლოოდ კანტუელებს სიენელთა შესაჩერებლად გამოცდილება არ ეყოთ. ასე მოხდა კვირასაც - "მონტეპასკიმ" 73:64 გაიმარჯვა.
სიენელთა ოფიციალურ საიტზე წერია - მესამე პერიოდში მასპინძლებმა სხვაობა კიდევ უფრო რომ ვერ გაზარდეს მანუჩარ მარკოიშვილის ბრალი იყოო. მანუმ 17 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
გიორგი შერმადინმა 15 წუთი ითამაშა, 4 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა. 216 სმ სიმაღლის ქართველს მეტი დროც ერგებოდა ხუთი ჯარიმა რომ არ მიეღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი"ლელო"